სპორტული მოედანი – მთა თეთრობში
თეთრობის მთა მესხეთის ქედის ერთ განშტოებაზეა. ტერიტორია კურორტებს – გოდერძისა და ბეშუმს ესაზღვრება. ამ მთაში ზაფხულს ხულოს რაიონის სხალთის ხეობისა და შუახევის რაიონის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა ატარებს. აქ მისვლა შესაძლებელია, როგორც გოდერძის უღელტეხილის, ისე სხალთის ხეობის გავლით. ორივე მიმართულებით საავტომობილო გზები მოწესრიგებულია.
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მობილიზებული თანხებით წელს თეთრობზე ახალი სპორტული მოედანი მოეწყო.
ობიექტი საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, ხულოელთა დელეგატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში მინურ პაქსაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ დაათვალიერეს.
როგორც მოსახლეობასთან შეხვედრაზე ითქვა, წელს ხულოში სამი ახალი სპორტული მოედანი აშენდება, ოთხი კი შეკეთდება. სპორტის განვითარება და ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის ცხოვრების ჯანსაღი პირობების შექმნას ემსახურება.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ მთა თეთრობში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. რეგიონის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არსებულ პრობლემებზე ინფორმაციები მოისმინეს და მათი გადაჭრის გზები სამუშაო პროცესშივე დასახეს. აღსანიშნავია, რომ წელს მთა თეთრობში დასრულდება ელექტროგადამცემი ქსელის შეკეთება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხსა და მოაწესრიგებს უსაფრთხოებას.
ცოტნე ცაბაძე