ირაკლი კობახიძე: ყველა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი საკუთარი ეროვნული ინტერესებია
By

ირაკლი კობახიძე: ყველა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი საკუთარი ეროვნული ინტერესებია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გაკეთებულმა არაერთმა განცხადებამ და შეფასებამ, საზოგადოებაში სერიოზული დისკუსია გამოიწვია. მისივე თქმით, განსაკუთრებით საყურადღებო იყო მცდელობები, 2008 წლის მოვლენების შეფასებასთან ერთად, ერეკლე მეორის ისტორიული გადაწყვეტილებებიც დღევანდელი პოლიტიკური და იდეოლოგიური პოზიციებიდან განხილულიყო. სწორედ ამ განცხადებებისა და მათ ირგვლივ განვითარებული დისკუსიის ფონზე, აუცილებლად მიმაჩნია, ისტორიული და დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ვიმსჯელოთ სახელმწიფო ინტერესებზე, საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებსა და იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ბედს განსაზღვრავდა და განსაზღვრავს. პრემიერის გამოსვლის ტექსტს, რომელიც მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა უცვლელად გთავაზობთ:

,,დავიწყოთ იმით, რომ როგორც დასაბამიდან, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოები ჩამოყალიბდა, ისე დღესაც, თითოეული სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. ამიტომ, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ერთი სახელმწიფო მეორის საკეთილდღეოდ იღვწის და საკუთარ ინტერესებს მის სასარგებლოდ თმობს. სწორედ ასეთია რეალობა, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკას უდევს საფუძვლად. სახელმწიფოები ცდილობენ, ერთმანეთთან ურთიერთობები საკუთარი ინტერესების გასატარებლად და გასაძლიერებლად გამოიყენონ. ზოგჯერ ეს თანამშრომლობის ფორმით ხდება, ზოგჯერ კი იძულებით – პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის გავლენის მეშვეობით.

ასეთია საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი, ფორმულა გამონაკლისების გარეშე, რომელიც სახელმწიფოთა არსებობის მთელი ისტორიის განმავლობაში მოქმედებს. აქედან გამომდინარე, გვინდა ეს თუ არა, ამ რეალობას უნდა შევეგუოთ და საერთაშორისო პოლიტიკას ილუზიების გარეშე შევხედოთ, რადგან სახელმწიფოები მეგობრობენ, თანამშრომლობენ და პარტნიორობენ იქ და მაშინ, სადაც და როდესაც ეს მათ ინტერესებს შეესაბამება.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, თუ ჩვენს წარსულს, კონკრეტულად კი იმ პერიოდს გადავავლებთ თვალს, როდესაც ერეკლე მეორეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება უწევდა, ნათლად დავინახავთ იმ უმძიმეს, ტრაგიკულ მდგომარეობას, რომელშიც მაშინ ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმყოფებოდა. მრავალწლიანი და უმძიმესი დაპირისპირებების შედეგად სპარსეთთან, ოსმალეთთან და სხვა სახელმწიფოებთან, არა მხოლოდ ქართული სახელმწიფო, არამედ თვით ქართველი ერი იდგა განადგურების რეალური საფრთხის წინაშე. საქართველო მუდმივი თავდასხმების, ომებისა და პოლიტიკური წნეხის პირობებში არსებობდა, რაც ქვეყნის სახელმწიფოებრივ და დემოგრაფიულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა.

სწორედ ამ ისტორიული მოცემულობის გათვალისწინებით უნდა შევაფასოთ ერეკლე მეორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მით უფრო იმ ფონზე, რომ ქრისტიანობა ქართველი ხალხისთვის, როგორც წარსულში, ისე დღესაც, ეროვნული და კულტურული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი იყო და არის.

საბოლოოდ, ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯი არათუ გამართლებული, არამედ ერთადერთი სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახელმწიფო, მათ შორის, რუსეთის იმპერია საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა და საქართველოს ხსნა მათთვის ამოსავალი წერტილი სულაც არ ყოფილა, ისევ და ისევ ქრისტიანობის და არაერთი სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი, მათ შორის, დემოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით, ტრაქტატის გაფორმებით, უნდოდა ეს რუსეთის იმპერიას თუ არა, საქართველომ პრინციპული სარგებელი მაინც მიიღო – როდესაც ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ვიყავით, ერეკლე მეორის ამ ნაბიჯით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც, რასაც ყველაზე უკეთ ის ფაქტი ადასტურებს, რომ დღეს საქართველო თვითმყოფადი, ქრისტიანულ ფასეულობებზე, ეროვნულ ფესვებსა და ტრადიციულ ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული ქვეყანაა. მრავალი ომის, ოკუპაციის, პოლიტიკური კატაკლიზმისა და ისტორიული ქარტეხილის მიუხედავად, დღეს ჩვენ გვაქვს ქართული, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. სწორედ ეს არის ერეკლე მეორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მთავარი შედეგი.

შესაბამისად, იმ ისტორიული პერიოდისა და უმძიმესი მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელშიც საქართველო იმყოფებოდა, ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯების დღევანდელი გადასახედიდან კრიტიკა, სრულიად უსაფუძვლოა, მით უფრო, რომ ერეკლე მეორე მოქმედებდა და გადაწყვეტილებებს იღებდა ქვეყნის, მისი სახელმწიფოებრიობისა და მომავლის გადარჩენის ერთადერთი მოტივით. საბოლოო შედეგების გათვალისწინებით, მისი გადაწყვეტილება, ისევე, როგორც არაერთი სხვა პოლიტიკური ნაბიჯი, შეიძლება შეფასდეს, როგორც გონივრული და მეტიც, ბრძნული სახელმწიფოებრივი სვლა.

აქ არ უნდა გამოგვრჩეს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – ერეკლე მეორის ყველაზე აქტიური კრიტიკოსები დღეს თავს პროევროპულად განწყობილ მოქალაქეებად და მთავარ ევროპელებად წარმოაჩენენ და ხშირად ისე მსჯელობენ, რომ არათუ საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ, არამედ, ევროპის არსებობაც კი ლამის საკუთარ დამსახურებად მიაჩნიათ. სინამდვილეში კი, თუ ისტორიულ კონტექსტს გავითვალისწინებთ, სწორედ ერეკლე მეორის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა შეუნარჩუნა საქართველოს ევროპული სივრცისკენ გზის გაკვალვის შესაძლებლობა. იმ კონკრეტულ, სამწუხარო ისტორიულ ვითარებაში, რუსეთის იმპერიასთან ურთიერთობა საქართველოსთვის არა მხოლოდ გადარჩენის საკითხი, არამედ ქრისტიანული დასავლეთისკენ მიმავალი პოლიტიკური და კულტურული კავშირის შენარჩუნების ერთადერთი გზა იყო. ამიტომ, განსაკუთრებით პარადოქსულია, როდესაც დღეს საკუთარი თავის ევროპული არჩევანის დამცველებად წარმომჩენი ადამიანები, სინამდვილეში კი ფსევდოლიბერალები, ერეკლე მეორეს სწორედ იმ გადაწყვეტილებისთვის აკრიტიკებენ, რომელმაც საქართველოს ისტორიული არსებობისა და შემდგომი სახელმწიფოებრივი განვითარების, მათ შორის, ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის შესაძლებლობა შეუნარჩუნა.

იმდროინდელი რეალობის უკეთ გასააზრებლად, დღევანდელ კრიტიკოსებს თუ მხარდამჭერებს ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა შევახსენოთ, კონკრეტულად კი ის, თუ როგორ მოქმედებენ სახელმწიფოები საქართველოს მიმართ მაშინაც კი, როდესაც ისინი საკუთარ თავს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებად, ან მეგობრებად მოიხსენიებენ.

ამის ნათელი მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატები. აშშ-ის წინა ადმინისტრაცია, ქვეყანასთან, რომელსაც სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენიებდა, ხშირად სრულიად უსამართლოდ, უკიდურესად ხისტად მოქმედებდა და საქართველოს მიმართ პოლიტიკური ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმს იყენებდა. მათი ამგვარი დამოკიდებულება განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა სწორედ იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს, კანონმდებლობას, გამჭვირვალობასა და საზოგადოებრივ ღირებულებებს უკავშირდებოდა. როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეულ საკითხებზე საკუთარი პოზიციის დაცვა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება სცადა, ამის პასუხად პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის სხვადასხვა ფორმა მივიღეთ.

იგივე შეიძლება ითქვას ევროკავშირზეც. დააკვირდით მათ დეკლარირებულ განცხადებებს, კონკრეტულ უსამართლო გადაწყვეტილებებს, აბსურდულ რეზოლუციებს, დაწესებულ სანქციებს, ორმაგ სტანდარტებს, ქართველი ხალხის მიმართ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების მუდმივ მუქარას და იმ პირობებს, რომლებიც საქართველოს მიმართ არსებობდა და არსებობს. ევროკავშირი საქართველოსგან „გამჭვირვალობის კანონის“, ანუ ამერიკული „ფარას“ სიტყვასიტყვით თარგმნილი ანალოგის, ასევე, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის” გაუქმებას ითხოვდა, კანონებისა, რომელთა აღსრულება, როგორც ჩვენი ეროვნული იდენტობის, ისე სუვერენიტეტის დასაცავად ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. ამავდროულად, საჯაროდ ითხოვდნენ და დღესაც ითხოვენ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე საქართველოს მიერთებას, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის დამანგრეველი შედეგების მომტანი იქნებოდა.

რაც მთავარია, 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ, ისე ევროპელმა ბიუროკრატებმა და ლიდერებმა, პირდაპირ თუ ირიბად, არაერთხელ მოითხოვეს საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა, რითაც არათუ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობის და ეკონომიკის, არამედ, ზოგადად, საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დააყენეს დღის წესრიგში. სწორედ ასეთია დღეს ევროპული ბიუროკრატიის პოლიტიკა.

როდესაც ამ ყველაფერს ერთობლიობაში შევხედავთ, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება, რომ ევროკავშირის კონკრეტული სახელმწიფოები და ინსტიტუტები, რომლებიც არაფორმალური ოლიგარქიული ძალების გავლენას განიცდიან, უპირველეს ყოვლისა, მიღებული დავალებების და საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ.

აქ მთავარი არის არა ის, ვეთანხმებით თუ არა კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, არამედ ის, რომ ამ მაგალითებით კიდევ ერთხელ ნათლად დასტურდება სახელმწიფოთა ქცევის მთავარი პრინციპი – ნებისმიერი სახელმწიფო, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

ამ ყველაფრის შედეგად კი ჩნდება რიტორიკული კითხვა – შეიძლება თუ არა გვქონდეს ილუზია, რომ რომელიმე სახელმწიფო, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები, რუსეთი თუ რომელიმე სხვა ძალა საქართველოს საკეთილდღეოდ საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს?!

პასუხი, რა თქმა უნდა, ცალსახაა – საქართველოს კეთილდღეობაზე, პირველ რიგში, ქართულმა სახელმწიფომ, ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა უნდა იზრუნოს, რადგან ჩვენს გასაკეთებელს ჩვენს ნაცვლად სხვა არ გააკეთებს. სხვა სახელმწიფოებისგან ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ მოვითხოვთ, რადგან ყველა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი საკუთარი ეროვნული ინტერესებია.

როგორც საქართველომ უნდა იზრუნოს საკუთარ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე, ისევე ზრუნავდნენ და ზრუნავენ საკუთარ ინტერესებზე რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები და მსოფლიოს ნებისმიერი სხვა სახელმწიფო. ასეთი იყო და დღესაც ასეთია საერთაშორისო პოლიტიკის რეალობა. ამ კუთხით გამონაკლისები არ არსებობს, ამიტომ, სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა ვიმსჯელოთ როგორც დღევანდელობაზე, ისე ჩვენს ისტორიულ წარსულზე.

ამ თვალსაზრისით, დღევანდელობაზე საუბრისას, ეტალონურ მაგალითად შეიძლება განვიხილოთ სააკაშვილის ხელისუფლება და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი ჯოჯოხეთი შეიძლება მოუწყო საკუთარ ქვეყანას და ხალხს, როდესაც ხელისუფლება არა საკუთარ ქვეყანაზე და ხალხზე, არამედ გარე ძალების ინტერესებზე ზრუნავს და მათი პოლიტიკის შესაბამისად მუშაობს.

2008 წელს რუსეთი საკუთარი უხეში პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ამ პროცესს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია და მათი მხრიდან საქართველოს ისტორიული კუთხეების დამოუკიდებლობის აღიარება მოჰყვა. თუმცა, ცალკე საკითხია, რას და რატომ აკეთებდა სააკაშვილის ხელისუფლება, რომელიც, როგორც უკვე არაერთხელ დადასტურდა, მაშინაც და დღესაც, არა სახელმწიფოებრივი, არამედ გარე ძალების დავალებით და მათი ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა და მოქმედებს. ფაქტია, რომ საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებები საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან სრულად შეუთავსებელი იყო, ამ ყველაფრის შედეგი კი ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა.

2008 წლის ომი სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი გაკვეთილი. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს უსაფრთხოება და სახელმწიფოებრივი ინტერესები ვერ იქნება დამოკიდებული სხვა სახელმწიფოების კეთილ ნებაზე. საბოლოო პასუხისმგებლობა საკუთარ ქვეყანაზე თავად საქართველოს ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს ეკისრება. ეს მოცემულობა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს სათავეში მყოფმა ხელისუფლებამ, ნებისმიერ ვითარებაში, წინა პლანზე საკუთარი ქვეყნის ინტერესები დააყენოს. უცხო ქვეყნის ინტერესებთან თანხვედრა, თუნდაც მას მოკლევადიან პერსპექტივაში კონკრეტული სარგებელი მოჰქონდეს, ვერასოდეს უნდა გახდეს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების ჩანაცვლების საფუძველი“.

 

 

  • No Comments
  • აგვისტო 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *