მოლდოვას საჰაერო სივრცეში ხუთი დრონი შეიჭრა
27 აგვისტოს ღამეს, უკრაინაზე რუსეთის მორიგი მასშტაბური საჰაერო თავდასხმის ფონზე, მოლდოვას საჰაერო სივრცეში ხუთი დრონის შეჭრა დაფიქსირდა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უნებართვო გადაფრენები უკრაინაზე განხორციელებულ რუსულ საჰაერო იერიშებს უკავშირდება.
„ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცის თავზე უნებართვო გადაფრენები უკრაინაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმების შედეგად მოხდა. ეროვნული ხელისუფლება, პარტნიორებთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საჰაერო სივრცის მონიტორინგს აგრძელებს“, – განაცხადეს მოლდოვას თავდაცვის სამინისტროში.
მოლდოვაში ბოლო პერიოდში დრონების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევები გახშირდა. ორი დღის წინ, ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე იგორ გროსუმ განაცხადა, რომ მსგავსი ინციდენტების გახშირება რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნების მოახლოებას უკავშირდება.
მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებით კი რუსული დრონების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის ხშირი დარღვევების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ უკრაინას რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს.