ალექსანდრე ჩიტიშვილის მემორიალური დაფა და გამოფენა გაიხსნა
აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში მხატვრის, ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრის, ვეტერანი მებრძოლის ალექსანდრე (ნანატრი) ჩიტიშვილის გამოფენა გაიხსნა, რომელზეც სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
გამოფენის გახსნამდე მის სახლზე აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის ინიციატივითა და ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მემორიალური დაფა გაიხსნა (მაიაკოვსკის ქუჩა, №54), აქ მხატვარი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.

ნანატრი ჩიტიშვილი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების ვეტერანი გახლდათ. მას წელს 80 წელი შეუსრულდებოდა.
მემორიალური დაფის გახსნას მისი ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები და კოლეგები ესწრებოდნენ.
– აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის და ყველასი, ვინც საჭიროდ ჩათვალა მემორიალური დაფის გახსნა, ძალიან მადლიერი ვარ, – აღნიშნა მეუღლე ქეთევან ანთიძემ.
– აჭარაში ცხოვრობდა მხატვარ-გრაფიკოსი, რომელიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში იბრძოდა და დაიჭრა. ის გახლავთ უნიკალური მხატვარი. ერთდროულად რამდენიმე ტილოს ხატავდა. ამიტომაა მის ნამუშევრებში სერიების მრავალფეროვნება, – აღნიშნა აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის გამგეობის წევრმა ინგა დიასამიძემ.

– ნანატრის ძალიან კარგად ვიცნობდი, ის ჩემი მეზობელი, ჩემზე უმცროსი იყო… პატარაობიდან კარგად ხატავდა, თავიდანვე იყო მოწოდებული ხატვისთვის. ყველა მისი ნახატი მომწონს, მაგრამ ერთს გამოვარჩევდი – სამი სვეტია, ერთზე ჯამბაზია გამოსახული, რომელიც იმ ცუდ ამბებს დაჰყურებს, რაც დედამიწაზე ხდება. მასში ნათლად ჩანს აფხაზეთის ამბებიც. მე მას „საუკუნის მხატვარი“ შევარქვი… ძალიან მიხარია, რომ დღეს ნანატრის ნამუშევრების ასეთი მრავალფეროვანი გამოფენა მოეწყო, თან მემორიალური დაფაც გაიხსნა, – გვითხრა მწერალმა ანზორ კუდბამ.
შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ნანატრი ჩიტიშვილის ხსოვნას.

გამოფენის გახსნაზე აჭარის მუზეუმების დირექტორის მოადგილე ინგა გოგიბერიძემ და აჭარის ხელოვნების მუზეუმის მმართველმა ლელა ცხოიძემ ნანატრი ჩიტიშვილის შემოქმედებაზე ისაუბრეს, აღნიშნეს, რომ მისი შემოქმედება მრავალფეროვანი კომპოზიციებითაა დატვირთული.
– ნანატრის შეეძლო ერთდროულად თბილისელიც ყოფილიყო და ბათუმელიც. მას ძალიან უყვარდა ორივე ქალაქი. იყო შესანიშნავი მხატვარი – ფერმწერი, გრაფიკოსი. მის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ძალიან კარგი და საინტერესო ექსპოზიცია მოეწყო. ნანატრის მოქალაქეობრივ როლსა და დამსახურებებზე ბევრს არ ვიტყვი, იმიტომ, რომ ეს ყველამ იცის. ის არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენის უშუალო მონაწილეა (აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების) და ზოგადად, ძალიან აქტიური პიროვნება გახლდათ. გამოფენაზე წარმოდგენილია სიმბოლურ-ალეგორიული ხასიათის კომპოზიციები, ფიროსმანის ციკლი, არაჩვეულებრივია გრაფიკული სერიები. მინდა ვთქვა, რომ ნანატრი ნამდვილად დააკლდა ქალაქს, პირადად მე ძალიან მენატრება, – გვითხრა ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძემ.

– როგორი იქნებოდა 80 წლის ნანატრი ჩიტიშვილი? იქნებოდა ზუსტად ისეთივე ახალგაზრდული ენერგიით სავსე, შემართული, ისეთივე შემოქმედებითი, როგორიც მთელი ცხოვრების განმავლობაში იყო. უდიდესი პატრიოტი გახლდათ, ჩვენი საუბრები ყოველთვის იწყებოდა და მთავრდებოდა საქართველოზე ფიქრით, დარდით, მისი ტკივილით, ამბების განხილვით… ერთი სიტყვით, ის იყო სამშობლოზე მოფიქრალი და მოდარდე კაცი, ძალიან ღირსეული, პატრიოტი, კარგი ბათუმელი, ქალაქის კოლორიტი და… ჩემი ძალიან დიდი მეგობარი, – თქვა ჟურნალისტმა მედეა ჩარკვიანმა.
მანანა ძიძიშვილი