ვალმოხდილი – მასში ისევ ცხოვრობს უშიშარი ბიჭი უჩამბიდან, რომლის სიმამაცემ არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
By

ვალმოხდილი – მასში ისევ ცხოვრობს უშიშარი ბიჭი უჩამბიდან, რომლის სიმამაცემ არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა

ადამიანის ცხოვრების შეფასება მხოლოდ იმ თანამდებობებითა და ჯილდოებით არ შეიძლება, რომლებიც წლების განმავლობაში მიუღია. უფრო მეტს მისი საქციელი, ადამიანებთან დამოკიდებულება და რთულ წუთებში გამოჩენილი სიმტკიცე გვეუბნება. იოსებ ქათამაძის ცხოვრებაც სწორედ ასეთი გზაა – შრომით, პასუხისმგებლობით, ოჯახისა და მეგობრების ერთგულებით გავლილი გზა.

ის 1941 წლის 20 მაისს ხულოს რაიონის სოფელ უჩამბაში დაიბადა. 1949 წელს სოფელში საშუალო სკოლა გაიხსნა და იოსებმაც აქ დაიწყო სწავლა. მისი პირველი მასწავლებელი მარო კეშელავა, ხოლო სკოლის დირექტორი ვანო ბარაბაძე გახლდნენ. მოგვიანებით დირექტორად მევლუდ თურმანიძე დაინიშნა. მისი ვაჟი, თამაზი, იოსების თანაკლასელი იყო – ერთ მერხზე ისხდნენ. ამ მეგობრობამ წლებს გაუძლო. სკოლის წლებშივე გამოიკვეთა იოსების ინტერესი სპორტისადმი. აქ მოქმედებდა სხვადასხვა სპორტული წრე, მათ შორის მაგიდის ჩოგბურთისა და ჭადრაკის სექციები. 1956 წელს რაიონის პირველობაზე მაგიდის ჩოგბურთში იოსებ ქათამაძემ პირველი ადგილი დაიკავა. ეს მისი ახალგაზრდობის ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი წარმატება იყო.

1959 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, იოსებმა მუშაობა ბათუმის ქარხანა „ელექტროკარში“ დაიწყო, 1961 წელს კი ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, თუმცა აქ სწავლა სავალდებულო სამხედრო სამსახურმა შეაწყვეტინა.

სამხედრო სამსახურის წლებმა მისი ცხოვრების ხასიათი განსაკუთრებით განსაზღვრა. იოსები უკრაინის ქალაქ ხარკოვში, სამოქალაქო თავდაცვის სამხედრო ნაწილში მსახურობდა. აქ მას ისეთი დავალებების შესრულება უწევდა, რაც ცოდნასთან ერთად სიმამაცეს, სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას მოითხოვდა. ომის დროიდან დარჩენილი ნაღმებისა და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებისგან ტერიტორიის გაწმენდა ჩვეულებრივ სამხედრო დავალებად ვერ ჩაითვლება. ერთ შეცდომას ადამიანის სიცოცხლე შეიძლება შეეწირა.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ხარკოვში მოხდა. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების საწყობის გასაფართოებლად მიწის სამუშაოები მიდიოდა, როცა ექსკავატორმა ორი ნაღმი ამოაგდო. ინსტრუქციით, ასეთი ასაფეთქებელი ნივთიერება ადგილზე უნდა განადგურდეს, მაგრამ ეს ვერავინ გაბედა. მეთაურის, ომგამოვლილ სპეციალისტ იურეჩენკოს გადაწყვეტილებით, მასთან ერთად განაღმვაზე სერჟანტები ილია ჩიხლაძე და იოსებ ქათამაძე იმუშავებდნენ.

ოპერაციის უსაფრთხოებასაც ქართველი, იმ რაიონის მილიციის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნანიკაშვილი ხელმძღვანელობდა.

მიწიდან ამოთხრის შემდეგ იოსებმა ხელით გაწმინდა ყუმბარა, რომელსაც ემჩნეოდა განასროლის კვალი, ანუ ამუშავებულ, საბრძოლო მდგომარეობაში იყო. განასროლი ყუმბარის გადატანა და სხვა ადგილას აფეთქება ძალიან საშიშია. ამასთან, აღმოჩნდა, რომ ამ ორი ყუმბარის გარშემო ტერიტორია მთლიანად დანაღმული იყო. ზემოთ აღნიშნული რომელიმე ყუმბარა რომ აფეთქებულიყო, მასთან ერთად ყველა სხვა ყუმბარაც აფეთქდებოდა. კომისიამ გადაწყვიტა, ქალაქგარეთ გაეტანათ საფრთხის წყარო. მათი ხელით აღება და სპეციალურ ჯავშანტრანსპორტზე, სილით სავსე ტომრებს შორის ჩაწყობა დაევალათ სწორედ იოსებ ქათამაძესა და ილია ჩიხლაძეს. თითო ყუმბარა 40-50 კგ-ს იწონიდა. ამ საქმის შესრულების შემდეგ წინასწარ მომზადებულ დიდ ორმოში ჩასვლაც იოსებმა გაბედა. მან ილია ჩიხლაძის მიერ ჩამოწოდებული ყუმბარა ამ ორმოს ფსკერზე დადო. სწორედ აქ მოხდა მათი აფეთქება-განეიტრალება. ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდი იყო იმ რთული სამუშაოებიდან, რომელშიც იოსები მონაწილეობდა. საბოლოოდ, სამხედრო ნაწილმა ხარკოვის ოლქში ომის დროიდან დარჩენილი ორ ათასზე მეტი სხვადასხვა კალიბრის ფეთქებადი ნივთიერება გაანეიტრალა.

1963 წელს იოსების სამხედრო ცხოვრებაში კიდევ ერთი მძიმე შემთხვევა მოხდა. გაზაფხულზე ადიდებულმა მდინარემ ხარკოვის მახლობლად, დაბა დერგაჩში დიდი საფრთხე შეუქმნა მოსახლეობას. ყინულმა ხიდის ქვეშ წყალს გზა გადაუკეტა, რის გამოც მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, დაიტბორა სოფლები, დაბა დერგაჩი და საჭირო გახდა მისი აფეთქება ისე, რომ ხიდი არ დაზიანებულიყო. აპრილში, აღდგომის დღეს სამხედრო ნაწილი ხარკოვიდან 90 კმ-ში (დაბა დერგაჩში) გავიდა მოსახლეობის დასახმარებლად. ხალხი ქუჩაში ვეღარ გამოდიოდა, რადგან ადიდებულმა მდინარემ დატბორა და გაანადგურა ყველაფერი. იგი ქალაქს ყოფდა ორ ნაწილად, მასზე გადიოდა ფართო ხიდი, რომელიც ემსახურებოდა ქალაქის ორივე მხარეს.

საჭირო იყო ხიდის დათვალიერება, მაგრამ მასთან მისვლა არავის შეეძლო. მეთაურმა გოსტევმა იხმო იოსები და ორთავენი ჩაკეტილი ხიდის მიმართულებით ნავით წავიდნენ, ეს ძალიან საშიში იყო. ხიდს რომ მიუახლოვდნენ, იოსებმა რკინის მოაჯირს გამოაბა თოკი და ქვემოთ შეძრომა მოახერხა. გაზომა ხიდის სიმაღლე, სიგანე, ყინულის მოცულობა, რათა გაეთვალათ, როგორ აეფეთქებინათ იგი ისე, რომ ხიდი გადარჩენილიყო. უფროსის ბრძანებით, იოსებმა ასაფეთქებელი მასალები ნავით მიიტანა ხიდთან, მაგრამ უცებ ნავს დაეჯახა ყინულის დიდი ლოდი და გადაატრიალა, იოსები ნავსა და ყინულის ლოდის ქვეშ მოექცა, გაიჭედა მავთულხლართებში.

მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ვიქტორ გოსტევი, დაუფიქრებლად გადახტა გაყინულ წყალში და იოსები გადაარჩინა. ეს შემთხვევა, გოსტევის სიმამაცესთან ერთად, იმასაც აჩვენებს, როგორი იყო იოსები ახალგაზრდობაში – საქმის ერთგული, გამბედავი და პასუხისმგებლობით სავსე ადამიანი, რომელიც დავალების შესრულებისას საფრთხის წინაშეც კი უკან არ იხევს.

სამხედრო სამსახური 1965 წელს დაასრულა. იმავე წელს, სამხედრო დამსახურების აღსანიშნავად, იოსებ ქათამაძე საბჭოთა კავშირის წითელი ვარსკვლავის ორდენით დაჯილდოვდა.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემდეგ იგი კვლავ სწავლასა და პროფესიულ საქმიანობას შეუდგა. ხარკოვში ყოფნისას შექმნა ოჯახი – 1965 წლის 7 ნოემბერს ვალენტინა შევჩუკზე იქორწინა, სწავლა კი ხარკოვის ავტოსაგზაო ინსტიტუტში გააგრძელა. დღისით მუშაობდა, საღამოს კი სწავლობდა. ხარკოვის ტრაქტორის ქარხანაში ზეინკლად დაიწყო მუშაობა და მოგვიანებით კონსტრუქტორად დაწინაურდა.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იოსები ოჯახთან ერთად ბათუმში დაბრუნდა.

აქაც აქტიურად გააგრძელა შრომა. სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობის შემდეგ იგი საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის სამინისტროს №4 ავტოტრესტში მმართველის მოადგილედ დაინიშნა, შემდეგ – მთავარ ინჟინრად და დირექტორად, 1977 წელს კი აჭარის შსს სახელმწიფო ავტოინსპექციის უფროსად.

სადაც უნდა ემუშავა, იოსები პასუხისმგებლობითა და ორგანიზებულობით გამოირჩეოდა. მისი შრომა არაერთი ჯილდოთი, მადლობით, სიგელით, მედლითა და სამკერდე ნიშნით აღინიშნა.

ბატონი იოსებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ოჯახი. მეუღლე ვალენტინასთან ერთად მან ორი ვაჟი – ნუგზარი და რუსლანი – გაზარდა. ორივემ უმაღლესი განათლება მიიღო. ნუგზარი ბიზნესმენია, რუსლანი კი მეზღვაური. დღეს იოსებს ოთხი შვილიშვილი: მეგი, ლიზი, რატი, სანდრო და ერთი შვილთაშვილი – ნატალია ჰყავს.

განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ძმის, აღალი ქათამაძის, გარდაცვალება, რომელმაც სამი მცირეწლოვანი შვილი დატოვა. იოსები ძმის ოჯახს გვერდით დაუდგა და ბავშვების აღზრდაში მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო. ეს ის საქმეა, რომელსაც არც ჯილდო სჭირდება და არც აღნიშვნა, უბრალოდ, ადამიანური ვალია, რაც კარგად ჰქონდა გათავისებული იოსებ ქათამაძეს.

წლებმა ბევრი რამ შეცვალა. ზოგი ადამიანი წავიდა მისი ცხოვრებიდან, ზოგი დარჩა, მაგრამ მეგობრობა იოსებ ქათამაძის ცხოვრებაში დღემდე დიდ როლს ასრულებს.

მას ხშირად შეხვდებით ბათუმის ბულვარში მეგობრებთან ერთად. ბიჭიკო დავითაძე, გურამ კაკაბაძე, მამია მემიაძე, ომარ შამილიშვილი, რეზო შამილიშვილი, გენადი მელია, გურამ ართმელაძე, გია კახიანი, ირაკლი ციცხვაია, ბადრი ეზიეშვილი და სხვები – ადამიანები, რომლებთანაც წლების მოგონებები აკავშირებს.

ბულვარში მათი შეხვედრები მხოლოდ დროის გატარება არ არის. ეს წარსულის გახსენება, გამოცდილების გაზიარება, ერთმანეთის მოსმენაა. საუბრობენ სპორტზე, იხსენებენ ძველ ამბებს, უხარიათ ქართველი სპორტსმენების წარმატებები ფეხბურთში, მძლეოსნობაში, ჭიდაობაში, ჭადრაკში, რაგბიში და სპორტის სხვა სახეობებში.

ხშირად ატარებენ დროს საზაფხულო თეატრსა და კლუბ „ნონაში“, მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებაში… მათ გარშემო კი ისევ ის ბათუმია – ზღვა, ბულვარი, ყვავილების ბაღები, მომღერალი შადრევნები, პალმებისა და ბანანის ხეივნები.

ალბათ, ცხოვრებაში არის დრო, როცა ადამიანი უკან იხედება და განვლილ გზას აფასებს. იოსებ ქათამაძეს ამ გზაზე ბევრი სირთულე შეხვდა, მაგრამ მან ყველა ეტაპზე შეძლო ადამიანური სახის შენარჩუნება, შეძლო ყოფილიყო კარგი შვილი, ძმა, მეუღლე, მამა, ბაბუა, მეგობარი და მოქალაქე.

დღეს იოსებ ქათამაძე მშვიდად გაჰყურებს ხოლმე ზღვას, ალბათ ახსენდება,  რამდენი საშიშროება გადალახა, როგორ ებრძოდა წყალდიდობას, ნაღმებსა და ყინულის ლოდებს… ცხადია, ამ ადამიანში, რომელმაც ახალგაზრდობაში სიცოცხლის რისკის ფასად სხვები გადაარჩინა, ისევ ცხოვრობს უშიშარი ბიჭი უჩამბიდან – ერთ მერხზე რომ იჯდა მეგობართან, სპორტით იყო გატაცებული და ჯერ კიდევ არ იცოდა, რამდენი გამოცდა ელოდა ცხოვრებაში. ამჟამად უკან მოხედვის არ ეშინია. მან თავისი ვალი მოიხადა ქვეყნის, ოჯახის, მეგობრებისა და ზოგადად, ადამიანების წინაშე.

 

  • No Comments
  • აგვისტო 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *