სპორტული კლუბების განვითარებისთვის
ბათუმის სპორტულ ცენტრში ბათუმის მუნიციპალური სპორტული კლუბების განვითარების შესახებ შემუშავებული რეკომენდაციების პრეზენტაცია გაიმართა. რეკომენდაციები ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯაბა ჭანტურიამ წარადგინა.
პრეზენტაციას ბათუმის საკრებულოს წევრები, ბათუმის სპორტული ცენტრისა და მუნიციპალური სპორტული კლუბების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რეკომენდაციები მიზნად ისახავს მუნიციპალური სპორტული კლუბების მართვის გაუმჯობესებას, სპორტული შედეგების ზრდას, ფინანსური და სტრატეგიული დაგეგმვის გაძლიერებას, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას.
რეკომენდაციების მიხედვით, კლუბებმა უნდა შეიმუშაონ სამწლიანი სამოქმედო სტრატეგია, უზრუნველყონ ფინანსების მეტი გამჭვირვალობა, გააძლიერონ საზოგადოებასა და გულშემატკივრებთან კომუნიკაცია, იზრუნონ მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და დანერგონ თანამედროვე სპორტული ტექნოლოგიები.
ცალკე მიმართულებად გამოიკვეთა ქვიშის სპორტის განვითარება. რეკომენდაციების მიხედვით, ბათუმს აქვს პოტენციალი, შავი ზღვის რეგიონში ქვიშის სპორტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბდეს. ამ მიზნით განიხილება დახურული ქვიშის მანეჟის ან გასაბერი კუპოლის მოწყობის შესაძლებლობა, რაც სპორტული აქტივობებისა და საერთაშორისო ღონისძიებების მთელი წლის განმავლობაში ჩატარებას შეუწყობს ხელს.
ჯაბა ჭანტურიას განცხადებით, მუნიციპალური სპორტული კლუბების შეფასებისას, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიღწეული სპორტული შედეგები, არამედ კლუბების განვითარების სისტემურობა, ახალგაზრდებთან მუშაობა, ფინანსური მდგრადობა, საერთაშორისო თანამშრომლობა და გულშემატკივართან ეფექტური კომუნიკაცია. წარმოდგენილი რეკომენდაციები მუნიციპალური სპორტული კლუბების განვითარების მიმართულებით შემდგომი მუშაობისა და შესაბამისი ინიციატივების ეტაპობრივად განხორციელების საფუძველი გახდება.