პრევენციიდან შედეგამდე – დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამები აჭარაში
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე, მინისტრის მოადგილეები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, სამუშაო შეხვედრას თემაზე „პრევენციიდან შედეგამდე – დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამები აჭარაში“ დაესრნენ.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა მონაწილეებს ამ მიმართულებით ცენტრის მიერ განხორციელებული პროგრამების შედეგები და პრაქტიკული გამოცდილება გააცნო. საკითხის ირგვლივ დისკუსიის ფორმატში მოსაზრებები წარმოადგინეს: სოციალური პროგრამების ექსპერტმა, აკადემიურმა დოქტორმა სოფიო ბაკურიძემ, ნეონატოლოგებმა, მეან-გინეკოლოგებმა, პედიატრებმა, სხვადასხვა სერვისის განმახორციელებელი დაწესებულების წარმომადგენლებმა და პროგრამებით მოსარგებლე პირებმა.
,,დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა აჭარის მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სახელმწიფო პროგრამებთან ერთად, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიზნობრივ პროგრამებს ახორციელებს, რომლებიც მოიცავს სამედიცინო და სოციალურ რეაბილიტაციას, მატერიალურ დახმარებას, დემოგრაფიული ხელშეწყობის ღონისძიებებსა და დედებისა და ბავშვებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერ სერვისს. აღნიშნული მიმართულებების დასაფინანსებლად წლის განმავლობაში 10 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა“, – აღნიშნა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.
შეხვედრას, რომელიც მიზნად ისახავდა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებებისა და პროგრამების შედეგების შეჯამებას, გამოცდილების გაზიარებას, სამომავლო თანამშრომლობისა და განვითარების ხედვების განსაზღვრას, ორგანიზებას უწევდა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამების ფარგლებში, მოსახლეობისთვის 14-მდე სხვადასხვა სახის სერვისია ხელმისაწვდომი. რეგიონის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში აღნიშნული პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობა 13 000-ზე მეტ ბენეფიციარს აქვს.