ეროვნულ სატყეო სააგენტოს სისტემას 499 ახალი თანამშრომელი დაემატება
ეროვნული სატყეო სააგენტოს ცენტრალურ აპარატსა და რეგიონულ სატყეო სამსახურებში ტყის მცველის 401 პოზიციაზე კანდიდატთა შერჩევა მიმდინარეობს.
სააგენტოს ცნობით, ვაკანსიები ეროვნული სატყეო სააგენტოს რეფორმის ფარგლებში გამოცხადდა, რომლის მიზანი ტყის დაცვის გაძლიერება და ტყითსარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებაა.
რეფორმის ფარგლებში 1.7 მილიონ ჰექტარზე მეტი ტყის ფონდი 903 სამცველოდ დაიყო. თითოეული სამცველო ტყის მცველს პერსონალური პასუხისმგებლობით გადაეცემა. ტყის დაცვისა და კონტროლის გაძლიერების მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემას, ჯამში, 499 ახალი თანამშრომელი დაემატება, მათგან 401 – ტყის მცველი. ვაკანსიებზე განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ სრულწლოვან პირებს, რომლებსაც სრული ზოგადი განათლება აქვთ.
„ეროვნული სატყეო სააგენტოს რეფორმის ფარგლებში, მნიშვნელოვნად ძლიერდება ტყის დაცვის კომპონენტი. უკანონო ჭრების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, 1.7 მილიონ ჰექტარზე მეტი ტყის ფონდი 903 სამცველოდ დაიყო. თითოეული სამცველო ტყის მცველს პერსონალური პასუხისმგებლობით გადაეცემა, რაც ტყის დაცვისა და კონტროლის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია რეგიონების მიხედვით, სააგენტოს ოფიციალური Facebook-ის გვერდზე განთავსდა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო ღია და გამჭვირვალე კონკურსში“, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა.