ერეკლე საღლიანი: სოფელი ის ფილტვებია, რომლითაც ვსუნთქავთ
By

 ერეკლე საღლიანი: სოფელი ის ფილტვებია, რომლითაც ვსუნთქავთ

ცნობილი პოეტი ერეკლე საღლიანი წელს, ოჯახთან ერთად, რამდენიმე დღე ჭვანის ხეობაში, სოფელ ზვარეში იმყოფებოდა. მასთან საუბარიც იქ ჩავიწერეთ.

– ბატონო ერეკლე, ჩვენი გაზეთის მკითხველის სახით, მრავალი თაყვანისმცემელი და შემფასებელი გყავთ. მესამედ ბრძანდებით ჩვენს მშვენიერ კუთხეში. მისდამი სიყვარული სათავეს საიდან იღებს?

– სისხლიდან და სულიდან, ალბათ არსებობს გენეტიკური მემკვიდრეობა, რომელიც წინაპრებისგან გადმოგვეცემა. ქართველური ტომებიდან ჩვენ, სვანები, ყველაზე კარგ ურთიერთობაში ვართ აჭარლებთან და კახელებთან, ერთმანეთს კარგად ვუგებთ. რატომ? ტრადიციებისადმი პატივისცემა, მამა- პაპური წესებისადმი ერთგულება, შემდგომ, პიროვნული თვისებები: ყველა ადამიანს მიაგო სითბო, სიყვარული, გვაერთიანებს. მახსოვს, როცა აჭარის მთიანეთში მეწყერი ჩამოწვა და 23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სტიქიის ზონაში რომ მივედი, ყველა გაკვირვებული დამხვდა – სვანეთიდან ჩამოვიდა კაცი და ჩვენი ტკივილი გაიზიარაო. ჩვენმა წინაპარმა პოეტებმა, მწერლებმა სამაგალითო მეგობრობა დაგვიტოვეს. ჩემთვის უძვირფასესი იყო ზურაბ გორგილაძე. არ შემრცხვება, რომ დიდ ზურაბ გორგილაძედ მოვიხსენიო. იგი რამდენიმე შედევრის: „ჩაუმქრალი სანთლები“, „სულხან-საბა“, ,,ვაჟა ფშაველა“ ავტორია, რომლებიც ქართულ პოეზიაში საპატიო ადგილს იჭერს. მახსოვს, როცა ბონდო ჯიქიამ ზურაბი სვანეთში ამოიყვანა, უშბის პლატოზე ავიყვანეთ. მე (კარგი გაგებით) წონასწორობიდან გამოსული ზურაბ გორგილაძე არ მინახავს, იგი გაშლილი ხელებით პლატოს ფონზე დადგა და ლექსების კითხვა დაიწყო. ვეღარ გავაჩერეთ. ეს ცეცხლი ჩვენც გადმოგვედო. დაიწყეს მწვადების შეწვა. პირი არ დააკარა. მე უშბას ვუყურებდე და მწვადს მივირთმევდე, სად გაგონილაო. იგი უშბამ მოაჯადოვა. მერე აქ ჩამოვდიოდი ხოლმე. ზურაბის მსგავსად, მრავალი მეგობარი მყავდა. არ დამავიწყდება ცხონებული საშა მითაიშვილი. ვიყავი მის ოჯახში – ჩვენებური გოჩა ჩართოლანი მისი ქალიშვილის მარინას მეუღლე იყო. გოჩა უკვე ღვთის მსახურია. მამაომ ყველა მეგობარს გვთხოვა: მარინას სადაც ნახავთ, ყურადღება მიაქციეთო. რამდენჯერაც ჩამოვდიოდი, საშა გვერდიდან არ მიცილებდა.

– ქვეყანას ყველა ეპოქაში მწერლის, პოეტის ობიექტური შეფასება აძლიერებდა. ამ საპატიო მისიას თანამედროვენი როგორ ასრულებთ?

– ვასრულებთ, მაგრამ მთავარი კავშირი მწერალსა და მკითხველს შორის ლამის დაიკარგა. ჩვენი განათლების დონე დაბლა იწევს, შემფასებელი შემცირდა, სოციალურ ქსელებშიც საშინელ უნიჭობას ვაწყდებით ხოლმე. ზოგჯერ ამაში სასულიერო პირებიც ერთვებიან. ერთს პირად საუბარში შევკადრე: მამაო, პოეზიაში კომპეტენტური არ ბრძანდებით, ნუ მოიკლავთ თავს, ძალიან კარგი მოძღვარი ხართ, თქვენი საქმე გაქვთ, მრევლს უყვარხართ, სახელს ნუ გაიფუჭებთ-მეთქი. ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ ისე, როგორც შეგვიძლია. მე ახლა ზვარეში ლევან მჟავანაძის მამულში ვიმყოფები. იგი ყველა საქმეს პატიოსნად ექცევა, ფუტკარივით შრომობს. აქ სკები მოამრავლა, რაც მისი საქმიანობის სიმბოლური სახეა – ფუტკრის მსგავსად ყველა წამოწყებული საქმე ბოლომდე მიჰყავს. ამ კაცმა დაგვანახა, როგორ შეუტია სირთულეებს და ხსნა იპოვა. მე ჩართული ვარ გაერთიანებულ ქორეოგრაფთა ცენტრში. სხვათა შორის, მას მურად მჟავანაძე ხელმძღვანელობს. ეტყობა, ამ გვარის ადამიანებში მეურნეობის ნიჭი საუკუნეებიდან იღებს სათავეს. გავიხსენოთ ისიც, ვასილ პავლეს ძე მჟავანაძის პერიოდში საქართველო როგორი იყო.

– აქტიურად ხართ ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში და ობიექტურ შეფასებებსაც აკეთებთ. როგორ იღებს ამას საზოგადოება?

– მტერს და მოყვარეს რა დალევს, მაგრამ საწყენი ისაა, როცა ადამიანს მტრობ. ვფიქრობ, რომ თუ საპირისპირო აზრის მიმართ შემწყნარებლობას ვერ ვისწავლით, წინ ვერ წავალთ. არაა გამორიცხული, რომ ზოგჯერ უნებლიეთ გაეხვიო ისეთ ლაბირინთებში, რომლის აზრზეც არ ხარ. ეს მეც ვიწვნიე, ჭორებში გამხვიეს, გულსატკენი ის იყო, რომ ერთეულები ცდილობდნენ, სიმართლე ბოლომდე არ გარკვეულიყო. ტყუილი აღმოჩნდა, კი არ გაუხარდათ, ეწყინათ. ესაა საწყენი, თორემ მე აზრს თამამად გამოვხატავდი. მიმაჩნია, როცა პოეზიას უჭირს, ქვეყანას უჭირს. სჯობს მტკივნეული სიმართლე ვუთხრათ, ვიდრე მაამებელი სიცრუე.

– აჭარის მიმართაც ობიექტური და შეუვალი ბრძანდებით. . .

– მრავალგზის მითქვამს: საქართველოს არცერთ კუთხეს არ გაუღია ისეთი მსხვერპლი, როგორც აჭარამ გაიღო. სამაგალითოდ ბოლო წლების მოვლენებიც საკმარისი იქნება. მე ვსაუბრობ მე-20 საუკუნის დასასრულისა და 21- ე საუკუნის პერიოდზე. ამ კუთხეს არ მოაკლეს შეურაცხყოფა, ტალახის სროლა, დამცირება. კუთხემ დიდი მოთმინების ფასად, საქართველოს ერთიანობა ყველაზე მაღლა დააყენა. მადლობა აჭარას, აჭარლებს. მიყვარდით, მაგრამ კიდევ უფრო მეტად შემიყვარდით.

– თქვენმა სულიერმა მეგობარმა, დეკანოზმა გიორგიმ (ფუტკარაძე) კარგი მეგზურობა გაგიწიათ. . .

– დიახ. გახლდით სხალთაში, შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმში, რა მსხვერპლია გაღებული. ვფიქრობ, საქართველოს ისტორია თავიდან დასაწერია, მომიტევონ ამის თქმისთვის დიდმა ივანე ჯავახიშვილმა, ნიკო ბერძენიშვილმა, სიმონ ჯანაშიამ, სარგის კაკაბაძემ, კიდევ ბევრმა, ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ. მას შემდეგ, რაც ოსმალომ სამხრეთ საქართველო დაიპყრო, 400-მდე დიდი და მცირე აჯანყება მომხდარა, რომლის შესახებაც ძალიან ცოტამ იცის. ვუმადლოდეთ ზაქარია ჭიჭინაძეს, რომ უტყუარი მასალები დაგვიტოვა. საქართველოს ისტორია, მხოლოდ ქართლის და კახეთის ისტორიით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. იმერეთი ძუნწადაა ნახსენები. სამხრეთი საქართველო და სვანეთი საერთოდ იგნორირებულია. სხალთის ტაძარში გული მომიკვდა, ფრესკების მხოლოდ ფრაგმენტები რომაა შემონახული. უნდა მოევლოთ, რომ ამ დონემდე არ მისულიყო. ჩვენ ამ უნიკალური მხატვრობის ნიმუშებს ვერ ვუპატრონეთ.

– ზვარეში ლევან მჟავანაძის მიერ აგებული საყდარი შარშან ასე შეაფასეთ: „ზღვაა უხვი, მოციმციმე, სხივები თუ მასში გატყდა, კლდეში გაჭრი კაცი მღვიმეს და მის თავზე დადგამ საყდარს“. ახლაც ხომ არ შეაფასებდით ლევანის ნაამაგარს?

– ზვარე და ლევანი ეს თანამედროვე ისტორიაა. მისი ამომწურავად შეფასება მე არ შემიძლია, მას მომავალი უკეთ შეაფასებს. ქვეყანა, ლევანის სადარი ადამიანები სოფლის მეურნეობის განვითარებას ეჭიდებიან. სოფელი ის ფილტვებია, რომლითაც ვსუნთქავთ. ქართველი მშობლიურ მიწას რომ მოსწყდება, ის ქართველი აღარაა. მიწა ძალას გვაძლევს. ლევანს შეეძლო ბათუმში, პრესტიჟულ ტერიტორიაზეც გაეკეთებინა ეს, მაგრამ ასეთი ლამაზი, გარემოს შეხამებული ვერ იქნებოდა. მას საზოგადოება ფუფუნების ობიექტად მონათლავდა. აქ მე ხელოვნების ნიმუში ვნახე. სადმე ზედმეტ დეტალს ვერ შეხვდებით. გამიკვირდა, როვა გისოსებში ჩაწყობილი სკები ვნახე. თურმე დათვები ყოფილან მომრავლებულნი და გისოსები მათგან სკების დასაცავად გაუკეთებია. უკვე ისტორიას ბარდება წყლის წისქვილები. ლევანს ისიც არ დავიწყებია. საზოგადოება, სოფელი მას ქველმოქმედად იცნობს. მე დავამატებდი – ყველაფერი ეს უფლისგან მოდის. ლევანს ხელისუფალიც მადლიერი ჰყავს და ადამიანებიც. მისი დიდკაცობის საზომიც ესაა.

– მეგობრები, რომლებმაც ეს კუთხე შეგაყვარეს?

– დავით თედორაძე, ვახტანგ ღლონტი, ბელა ქებურია, აწ განსვენებული ცისანა ანთაძე, ბიზნესმენი გოჩა ირემაძე, რომელმაც ზურაბ გორგილაძის სახლი და მამული ირანელს არ შეარჩინა. მან ეროვნული მნიშვნელობის საქმე გააკეთა. ასეთი ადამიანები ქვეყანამ უნდა დააფასოს.

– ზვარეში ახალი ლექსები ხომ არ დაგიწერიათ?

– მუზამ აქაც მომაკითხა. ის ნაწარმოებები, რომლებიც აქ ყოფნისას დაიწერა, მალე პერიოდულ პრესაში დაიბეჭდება. სხვათა შორის, ერთობ საინტერესო თემასაც შევეჭიდე – ესაა ბიბლიური ამბავი სოლომონისა და სულამიტას შესახებ. დიდი იყო ჩემი გაკვირვება, როცა აღმოვაჩინე, რომ სულამიტას სოლომონი არ უყვარდა. უყვარდა მწყემსი. სოლომონი ამას გრძნობდა. სხვაგან არ გამომივიდა, აქ კი დავწერე. ალბათ, ესეც უფლის კარნახით.

– ლექსების ახალი კრებულის სათაური რა იქნება?

– „ლაგუშედა“. ეს სვანური სიტყვაა და „შეგვეწიოს“ ნიშნავს.

– ამბობენ ლექსების თხზვა ღვთისმსახურებასთან ძალზე ახლოსააო. რამდენად ეთანხმებით ამას?

– ახლოს კია, მაგრამ მთლიანად ღვთისმსახურებას ნუ გავუტოლებთ. ამით ცალკე ღვთისმსახურებას ვაკნინებთ, ცალკე პოეზიას შეურაცვხყოფთ. მინდა შოპენჰაუერის შეფასებაზე გადავიტანო აქცენტი. ის ამბობს: „ლოგიკური აზროვნების მიჯნამდე შეიძლება გაჰყვე ფილოსოფიას, მაგრამ სადაც ეს მიჯნა მთავრდება, იმის იქით ეს ფილოსოფია არ გამოგადგება. გაყევით პოეტს“. მე ამ ნათქვამს დავამატებდი – სოციალურ სამყაროსთან სიახლოვის სამზადისი, ეს არის პოეზია.

– დაბოლოს, ზვარედან რა შთაბეჭდილებებით მოდიხართ?

– გამიჩნდა მოლოდინი, რომ ხალხი დაუბრუნდება მიწას და ბუნებასთან წილნაყრობაში იქნება. სხვათა შორის, ჩვენმა წინაპრებმა ზედმიწევნით იცოდნენ ბუნების ფასი. სვანი სანადიროდ რომ მიდიოდა და მეორე ჯიხვს თუ მოკლავდა, ჩოქზე დგებოდა და უფალს პატიებას სთხოვდა. ხვდებოდა, რომ გადაამეტა. ყველა რომ ასეთ წესს მიჰყვეს, კარგად გვექნება ქვეყნის საქმე. იმედს ვიტოვებ, რომ ლევან მჟავანაძის მსგავსად, ადამიანები სოფელს დაუბრუნდებიან. ჩემს თვალს არ გამოეპარა ის ახალი სახლები, რომლებიც ხარაჩოებშია, ან ახლახან ჩამოხსნეს ხარაჩოები. ლევანმა ზვარეში სოციალურ ოაზისს ჩაუყარა საფუძველი და იგი დღითი დღე ფართოვდება, მხრებს შლის.

 

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • აგვისტო 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *