ხულოს თეატრი 90 წლის იუბილესთვის ემზადება
By

ხულოს თეატრი 90 წლის იუბილესთვის ემზადება

გაისად ხულოს სახელმწიფო პროფესიულ თეატრს დაარსებიდან 90 წელი უსრულდება. „აჭარასთან“ თეატრის ახალი დირექტორი ნანა შაინიძე საუბრობს.

– ქალბატონო ნანა, თეატრი და თეატრალური ცხოვრება თქვენთვის უცხო არაა, მაგრამ ამ თანამდებობას სხვა გამოწვევები ახლავს.

– ნამდვილად ასეა. თეატრალური ცხოვრება ჩემთვის უცხო არ არის, მაგრამ დირექტორის თანამდებობა სრულიად სხვა მასშტაბის პასუხისმგებლობაა. ხულოს თეატრს აქვს ძალიან მდიდარი ისტორია და მინდა, ჩემი შესაძლებლობებით, ენერგიითა და ახალი იდეებით, ეს ისტორია ღირსეულად გავაგრძელო. ჩემთვის მთავარი ამოცანაა, თეატრი იყოს ერთდროულად ტრადიციების ერთგული და თანამედროვე, ცოცხალი სივრცე… ასეთი გამოთქმა არსებობს კიდეც – „თეატრი არის ცოცხალი ორგანიზმი“.

– წარსული, თანამედროვეობა და მომავალი თეატრმა უკეთ რომ წარმოაჩინოს, რა არის საჭირო?

– პირველ რიგში, საკუთარი ისტორიის ცოდნა და დაფასება. 90 წელი ძალიან დიდი დროა. ამ წლების განმავლობაში ხულოს თეატრმა არაერთი თაობა აღზარდა და არაერთი მნიშვნელოვანი ისტორია შექმნა. ვფიქრობ, წარსული არ უნდა დარჩეს მხოლოდ მოგონებად – ის თანამედროვე თეატრისთვის საყრდენი უნდა გახდეს. გვჭირდება კარგი დრამატურგია, საინტერესო რეჟისორული ხედვები, ახალი თაობის მოზიდვა და ისეთი სპექტაკლები, რომლებიც თანამედროვე მაყურებელსაც მოეწონება. მინდა, ხულოს თეატრმა თავისი წარსულით იამაყოს, აწმყოთი იცხოვროს და მომავალს თამამად შეხედოს.

– აშკარად ჩანს, რომ ხულოს თეატრისთვის ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს.

– ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი აჭარის კულტურის მინისტრს, ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს ამ დიდი ნდობისთვის, რასაც თეატრის დირექტორობა ჰქვია და განუზომელი მხარდაჭერისთვის, ასევე მის არაჩვეულებრივ გუნდს. რაც შეეხება სახელმწიფოს მხარდაჭერას, ეს თეატრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის მადლიერი ვარ. მაგრამ ეს მხარდაჭერა ჩვენთვის ვალდებულებაცაა – მაყურებელს ხარისხიანი შემოქმედებით უნდა ვუპასუხოთ. ინფრასტრუქტურა, მატერიალური ბაზა და კარგი პირობები აუცილებელია, თუმცა თეატრის მთავარი სიმდიდრე მაინც მაყურებელია. ამიტომ ჩვენი მიზანია, ეს შესაძლებლობები მსახიობების, რეჟისორების, შემოქმედებითი და ტექნიკური ჯგუფების განვითარებაში და საბოლოოდ, საინტერესო და მნიშვნელოვან სპექტაკლებში აისახოს.

– თაობათა ცვლის პროცესი გარდაუვალია…

– თაობათა ცვლა გარდაუვალი კი არა, აუცილებელი პროცესია. თუმცა ჩემთვის ეს არ ნიშნავს ერთი თაობის მეორეთი ჩანაცვლებას. პირიქით, გამოცდილებამ ახალგაზრდას გზა უნდა გაუხსნას. ჩვენს უფროს თაობას აქვს უდიდესი პროფესიული გამოცდილება, რომელიც აუცილებლად უნდა გადავცეთ მომავალ თაობას. მინდა, ახალგაზრდა მსახიობებისთვის მეტი შესაძლებლობა და თეატრში ისეთი გარემო შევქმნათ, სადაც თაობები ერთმანეთს ავსებენ და არა – ცვლიან.

– დასი მრავალჯერ იმყოფებოდა საგასტრელოდ უცხოეთსა თუ ქვეყანის სხვადასხვა კუთხეში. ამ მიმართულებით უახლოესი გეგმები როგორია?

– გასტროლები ჩვენი სამომავლო გეგმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ვიმედოვნებთ, რომ ხულოს დრამატული თეატრის მსახიობებს სულ უფრო ხშირად იხილავს მაყურებელი როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხის, ისე საზღვარგარეთის სცენებზე. ჩვენი შემოქმედება იმდენად განსაკუთრებული და უნიკალურია, რომ დიდი სურვილი გვაქვს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს მისი ნახვის შესაძლებლობა. ჩვენი მიზანია, ხულოს დრამატული თეატრის სახელი უფრო ხშირად ისმოდეს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო თეატრალურ სივრცეში.

– თეატრის მატერიალურ ბაზას უკვე დაეტყო თქვენი ხელი. რის გაკეთებას აპირებთ, რომ მთისთვის ჩვეული ცივი ზამთარი ნორმალურ პირობებში გადაიტანოთ?

– თეატრში მუშაობა მსახიობისთვის და თითოეული თანამშრომლისთვის კომფორტული და ღირსეული უნდა იყოს. რაც მოვახერხეთ, მხოლოდ დასაწყისია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გათბობის, სამუშაო და სარეპეტიციო პირობების გაუმჯობესება, ტექნიკური ბაზის მოწესრიგება და სცენის შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარება. არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი ერთბაშად გაკეთდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ნაბიჯ-ნაბიჯ, თეატრის პირობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

ხულოს თეატრში სპექტაკლებს ხშირად მოწვეული რეჟისორები დგამდნენ. რამდენად სარგებლიანია ეს?

– ძალიან სარგებლიანია. მოწვეულ რეჟისორს მოაქვს ახალი ხედვა, სხვა გამოცდილება და განსხვავებული შემოქმედებითი ენერგია. ეს, თავის მხრივ, მსახიობებისთვისაც საინტერესო პროფესიული გამოცდილებაა. თუმცა, მინდა, რომ მოწვეულ რეჟისორებთან თანამშრომლობასთან ერთად, ჩვენი თეატრის შიდა შემოქმედებითი რესურსიც უფრო მეტად გავაძლიეროთ და მომავალში ხულოს თეატრს საკუთარი, გამორჩეული შემოქმედებითი ხელწერაც ჰქონდეს.

– გურიაში მცხოვრები ქალბატონი წინაპრების კერას დაუბრუნდით. რამდენიმე ლიტერატურული, კინო და თეატრალური ფესტივალის ინიციატორი ან თანამონაწილე ხართ. სპექტაკლის რეჟისორობასაც ხომ არ აპირებთ?

– ხულოში დაბრუნება ჩემთვის მხოლოდ პროფესიული ნაბიჯი არ ყოფილა, ეს იყო საკუთარ ფესვებთან დაბრუნებაც. რაც შეეხება რეჟისორობას, ამ ეტაპზე ჩემი მთავარი ამოცანა თეატრის ხელმძღვანელობა და მისი განვითარებაა. თუმცა, თეატრი ჩემთვის შემოქმედებითი სამყარო იყო და ასეა დღესაც.

საიუბილეო სეზონს როდის და რა სპექტაკლით ხსნით?

– 90 წლის იუბილე ჩვენთვის განსაკუთრებული მოვლენაა და გვინდა, საიუბილეო სეზონიც შესაბამისი იყოს. ვფიქრობთ ისეთ პროგრამაზე, რომელიც, ერთი მხრივ, თეატრის 90-წლიან ისტორიას გააცოცხლებს, მეორე მხრივ კი ახალ ეტაპს დაუდებს სათავეს. საიუბილეო სეზონში აუცილებლად იქნება პრემიერა და არაერთი საინტერესო ღონისძიება. მინდა, ეს წელი მხოლოდ თეატრისთვის კი არა, ჩვენი მაყურებლისთვისაც ნამდვილ კულტურულ დღესასწაულად იქცეს.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • სექტემბერი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *