ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანს სურს, ევროპულ ბაზარს ელექტროენერგიაც მიაწოდოს, რისი ერთადერთი მარშრუტი საქართველოსა და თურქეთზე გადის
By

ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანს სურს, ევროპულ ბაზარს ელექტროენერგიაც მიაწოდოს, რისი ერთადერთი მარშრუტი საქართველოსა და თურქეთზე გადის

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქოს სურს, რომ ელექტროენერგია ევროპულ ბაზრებს მიაწოდოს და დღეს ერთადერთი არსებული მარშრუტი საქართველოსა და თურქეთზე გადის.  ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. როგორც ალიევმა აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, აზერბაიჯანი ევროპას ნავთობსა და გაზს უკვე აწვდის, შესაბამისად, ბაქოს ელექტროენერგიის მიწოდების სურვილიც აქვს.

„ჩვენს რეგიონში არ არსებობს სხვა ქვეყანა, რომელიც ენერგორესურსებით ისე სრულად იყოს უზრუნველყოფილი, როგორც აზერბაიჯანი, იქნება ეს ნავთობი და გაზი თუ ელექტროენერგია. მეზობელ ქვეყნებში ჩვენი საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებით, ამავდროულად, ევროპულ ბაზარზეც მივიღებთ წვდომას. ჩვენ უკვე მივაწოდეთ ევროპას ნავთობი და გაზი, თუმცა გვინდა, ევროპულ ბაზარს ელექტროენერგიაც მივაწოდოთ. დღეს ერთადერთი არსებული მარშრუტი საქართველოსა და თურქეთის გავლით, მიდის ევროპისკენ. ეს შესაძლებლობები უნდა გავაფართოოთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის ენერგეტიკული კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება უკვე მზად არის, თუმცა მეორე ელექტროგადამცემი ხაზის არსებობა ჩვენს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს“, – განაცხადა ალიევმა. მისივე თქმით, დღეს აზერბაიჯანის ელექტროსისტემა საქართველოს, ირანის და რუსეთის ელექტროსისტემებთან არის დაკავშირებული, თუმცა ის ისურვებდა, რომ მომავალში ასეთი კავშირი სომხეთთანაც იყოს დამყარებული.

„დღეს ჩვენი ელექტროენერგეტიკული ქსელი დაკავშირებულია რუსეთთან, ირანთან, საქართველოსთან, ხოლო საქართველოს გავლით – თურქეთთანაც. შესაბამისად, სომხეთის გავლით ნახიჩევანამდე, იქიდან კი თურქეთსა და ევროპამდე მიმავალი ენერგეტიკული დერეფანი კრიზისის შემთხვევაში სომხეთის ენერგოსისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფასაც შეუწყობს ხელს. ამიტომ, რაც უფრო მალე განვახორციელებთ ამ პროექტს, მით უკეთესი იქნება.

ბუნებრივია, როგორც თქვენ ძალიან კარგად იცით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ ქალბაჯარის მთებში, 3 500 მეტრის სიმაღლეზე, თოვლშიც კი ვდგამდით ელექტროგადამცემი ხაზების ანძებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ამ პროექტის განხორციელებას დავიწყებთ, მას ექვს თვეზე მეტი არ დასჭირდება, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს თავად სომხეთმა უნდა გააკეთოს. ამიტომ ვფიქრობ, ეს საკითხი უახლოეს პერიოდში უნდა დაზუსტდეს. ეს ზანგეზურის დერეფნის, TRIPP-ის, განუყოფელი ნაწილი იქნება. რადგან ეს პროექტი მხოლოდ რკინიგზას ან ავტომაგისტრალს არ გულისხმობს. აქ შეიძლება გაიაროს ოპტიკურ-ბოჭკოვანმა კაბელებმა, ელექტროგადამცემმა ხაზებმა და მომავალში, საჭიროების შემთხვევაში, ნავთობისა და გაზის მილსადენებმაც“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

  • No Comments
  • აგვისტო 12, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *