კობა ფარტენაძე პოლიციის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზეა დაკავებული
დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დაკავებულია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ კომენტარი გაავრცელა. „კობა ფარტენაძე, პოლიციის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევ წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.
კობა ფარტენაძემ, 16 აგვისტოს, მასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვისას, სამართალდამცველებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, – აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
ასევე, აღნიშნული პირი 17 აგვისტოს ღამის საათებში, ბათუმში, ხმამაღლა ლანძღვა-გინებით არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, სამართალდამცველებმა, არაერთხელ მოუწოდეს შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, თუმცა ის არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, პოლიციელებს მიაყენა შეურაცხყოფა,“ – აცხადებენ უწყებაში.