პატრონიანი ძაღლების უფასო იდენტიფიკაცია (ჩიპირება) და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები რეგიონებში კარდაკარის პრინციპით პატრონიანი ძაღლების უფასო იდენტიფიკაციასა (ჩიპირება) და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ატარებენ. პარალელურად, მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილი პატრონიანი ძაღლების ჩიპირების პროცესს გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაეცნო და აღნიშნა, რომ პროცესი ყველა რეგიონს მოიცავს, რაც უზრუნველყოფს ცხოველების ქუჩაში მიტოვების პრევენციას.
უწყების ინფორმაციით, რეგიონებში პატრონიან ძაღლებს ჩიპირება, ვაქცინაცია და სტერილიზაცია უფასოდ უტარდებათ. ვეტერინარული მანიპულაციები ტარდება როგორც სტაციონარულ, ასევე მობილურ კლინიკებსა და საველე პირობებში, რასაც ტენდერით გამოვლენილი კერძო ვეტერინარული დაწესებულებები ახორციელებენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები მუდმივად აკვირდებიან პროცესს, რათა პროცედურები სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდეს.
ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა ითვალისწინებს როგორც მიუსაფარი და მიკედლებული, ასევე პატრონიანი ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, ვაქცინაციასა და სტერილიზაცია-კასტრაციას, რაც ხელს შეუწყობს ცხოველთა დაავადებების გავრცელების შემცირებას, ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.
პროგრამის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ღონისძიებების ჩატარების განრიგი წინასწარ ქვეყნდება ფეისბუკ-პლატფორმაზე (https://www.facebook.com/profile.php?id=61580338640226…). ასევე, ცხოველების მეპატრონეებს და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მიმართონ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.