ანსამბლმა „ბათუმმა“ საიუბილეო ტურნე ჩოხატაურიდან დაიწყო
აჭარის სახელმწიფო ვოკალურმა ანსამბლმა „ბათუმმა“ 35 წლის საიუბილეო ტურნე ჩოხატაურიდან დაიწყო. აჭარის კულტურის სამინისტროსა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ანსამბლმა სოლო კონცერტი გამართა ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში.
ანსამბლი მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგა. შესრულდა ქართული ხალხური, ქალაქური და საესტრადო სიმღერები.
ანსამბლის საიუბილეო კონცერტს ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ვლადიმერ მგალობლიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
ჩოხატაურში გამართული კონცერტი მიეძღვნა ანსამბლ „ბათუმის“ წევრის, ბათუმის საოპერო დასის სოლისტისა და გამორჩეული მომღერლის ავთანდილ ბაბულეიშვილის ხსოვნას.
საიუბილეო ტურნეს ფარგლებში ანსამბლი „ბათუმი“ სოლო კონცერტებს გამართავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ასევე, დაგეგმილია კონცერტები საზღვარგარეთ.