„თბილისობა 2026“ 3 – 4 ოქტომბერს გაიმართება
წელს დედაქალაქის მთავარი დღესასწაული „თბილისობა“ 3 და 4 ოქტომბერს მოეწყობა. ღონისძიების ორგანიზებისთვის თბილისის მერიამ 3 114 727 ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.
მერიის განმარტებით, დღესასწაულისადმი მიძღვნილი აქტივობები მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა, ხოლო მათი სრულყოფილი განხორციელება მნიშვნელოვანი კულტურული და საჯარო ინტერესების უზრუნველყოფას ემსახურება.
„თბილისობის“ სტუმრებს ელოდება სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, მათ შორის, საბავშვო, თეატრალური წარმოდგენები, პერფორმანსები და ზღაპრის გმირების მსვლელობა. ქალაქის ლოკაციებზე მოეწყობა თემატური დეკორირებული თაღები, ფოტოზონები, მოსასვენებელი და ფლორისტული კუთხეები, ასევე, ინტერაქციული ინსტალაციები,
სამეწარმეო და კულინარიული ზონები, გაიმართება მასტერკლასები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლისა და ღვინის დეგუსტაცია-გაყიდვა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ტრადიციული გალა-კონცერტის შემდეგ, თბილისის საპატიო მოქალაქეებს დააჯილდობენ.
თუ რამ გამოიწვია შესყიდვის შეზღუდულ ვადებში განხორციელება, მერიაში განმარტავენ, რომ ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი საავტორო და ინდივიდუალურ შემოქმედებით ნამუშევრებს მოიცავს.
შემოქმედებითი პროცესის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროგრამის, მონაწილეთა შემადგენლობისა და ტექნიკური დეტალების დაზუსტება ეტაპობრივად, შემსრულებლებთან მოლაპარაკებების პარალელურად მიმდინარეობს. შესაბამისად, მერიის განცხადებით, წინასწარ ყველა არსებითი პირობისა და ზუსტი მოცულობების განსაზღვრა შეუძლებელი იყო.