კუნტიჯვრობა – 2026
By

კუნტიჯვრობა – 2026

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე, დიდგორობა, წარსულის გაცოცხლება და „საპატიო შუახეველის“, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელის მომწერის, ქალაქ ბათუმის პირველი პრეფექტის, ცნობილი ქართველოლოგის, მრავალი ჟურნალისა და გაზეთის დამფუძნებლისა და სარედაქციო კოლეგიის წევრის, 23 დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის, ფერეიდანსა და იმერხევში მრავალი სამეცნიერო ექპედიციის  ინიციატორისა და ხელმძღვანელის, კუთხის, ქვეყნის პატრიოტის, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის  ხსოვნა ჩაატიეს ორგანიზატორებმა სახალხო დღესასწაულ „კუნტიჯვრობა-2026“-ის პროგრამაში.

წელს მეშვიდედ აღინიშნა სახალხო დღესასწაული, რომლის წამომწყები და ინიციატორი ტარიელ ფუტკარაძე იყო. მან და მისი იდეების გამზიარებლებმა ქუთაისისა და გორის უნივერსიტეტების მაშინდელმა რექტორებმა – როლანდ კოპალიანმა, გიორგი სოსიაშვილმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა, სხალთის ეპარქიის ღვთისმსახურებმა  ყველაფერი მთა ჩირუხის სიახლოვეს, ქარაფზე ჯვრის აღმართვით დაიწყეს. ეს ტერიტორია „კუნტიჯვრის“ სახელითაა ცნობილი. წამოწყებამ საყოველთაო მხარდაჭერა ჰპოვა და სახალხო ზეიმის სტატუსი დაიმკვიდრა.
წამოწყებას მხარდაჭერა ჰქონდა რეგიონისა და  შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან, უშუალოდ ახლანდელ მერ ომარ ტაკიძისაგან. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული განყოფილების ორგანიზებით, ხულოს, შუახევის, ქედის რაიონებიდან, ახალგაზრდობის დღესთან დაკავშირებით, 50-მდე ქალიშვილი და ჭაბუკი იყო მოწვეული მარეთის ხეობის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გასაცნობად და „კუნტიჯვრობის“ ზეიმის დასკვნით ნაწილზე დასასწრებად.

მარეთის ხეობაში – გამონათლევში ცნობილმა ექიმმა, ქველმოქმედმა სოლომონ ფუტკარაძემ წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა  რომ წამოიწყო, ტარიელ ფუტკარაძე, მამამისი ალექსანდრე ამ პროცესებში ჩართულნი იყვნენ. ახალგაზრდებმა, პირველ რიგში, ტაძარი მოინახულეს. საინტერესო ისტორიული წარსულითაა ცნობილი ოქროპილაურისა და  გოგლაურას ციხეების ნაშთები, დარჩიძეების, ყავახლუხის ნაეკლესიარები, რომლებზეც არქეოლოგიური გათხრები მარეთის ხეობის მკვიდრმა ტარიელ ებრალიძემ ტარიელ ფუტკარაძის სიცოცხლეშივე წამოიწყო.

ახალგაზრდების მთავარი სამიზნე კუნტიჯვარი და იქ აღმართული ჯვარი იყო. ჩირუხის პანტებიდან 2,5 კილომეტრი ზეიმის სხვა მონაწილეების,  ტარიელ ფუტკარაძის ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად  ქვეითად გაიარეს და ჯვართან ფოტოსესია გამართეს, საინტერესო ინფორმაციები მიიღეს კუნტიჯვარის და ტარიელ ფუტკარაძის საქმიანობაზე.

მაღალ მთებს მწვერვალებზე ფაფახებივით დახურული ნისლები და ჰორიზონტიდან გამონათებული მზე  უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის. სწორედ ასეთი სილამაზით გამორჩეულ პანტების გორზე კუნტიჯვრობის დღესასწაულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. მისი გახსნის პატივი შუახევის კულტურის ცენტრთან არსებულ ქალთა ანსამბლ „ნაის“ წევრებს ერგოთ.

ზეიმის წამყვანმა, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის უფროსმა, დოქტორანტმა ფრიდონ დავითაძემ დღესასწაულთან დაკავშირებული მოვლენები და ისტორიები მიმოიხილა. მოზეიმეებს მიესალმნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, ტარიელ ფუტკარაძის მეუღლე, პროფესორი იამზე ვაშაკიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ტარიელის ძმა ფრიდონ ფუტკარაძე, პუბლიცისტი ოთარ ცინარიძე. მოზეიმეთა წინაშე ლექცია თემაზე: „სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ცალკეული ეპიზოდები“ წაიკითხა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა როინ მალაყმაძემ. ახალგაზრდებმა „ნაისთან“ მონაცვლეობით მუსიკალური ნომრები შეასრულეს და ლექსები წაიკითხეს.

ზეიმზე წარმოდგენილი იყო ეთნოგრაფიული ნიმუშები, ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რძის პროდუქტები და აჭარული, ტრადიციული კერძები დაეგემოვნებინათ.

იამზე ვაშაკიძე: – კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში. უკვე მეშვიდედ დავესწარი ამ სახალხო ზეიმს. მიხარია, რომ მას საფუძველი, მეგობრებთან, ახლობლებთან ერთად, პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ ჩაუყარა. ისიც სათქმელია, რომ მან  შემოიკრიბა მშობლიური შუბნის თემის ახალგაზრდობა. დღევანდელი ზეიმი დასტურია იმისა, რომ ქართველებს ერთიანობა გვჭირდება, რათა ღირსეული წინაპრების ნათელ ხსოვნას პატივი მივაგოთ. მათი შრომა, ბრძოლა, თავგანწირვა მაგალითი უნდა იყოს. ჩვენი მხრივ კი ვალდებულნი ვართ,  მომავალ თაობას გადავცეთ ერთგულების, თავდადების მაგალითი.

ომარ ტაკიძე: – ამ ზეიმს 2020 წელს ჩაუყარეს საფუძველი ბატონმა ტარიელ ფუტკარაძემ და მარეთის ხეობის ღირსეულმა შვილებმა. სასიამოვნოა, რომ მასში ყველა თაობის ადამიანები მონაწილეობენ. წლევანდელ ზეიმზე  ახალგაზრდობის ჩართულობა საინტერესო და შინაარსიანი იყო. მოვისმინეთ საინტერესო ლექცია ჩვენი კუთხისა და ტაო-კლარჯეთის შესახებ. კუნტიჯვრობა ერთი ქალბატონის ისტორია არაა, ის კუთხის, ქვეყნის ისტორიის ნაწილია. ესაა იმ ადამიანების თავგანწირვის მაგალითი, რომლებიც ჩვენს კუთხეში იბადებოდნენ. საქართველო ის ქვეყანაა, რომლის მკვიდრები ყველა ეპოქაში გმირობისა და თავგანწირვის მაგალითებს გვიჩვენებდნენ.

ამირან ხიმშიაშვილი: – მართლაც ნიჭიერი და პატრიოტი ახალგაზრდობა მოდის. ისინი ჩვენი  ინტელექტუალური რესურსი და მომავალია, რაც ამ ზეიმზეც გამოიკვეთა. ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა დღესასწაულში მნიშვნელოვანი იყო. მჯერა, მათგან წამოვა ახალი ინიციატივები,  მეტი შესაძლებლობები.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • აგვისტო 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *