„გამოცდილებამ მასწავლა, რომ შემოქმედებითი გზა უსასრულო ძიებაა“
By

„გამოცდილებამ მასწავლა, რომ შემოქმედებითი გზა უსასრულო ძიებაა“

ნინო მოდრეკილაძე წარმატებული ახალგაზრდა ხელოვანია, პოეტი, რომელმაც არაერთ ლიტერატურულ ფესტივალზე თავისი გამორჩეული პოეზიით აღიარება მოიპოვა და მკითხველთა სიყვარული დაიმსახურა. ახლახან ის მონაწილეობდა იტალიაში, კერძოდ, სიცილიაში გამართულ ფესტივალში და პრემია „სიკელია“ მოიპოვა. ეს პრემია სიცილიის სიმბოლოა, რომელიც აღიარებულ შემოქმედებს ენიჭებათ. ქალაქის მერმა ნინო საპატიო სტუმრად გამოაცხადა და პატივი მიაგო როგორც კულტურათა შორის რჩეულ დესპანს. სწორედ ამის თაობაზე გვესაუბრება ქალბატონი ნინო მოდრეკილაძე.

– სიცილიაში გამართულ ფესტივალზე მიღებული პრემია „სიკელია“ თქვენთვის პირადი შემოქმედებითი წარმატებაა თუ ქართული პოეზიის საერთაშორისო აღიარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი?

– საერთაშორისო პრემია ,,სიკელიამდე”, 2026 წლის აპრილში, დამაჯილდოვეს ქალაქ პალერმოში, ვან გოგისადმი მიძღვნილ ხელოვნების ფესტივალზე, რომლის დევიზი იყო: „რა იქნებოდა მსოფლიო, რომ არა ადამიანები, რომლებმაც გაბედეს…“
უფრო ადრე იყო იტალიის ქალაქ მატერაში მიღებული წმინდა ილია მართლის სახელობის პრემია „ივერია“,- ქალაქ ბარიში. „ივერია“,ქართული პრემიაა, დამფუძნებელია ნუგზარ – პეტრე ჭიაბერაშვილი. სწორედ ,,ივერიის“ საერთაშორისო მასშტაბებზე გასვლამ, რომლის უმაღლესი ჯილდოც გახლავთ უწმინდესისა და უნეტარესის, პატრიარქ ილია მეორის ლოცვა – კურთხევით შექმნილი ჯვარი, დამამეგობრა ქართველ ემიგრანტ ქალბატონ ფიქრია კუჭუხიძესთან. ის გახლავთ პრემია „ივერიის“ ოფიციალური წარმომადგენელი ქალაქ ბარიში, ამავე დროს, ,,La Via De L Arte“ – ს ოფიციალური დელეგატი იტალიაში, ასოციაცია ,,ქართული კულტურის სახლის“ ეგიდით. „La Via De L Arte“ – ს დამფუძნებელ მაესტრო რობერტო გუჩონეს, ჩემი პოეტური კრებული ,,აღარმე“, თანდართული ლიტერატურული ბიოგრაფიით, სწორედ ფიქრია კუჭუხიძემ წარუდგინა. ასოციაციას ასევე, ჰყავს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოდან – ხელოვანი, მხატვარი ნინა დარჩია. ამით იმის თქმა მინდა, რომ ნებისმიერი აღიარება, რომელსაც მე საზღვრებს გარეთ მივაღწევ, არასოდეს ეკუთვნის მხოლოდ ერთ ადამიანს. „სიკელია“ ჩემთვის, რა თქმა უნდა, დიდი სიხარულია, მაგრამ პირველ რიგში, ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ქართულ სიტყვას აქვს უნივერსალური ძალა, ქართულ პოეზიას – საერთაშორისო აღქმა, ხოლო ქართულ ღირებულებებს – სიყვარულსა და მეგობრობას – მარადიულობისა და ერთობის შეგრძნება.

– ქალაქის მერმა საპატიო სტუმრად გამოგაცხადათ და კულტურათა შორის ურთიერთობის დესპანი გიწოდათ. რას ნიშნავს თქვენთვის ეს შეფასება და რა პასუხისმგებლობას აკისრებს იგი ხელოვანს?

– სალვატორე პაგანო გახლავთ სიცილიის ქალაქ მონტეროსო ალმოს მერი – სინდაკო, როგორც იტალიაში იტყვიან. სწორედ მისი პატრონაჟით ჩატარდა „სიკელიას“ ფესტივალის დღეები. მან პირველივე დღეს გვიმასპინძლა. საქართველოდან, ჩემთან ერთად იმყოფებოდა აბაშის რაიონის სოფელ საგვაზავოს საჯარო სკოლის ისტორიის წამყვანი მასწავლებელი შორენა კუჭუხიძე, რომელიც, ასევე, ,,სიკელიით“ დაჯილდოვდა პედაგოგიური ღვაწლისთვის. აღნიშნული ჯილდო ასევე, გადაეცათ თავად ფიქრია კუჭუხიძეს, ჩვენს წარმდგენს, ხელოვანს, მოცეკვავეს, მსოფლიო საემიგრაციო სამსახურის ,,ANOLF“ – ის ერთადერთ ქართველ ოპერატორსა და ემიგრანტების დიდ იმედს; საქართველოს მწერალთა კავშირის თავჯდომარე მაყვალა გონაშვილს, პარლამენტარ ლადო კახაძესა და პრემია „ივერიას“ დამფუძნებელ ნუგზარ-პეტრე ჭიაბერაშვილს. მედლებს თან ერთვის სერტიფიკატები, სადაც ვკითხულობთ: ,,Sikelia 2026“ გადაეცემათ პიროვნებებს, რომლებმაც თავიანთი ნიჭით, თავდადებითა და ძალისხმევით შეძლეს თავის გამოჩენა ხელოვნების, მუსიკის, ცეკვის, კულტურის, სამოქალაქო ჩართულობის, მედიცინის, სამეცნიერო კვლევებისა და ყველა იმ სფეროში, სადაც ადამიანური გონება ხდება საზოგადოების მსახურების, ზრდისა და სილამაზის წყარო“.
ეს აღიარება პატივს მიაგებს მათ, ვინც ნამუშევრებით, სწავლით, პერფორმანსებით, აღმოჩენებითა თუ კულტურული და სოციალური წვლილით შეძლო მხატვრული მემკვიდრეობის ამაღლება შემოქმედებითობით, ხედვითა და ავთენტურობით; მუსიკალური და ცეკვის კულტურის, როგორც ჰარმონიისა და დიალოგის უნივერსალური ენის, პოპულარიზაციით; მეცნიერებისა და მედიცინის წინწაწევით, კვლევებით, მკურნალობითა და ინოვაციებით, რომლებიც აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრებას; პირადი მაგალითით, სამოქალაქო პასუხისმგებლობითა და ეთიკურობით, ადამიანური და სოციალური ფასეულობების გავრცელებით.
„Sikelia“ წარმოადგენს სიცილიის სიმბოლოს, რომელიც აღიარებს და პატივს სცემს იმ ადამიანების სიტყვას, კომპეტენციასა და მგრძნობელობას, ვისაც წვლილი შეაქვს უფრო ცნობიერი, შემოქმედებითი და სოლიდარული მომავლის მშენებლობაში. ამ დამსახურებებისათვის, მონტეროსო ალმოს (Monterosso Almo) მუნიციპალიტეტი, Pro Loco და კულტურული ასოციაცია “La Via dell’Arte” სიამაყით ანიჭებენ ,,Sikelia 2026″ ჯილდოს, როგორც მადლიერებისა და აღტაცების ნიშანს მათ მიმართ, ვინც საკუთარი საქმიანობით ამდიდრებს ჩვენი დროის კულტურულ, სამეცნიერო და ადამიანურ პანორამას. როგორც უკვე აღვნიშნე, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი კავალერი რობერტო გუჩონე, დირექტორი დოქტორი სალვატორე მორალე და მუნიციპალიტეტის მერი, დოქტორი სალვატორე პაგანო გახლდათ ჩვენი ძირითადი მასპინძლები.
ამგვარად, ქალაქის საპატიო სტუმრის წოდება და „კულტურათა შორის ურთიერთობის დესპანობა“, ნიშნავს, გახდე ცოცხალი ხიდი ორ ცივილიზაციას შორის. როდესაც ასეთ მისიას გაკისრებენ, მხოლოდ საკუთარი ლექსების პოლულარიზაციით აღარ შემოიფარგლები, შენ ხდები შენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობისა და მეხსიერების ანგარიშვალდებული ელჩი. მადლობელი და მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობისა და ემოციებისთვის.

– როდესაც ქართველი პოეტი უცხოელ მკითხველს საკუთარ შემოქმედებას აცნობს, რამდენად ადვილია ისეთი ემოციებისა და სათქმელის გადაცემა, რომლებიც კონკრეტულად ქართულ კულტურასა და გამოცდილებას ეფუძნება?

– ერთი შეხედვით, თითქოს ენობრივი და კულტურული კოდები ხშირად ძალიან სპეციფიკურია. თუმცა, პოეზიას აქვს საოცარი თვისება: რაც უფრო ღრმად ეროვნული და ავთენტურია განცდა, მით უფრო უნივერსალური ხდება იგი. სიყვარული, ტკივილი, თავისუფლების წყურვილი, სამყაროს შეგრძნება – ეს ხომ ყველასთვის გასაგები ენაა. თუ ლექსში დევს მართალი ემოცია და ოსტატური თარგმანიც ეხმარება მას, უცხოელი მკითხველი უშეცდომოდ გრძნობს იმ ეთნოკულტურულ სიღრმეს, რომელსაც ქართული სული ჰქვია.

– საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალებში მონაწილეობა მხოლოდ საკუთარი შემოქმედების წარმოჩენაა თუ სხვა ხალხების კულტურის, აზროვნებისა და ხელოვნების გაცნობის შესაძლებლობა?

– რა თქმა უნდა, ეს ორმხრივი პროცესია. მხოლოდ საკუთარი თავის საჩვენებლად წასვლა მცირედით შემოფარგვლა იქნებოდა. ფესტივალი არის ცოცხალი ორგანიზმი, სადაც ხდება კულტურათა გაცვლა. შენ მიგაქვს შენი ხმა, მაგრამ იმავდროულად უსმენ ათეულობით სხვა ხმას, სწავლობ, როგორ ხედავენ სამყაროს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები. ეს არის უზარმაზარი სულიერი გამდიდრება – მიიღო სხვისი გამოცდილება და ამით გააფართოო შენი საკუთარი შემოქმედებითი ჰორიზონტი.

– ფესტივალებში მონაწილეობის გამოცდილებამ როგორ შეცვალა თქვენი დამოკიდებულება საკუთარი პოეზიისა და ზოგადად, შემოქმედებითი გზის მიმართ?

– ამ გამოცდილებამ სიმშვიდესთან ერთად, პასუხისმგებლობა შემძინა. როდესაც ხედავ, როგორ ეხმიანება შენი სიტყვა სრულიად განსხვავებული ენისა და მენტალიტეტის ადამიანებს, იბადება სიღრმისეული რწმენა. დავრწმუნდი, რომ პოეზიაშიც და ურთიერთობებშიც, მთავარია გულწრფელობა. ყველა გამოცდილებამ მასწავლა, რომ შემოქმედებითი გზა უსასრულო ძიებაა. შესაბამისად, სიუჟეტებსაც, უფრო ფართო, გლობალურ კონტექსტში ვხედავ.

– დღეს კულტურული დიპლომატიის როლი უფრო იზრდება. თქვენი აზრით, შეუძლია თუ არა პოზიასა და ხელოვნებას იმ ხიდების შექმნა, რომელთა აგებაც პოლიტიკურ ურთიერთობებს ზოგჯერ უჭირს?

– უპირობოდ – დიახ. პოლიტიკა ხშირად საუბრობს ინტერესების, საზღვრებისა და დოგმების ენით, ხელოვნება კი – გულწრფელობის, ემპათიისა და ადამიანური განცდების ენით. როდესაც პოლიტიკური დიალოგი ჩიხში შედის, სწორედ კულტურა რჩება იმ ერთადერთ სივრცედ, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თვალებში ჩახედონ და წინასწარგანწყობების გარეშე გაუგონ ერთმანეთს. ხელოვნება აშენებს ხიდებს გულებზე დაყრდნობით, ასეთი ხიდები კი ყველაზე მყარია.

– სიცილია განსაკუთრებული ისტორიისა და კულტურის მქონე რეგიონია, იქ ყოფნისას რამ მოახდინა თქვენზე ყველაზე ძლიერი გავლენა?

– პირველ რიგში, ეტნა, რომელსაც ჭირვეულ ქალად აღიქვამენ სიცილიელები და არასდროს არაფერზე საყვედურობენ. მე აღტაცებით ვუვლიდი გარს და ვგრძნობდი მის ბობოქარ სულს. შემდეგ კი ქალაქები, სადაც ისტორია, მითოლოგია და თანამედროვეობა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ბერძნული ამფითეატრი ტაორმინაში ხომ მუზათა სამეფოა, სიცილიის არქიტექტურამ, წმინდა ტაძრებმა, მზისგან დამწვარმა პეიზაჟებმა და ქვის არქიტექტურამ წარუშლელი კვალი დატოვა ჩემს მეხსიერებაში. არ შეიძლება, არ ვახსენო მავრის თავები: ლეგენდის თანახმად, XI საუკუნეში, როდესაც სიცილია არაბთა (მავრთა) მმართველობის ქვეშ იყო, პალერმოს ისტორიულ კვარტალში (Kalsa) ცხოვრობდა ულამაზესი ახალგაზრდა ქალი. ის დროს აივანზე ყვავილების მოვლით ატარებდა. ერთ დღეს აივანთან ჩაიარა ახალგაზრდა მავრმა მებრძოლმა, რომელსაც ქალი დანახვისთანავე შეყვარებია. მან გრძნობები გაუმხილა და ქალსაც უზომოდ შეყვარებია უცხოელი რაინდი. მალევე ქალმა შეიტყო, რომ მავრს საკუთარ სამშობლოში ცოლი და შვილები ელოდნენ და მათთან დაბრუნებას აპირებდა. ღალატითა და ეჭვიანობით განრისხებულმა ქალმა შურისძიება გადაწყვიტა: ღამით, როდესაც მავრს ეძინა, თავი მოჰკვეთა.
იმისათვის, რომ საყვარელი მამაკაცი სამუდამოდ მასთან დარჩენილიყო, ქალმა მისი თავისგან ქოთანი დაამზადა, შიგ რეჰანი (ბაზილიკი) დარგო და აივანზე დადგა. რეჰანი, რომელიც იმ დროს „სამეფო მცენარედ“ ითვლებოდა, ქალის ცრემლებით ირწყვებოდა და საოცრად აყვავდა. მეზობლებმა რომ დაინახეს, რამდენად უხდებოდა ყვავილი ასეთ უჩვეულო ქოთანს, დაიწყეს თიხისგან მსგავსი თავების გამოძერწვა. დროთა განმავლობაში, ეს სიმბოლო სიცილიური კერამიკისა და საფეიქრო ხელოვნების სავიზიტო ბარათად იქცა, სადაც თითქმის ყოველთვის წყვილს (მავრი მამაკაცი და სიცილიელი ქალი) გამოსახავენ – გვირგვინებით, ციტრუსებითა და ბროწეულებით შემკულთ, რაც სიუხვის, ვნებისა და მარადიული სიყვარულის სიმბოლოა. მათ ყველგან ვხედავდი და სევდიანი შთაგონებით ვიხსენებ დღესაც.

– მსოფლიო ლიტერატურულ სივრცეში ქართული პოეზიის მიმართ რა არის ის, რაც ქართულ პოეზიას უცხოელი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესოს ხდის?

– ეს არის ჩვენი პოეტური ხმის განსაკუთრებული ტემბრი, სადაც ერთდროულად არის უძველესი, მითოლოგიური სიღრმე, ემოციური ტემპერამენტი და თანამედროვე, ევროპული აზროვნება. ქართულ პოეზიას აქვს უნიკალური მუსიკალურობა და მეტაფორული სიმდიდრე. უცხოელი მკითხველი ყოველთვის აღნიშნავს იმ განსაკუთრებულ ექსპრესიასა და სიღრმეს, რომელიც ჩვენს ლექსს ახასიათებს.

– როდესაც სხვადასხვა ქვეყნის შემოქმედნი ერთმანეთს ხვდებიან, იქმნება თუ არა ახალი შემოქმედები თანამშრომლობის შესაძლებლობები – თარგმნის, ერთობლივი პროექტის, ფესტივალებისა თუ ახალი კულტურული ინიციატივების სახით?

– დიახ, ასეთი შეხვედრები სწორედ ახალი პროექტების აკვანია. ფესტივალზე უკვე ჩაეყარა საფუძველი რამდენიმე საინტერესო ინიციატივას – თარგმნით პროექტებსა და სამომავლო კულტურულ გაცვლებს. თარგმანი ხომ პოეზიის მეორე სიცოცხლეა სხვა ენაზე. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრები გარდაიქმნება ახალ წიგნებად, ერთობლივ ანთოლოგიებად და პროექტებად, რომლებიც ქართულ-იტალიურ კულტურულ კავშირებს კიდევ უფრო გააღრმავებენ.

– დაბოლოს, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი შემოქმედებითი გზა მომავალში – რა გსურთ უთხრათ მსოფლიოს ქართულ პოეზიაზე და რა გსურთ თავად აღმოაჩინოთ ამ სამყაროს კულტურებს შორის?

– ჩემი შემოქმედებითი გზა წარმომიდგენია როგორც მუდმივი მოძრაობა, ძიება და გაფართოება. მსოფლიოს მინდა ვუთხრა, რომ ქართული პოეზია არის ცოცხალი, ძლიერი, უნიკალური საგანძური, რომელსაც შეუძლია მსოფლიო ლიტერატურულ რუკაზე უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავოს.

 ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • სექტემბერი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *