პაპუაშვილი: საქართველო მეორე ფრონტის როლისთვის იყო გამზადებული
By

პაპუაშვილი: საქართველო მეორე ფრონტის როლისთვის იყო გამზადებული

საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის საკითხზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის გარკვეული პოლიტიკური ძალები მზად იყვნენ, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართულიყო. მისი თქმით, ამ სცენარის განხორციელების შემთხვევაში საქართველო ევროკავშირის უსაფრთხოების უზრუნველყოფის „ხარჯეფექტურ“ გზად უნდა ქცეულიყო.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებაზე, რომ „უკრაინის მხარდაჭერა არის გერმანიის უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ხარჯეფექტური გზა“.
პაპუაშვილის შეფასებით, ეს განცხადება საერთაშორისო პოლიტიკის მიდგომებსა და დამოკიდებულებებს აჩვენებს.
„უკრაინას უყურებენ, როგორც საკუთარ თავდაცვის ხაზს. არაერთხელ უთქვამთ, რომ უკრაინა არის თავდაცვის ხაზი ევროპის ქვეყნებისთვის. კი ხარჯეფექტური, რადგან თავად არ უწევთ ბრძოლა, არ იღვრება გერმანელების, ფრანგებისა და ლიეტუველების სისხლი, იღვრება უკრაინელების სისხლი, რათა ევროკავშირის თავდაცვა იყოს უზრუნველყოფილი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა ცივსისხლიანი არის საერთაშორისო პოლიტიკა და რა ადვილია ზოგიერთისთვის ასეთი ტონით, ასე პირდაპირ და უტიფრად საუბარი, რომ უკრაინა გამოიყენება ევროკავშირის იაფად დასაცავად.
კიდევ ერთხელ უნდა გაიაზროს ყველამ, რა ბედი ელოდა საქართველოს, პარლამენტსა და ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ჯგუფი იმ ადამიანებისა, რომლებიც დღესაც სხვა ქვეყნის დროშებს აფრიალებენ. გაუხარდებოდათ კიდეც, წინა ხაზზე ყოფილიყვნენ. სხვა რამე კი არ თქვა ზურა ჯაფარიძემ, რაღაცით დავეხმაროთ ჩვენცო, ერთ 20 000 ჯარისკაცს ხომ მაინც შევაკავებთო, ბრძოლით ხომ შევაკავებთ და ვეღარ მოიცლის იქ საბრძოლველადო. ამისთვის იყვნენ მზად, ამისთვის იყო გამზადებული საქართველო. ამისთვის იყო მცდელობა 2020 წელს არჩევნების შედეგების გაყალბებისა, ამისთვის იყო მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანა და შემოპარება უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების მიერ 2021 წელს, მანამდე – კონსულტაციებით ბრიუსელსა და ვაშინგტონში. საბოლოო ჯამში, საქართველოს უნდა ეთამაშა მეორე ფრონტის როლი, რომ ხარჯეფექტური ყოფილიყო ევროკავშირის დაცვა და ჩვენ აქ გვეომა, გაგვეჩერებინა რუსი ჯარისკაცები, როცა სხვები სემინარებზე და დისკუსიებზე დასხდებოდნენ და მშვიდად ისაუბრებდნენ ჩვენს ბედზე, ტაშს დაგვიკრავდნენ და წითელ ხალიჩებს დაგვიგებდნენ, მაგრამ წითელ ხალიჩაზე გამვლელიც აღარ დარჩებოდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ საქმეებთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართლებრივ პროცესებზე.
„გზა, რომელიც ჩვენ გვაქვს არჩეული საერთაშორისო სამართლებრივ პლატფორმაზე, არის ერთი, რომ ჩვენ შემოვაბრუნეთ, ფაქტობრივად, წაგებული საქმეები სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის, რომელმაც მტკიცებულებების არგამაგრებით, იმით, რომ არასწორად იქნა წარმოებული პროცესები, მათ შორის, ერთი პროცესი საერთაშორისო სასამართლომ არც კი მიიღო წარმოებაში, იმდენად არასწორად იყო მიმართვა. ამით შანსი დაგვიკარგეს ჩვენც, შემდეგ ხელისუფლებას, ვინაიდან ერთხელ უკვე უარყოფილი საჩივარი იყო და ხელმეორედ ვეღარ მიმართავდა საქართველო სასამართლოს, სადაც იქნებოდა სარჩელი სახელმწიფოს, ანუ საქართველოსი რუსეთის წინააღმდეგ. ეს შანსი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა დააკარგვინა ამ ქვეყანას, რომ სამართლებრივად იქაც დაგვემტკიცებინა ჩვენი სიმართლე. ჰააგასა და სტრასბურგში, ფაქტობრივად, იყო უიმედო საქმეები, ისე მიჰყავდა პროცესი „ნაცმოძრაობას“ საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის, ჩართული იყვნენ უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციები, მათ შორის, საია, რომელიც სამართლებრივად რუსეთის მხარეს იბრძოდა საქართველოს წინააღმდეგ. ეს ყველაფერი შემოაბრუნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და გავიმარჯვეთ ყველა სასამართლოში. ახლა მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ ასრულებს ვალდებულებებს, რეგულარულად შევახსენოთ სამართლებრივად რუსეთს და არ დავავიწყოთ სამყაროს, რომ შესასრულებელია ვალდებულებები, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილებები და ადრე თუ გვიან ეს გადაწყვეტილებები შესრულდება“, – განაცხადა პაპუშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები.

  • No Comments
  • სექტემბერი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *