„ღამის სერენადები“ – ბათუმში
By

„ღამის სერენადები“ – ბათუმში

დიდი მევიოლინე ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებული საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ თავის მოღვაწეობას აგრძელებს და ამჯერადაც მსმენელს ჟანრობრივად მრავალფეროვან რეპერტუარს სთავაზობს.

დღეს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიეში ფესტივალთან დაკავშირებით მედიისთვის პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე, ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი, საბაზო ორკესტრის „საქართველოს ვირტუოზების“ ხელმძღვანელი, პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე, ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში, აჭარის კულტურის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნათია ბლაგიძე, ფესტივალში მონაწილე მუსიკოსები უცხოეთიდან ანდრეს გაბეტა (დირიჟორი, მევიოლინე), დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი, მევიოლინე იუკი სერინო.

როგორც აღინიშნა, საკონცერტო საღამოები ისევ სამ სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. 19 აგვისტოს ფესტივალის პირველ კონცერტს ბორჯომმა უმასპინძლა.

დღეს ფესტივალ .„ღამის სერენადების“ ფარგლებში ბათუმის დრამატული თეატრში პირველ კონცერტი გაიმართება. სცენაზე წარსდგებიან ბუენოს-აირესის Teatro Colón-ისა და „ღამის სერენადების“ მთავარი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი და ახალგაზრდა ვირტუოზი, კრემონას საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული იუკი სერინო, ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე).

მსმენელს ელოდება გამორჩეული მუსიკალური საღამო, სადაც იტალიური ტემპერამენტი, ახალგაზრდული ენერგია და ვირტუოზულობა ერთ დაუვიწყარ მუსიკალურ გამოცდილებად გაერთიანდება.

ფესტივალის ფარგლებში ჟურნალისტისა და მხატვარ მანანა გეგიძის ნამუშევრების ფამოფენა მოეწყობა.

მომდევნო ორი საღამო, 23 და 25 აგვისტოს, ისევ ბათუმში გაიმართება, ხოლო 16, 18, 20 სექტემბერს მას თბილისი უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ სხვა ახალგაზრდა, თუმცა უკვე ცნობილ მუსიკოსებთან ერთად, ფესტივალში ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი, ბათუმელი ფლეიტისტი ნიკოლოზ ვადაჭკორია მონაწილეობს.

ბათუმელ კლასიკური მუსიკის მოყვარულებს წინ სამი დაუვიწყარი საღამო ელოდებათ.

 

მანანა ძიძიშვილი

 

 

  • No Comments
  • აგვისტო 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *