გიორგი ბარამიძე – განცხადებიდან დაკავებამდე
By

გიორგი ბარამიძე – განცხადებიდან დაკავებამდე

,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, გიორგი ბარამიძე 11 სექტემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. დაკავების მიზეზი გახდა იაგო ხვიჩიას გადაცემაში ,,საქართველოს დაბადება“ გაკეთებული განცხადება, სადაც თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველებს ტყვეები არ აჰყავდათ, ხვრეტდნენ“.
7 აგვისტოს, პროკურატურამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის შემდეგ, გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 307¹ და 318-ე მუხლებით მიმდინარეობდა. პირველი სამშობლოს ღალატს ეხება, მეორე კი საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნას.
11 სექტემბერს, ბარამიძის დაკავების შემდეგ, აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ბარამიძის ეს განცხადება მიზანმიმართულად აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს.
,,გიორგი ბარამიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლო და გამოგონილია, ატარებს მიზანმიმართულ, იდეოლოგიურ-საინფორმაციო ხასიათს და ემსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების, საგარეო უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანებას.
გიორგი ბარამიძის განცხადებით, შეილახა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი და იმიჯი, აგრეთვე შეიქმნა სამართლებრივი და პოლიტიკური რისკები საერთაშორისო ინსტანციებში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის და იურიდიული პროცედურების გაძლიერებისა და გამოყენებისათვის. მისმა განცხადებამ დააზიანა საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაცია, შეილახა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებისა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივი და ღირსება.

ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, გიორგი ბარამიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს “- განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
12 სექტემბერს გიორგი ბარამიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მისი ნათქვამი სხვაგვარად აღიქვეს. მან ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ სიტყვა „ხვრეტდნენ“ არ უნდა გამოეყენებინა და უფრო ფრთხილი უნდა ყოფილიყო.
,,მეუხერხულება, რომ მიწევს იმაზე ლაპარაკი, არ ვარ სამშობლოს მოღალატე. თუ ვინმემ ასე გაიგო, თუ ვინმეს უნებლიეთ გული ვატკინე, ბოდიშს ვუხდი, ვინც ამ პროპაგანდის მსხვერპლი გახდა, ვინც წამოეგო ამ რუსულ პროპაგანდას, ვინც არ ნახა ჩემი ინტერვიუ და ემოციები გამოიწვია ამან მასში. თურმე მე დავადანაშაულე ჩვენი ხალხი, ჩვენი ჯარი. სიტყვა „ხვრეტდნენ“ იწვევს ასოციაციას და არ უნდა მეთქვა ეს, უფრო ფრთხილი უნდა ვყოფილიყავი. გავიზიარე ეს კრიტიკა, მაგრამ არანაირად არ მითქვამს ის აზრი, რომლის მოწერასაც ცდილობენ“, – აღნიშნა ბარამიძემ.
გიორგი ბარამიძის დაკავებას ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მხრიდან განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციური სპექტრის სხვა წარმომადგენლები მის დაკავებას პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავენ და პოლიტიკურ რეპრესიად აფასებენ.
,,რუსებმა რამდენიმე წლის წინ გია ბარამიძეს მიუსაჯეს მრავალწლიანი პატიმრობა რუსეთში და ახლა ,,რუს-ქოცებმა“ გაიმეორეს ზუსტად იგივე და ადამიანი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იარაღით ხელში იბრძოდა, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას, რომელიც უკრაინაში იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, დააკავეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ასრულებენ რუსეთის დავალებას“, – განაცხადა მედიასთან საუბარში ანა წითლიძემ.

თავდაცვის ექსმინისტრის დაკავებას გამოეხმაურა ,,კოალიცია ცვლილებისთვის“, სადაც აღნიშნავენ, რომ ბარამიძის მიმართ წაყენებული ბრალდება ყალბია.

კოალიცია ცვლილებისთვის“, მხარდაჭერას უცხადებს ივანიშვილის მიერ უკანონოდ დაკავებულ გიორგი ბარამიძეს და მის ოჯახს.
სამშობლოს ღალატის ყალბი ბრალდებით გიორგი ბარამიძის დაკავება იმ რეჟიმის მიერ, რომელიც წლების განმავლობაში 2008 წლის ომის დაწყებას საკუთარ სამშობლოს აბრალებს, რომელიც საქართველოს ეროვნულ გმირ გიორგი ანწუხელიძეს ,,პიარს შეწირულს“ უწოდებს, რომლის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებს რუსეთის დადასტურებული ჯაშუშები იკავებენ, რომელმაც შექმნა სამშობლოს ღალატის ე.წ. საპარლამენტო კომისია, არის კლასიკური რუსული ცინიზმი და საკუთარი მოღალატეობრივი პოლიტიკის მიჩქმალვის მცდელობა, – ვკითხულობთ მათ განცხადებაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ,,თავისუფალი ხალხის პარტიის~ (ყოფილი ,,გირჩი“)“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ და აღნიშნა, რომ ბარამიძე სამშობლოს მოღალატე არაა.
,,რას არ აბრალებდით გიორგი ბარამიძეს და ბოლოს გამოვიდა, რომ ჩემი გადაცემის გამო დაიჭირეთ?.. ეს იმას ნიშნავს, რომ მის მიმართ სხვა არანაირი რეალური ბრალდება არ გქონდათ… ბარამიძის მიერ სამშობლოს ღალატი ჩემს გადაცემაში, უბრალოდ არაფერში წერია, ეს არის ქართული მართლმსაჯულების სირცხვილი… მაინტერესებს, რა სამართლებრივი საფუძველი არსებობს, რომ ასეთი რაღაცის მოყოლის გამო კაცი სამშობლოს ღალატზე გაასამართლო… იმის გამო, რომ ვიღაცამ რაღაც თქვა, რა შუაშია სისხლის სამართლის საქმის აღძვრა… ლაპარაკის გამო ადამიანის დაჭერა არ შეიძლება… ბარამიძემ რაც თქვა, სისულელე იყო, მაგრამ ამის გამო ის სამშობლოს მოღალატე არაა“, – განაცხადა მედიასთან საუბარში იაგო ხვიჩიამ.
მმართველი გუნდი კი ბარამიძის დაკავების საქმეს სამართლებრივი საფუძვლით ხსნის.

,,გია ბარამიძის ამ უმძიმეს და სამარცხვინო განცხადებას როგორც მორალური, ისე სამართლებრივი მხარე გააჩნია. მორალური თვალსაზრისით, ბარამიძემ ქართულ ჯარს და სახელმწიფოს უმძიმესი დანაშაული დააბრალა, მან სამარცხვინოდ და ამორალურად შეაფასა ქართული ჯარის საქციელი, თითქოს ის აყვანილ ტყვეებს ხვრეტდა. ბუნებრივია, რომ ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა მთლიანად ქართულ სახელმწიფოს და სამხედრო ძალებს. სწორედ ამიტომ მოხდა იმ სამართლებრივი პროცესის წარმოება ბარამიძის მიმართ, რაც საზოგადოებამ იხილა. ვერანაირი გადაკეთება და შინაარსის შეცვლა ვერაფრით გამოასწორებს იმ უდიდეს მოცემულობას, რაც ბარამიძემ საკუთარი განცხადებით დააბრალა ქართულ ჯარს“, – განაცხადა მედიასთან საუბარში ,,ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა.
გიორგი ბარამიძის განცხადებას სამარცხვინო უწოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
,,გიორგი ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენი, თავისი სამარცხვინო, ცრუ განცხადებებით ის შეეხო ყველაფერ ქართულს, ქართულ კულტურას, ქართულ ადამიანობას, ჩვენს ცივილიზებულობას შეეხო, რაც სამარცხვინოა. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის უკან დგას შესაბამისი დაკვეთა. ამას უკავშირდებოდა ასევე სხვა კამპანიებიც, რაც მიმართული იყო აფხაზეთში საწვავის შეტანის წინააღმდეგ და ა.შ. იყო მიზანმიმართული კამპანია და ამ კამპანიის შემადგენელი ნაწილი იყო ბარამიძის არა მარტო ყოვლად გაუმართლებელი, არამედ ამაზრზენი და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება. ეს არის პოლიტიკური შეფასება. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ასეთ საკითხებზე სამართლებრივ შეფასებას არ, ვერ აკეთებს და არ უნდა აკეთებდეს პოლიტიკური თანამდებობის პირი. შესაბამისად, ეს საკითხი დავტოვოთ იმ ორგანოების კომპეტენციის ქვეშ, რომლებიც სამართლებრივად არიან პასუხისმგებლები მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა პრემიერმა მედიასთან საუბარში.

 

 

  • No Comments
  • სექტემბერი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *