„თანმიმდევრული მოქმედი ძალა არსებულ მსოფლიო წესრიგსა თუ უწესრიგობაში მხოლოდ ჩინეთია“
დამარცხებული რუსეთი ნიშნავს ეკონომიკურად და პოლიტიკურად განადგურებულ რუსეთს, რომელსაც აგრესიის შესაძლობლობა არ ექნება, ხოლო გამარჯვებული რუსეთი ნიშნავს მეზობელი სახელმწიფოების ოკუპაციას, რისი თვალსაჩინო მაგალითიც უკრაინაა. სწორედ ასეთ მოსაზრებას ავითარებენ ექსპერტები და დასავლეთს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტორიტარული რეჟიმები ცივილიზებული სამყაროს სისუსტეს სათავისოდ გამოიყენებენ. ამ მიმართებით საერთაშორისო პოლიტიკაში სულ უფრო გავლენიანი ძალა ხდება ჩინეთი, მით უფრო – აშშ-ირანის კონფლიქტისა და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე. ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ჰამბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი კობა ჯუმუშაძე.
– უკრაინის ომი და აშშ–ირანის დაპირისპირება რა გავლენას ახდენს ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებაზე?
– მე ასე ვიტყოდი: ეს არის რუსეთის ომი უკრაინაში, რომელიც „წაიღო“ მან მეზობელ რესპუბლიკაში, მაგრამ მთელი რიგი მცდარი გათვლების გამო, ეს ომი უკანვე უბრუნდება რუსეთს ფედერაციის მიწებზე. შესაბამისად, თქვენს კითხვას თუ დავუბრუნდებით, ხსენებული ომებისა თუ დაპირისპირებების ესკალაციის სამი მთავარი მოსურნე იკვეთება. პირველ რიგში, ეს არის რუსეთი, როგორც გამოკვეთილი აგრესორი უკრაინის მიმართ, შემდგომ – აშშ და ირანი. გავითვალისწინოთ, რომ არც უკრაინაში რუსეთის ომი დაწყებულა 2022 წლის 24 თებერვალს და არც აშშ-ირანის დაპირისპირების ათვლა შეიძლება 2026 წლის 28 თებერვლიდან. ამ ორივე კონფლიქტს უფრო ღრმა ფესვები აქვს, თუმცა მსოფლიო გეოპოლიტიკური წესრიგის თვალსაზრისით, ეს ორი თარიღი აუცილებლად საგულისხმოა. გეოპოლიტიკა, როგორც დარგი, დაწყებული ვესტფალიის ზავის ეპოქიდან დღემდე, იცნობს დაახლოებით ხუთ გეოპოლიტიკურ ეპოქას. ამ დარგის სპეციალისტები თანხმდებიან, რომ განსხვავებით 1991-2008 წლებისგან, როცა გეოპოლიტიკურად უნიპოლარული მსოფლიო წესრიგი იყო აშშ-ის თაოსნობით, დღეს გვაქვს მულტიპოლარული წესრიგის ფორმირების პროცესი. საბოლოოდ თუ რა სახეს მიიღებს ეს წესრიგი, რთულია პროგნოზირება, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არავინ იცის ზუსტად, საით გადაიხრება მიმდინარე დაპირისპირებების სასწორი, ასევე რთულია თქმა, კიდევ რა პოტენციური ესკალაციების და დაპირისპირებების წინაშე აღმოჩნდება მსოფლიო მანამ, სანამ საბოლოოდ გამოიკვეთებიან მულტიპოლარული გეოპოლიტიკური ეპოქის წამყვანი მოთამაშეები.
– ნებისმიერი ომი მისი არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური შედეგით იზომება. რა მიზანს მიაღწია ამ ომში აშშ–მა ირანთან მიმართებით?
– საქმე ისაა, რომ ტრაპის ადმინისტრაციის მხრიდან, მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოდან დაწყებული, ესკალაციის ახალი ეტაპი თავიდანვე მოკლებული იყო რომელიმე გამოკვეთილ მიზანს. სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა მიზანი სახელდებოდა: ჯერ იყო ირანის ბირთვული პოტენციალის განეიტრალება, მერე – რეჟიმის ჩამოშლის მცდელობა, ამას მოჰყვა ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის და, ასევე, ირანის მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოების საკითხები. არცერთ ამ საკითხში კონკრეტული სიცხადე ან სიცხადისკენ მიმავალი ტენდენციაც კი არ არსებობს. ეს ალბათ ტრამპის პოლიტიკის დაძაბული და აჩქარებული (ჰექტიკური) სტილიდან გამომდინარეობს. რთულია ამ ტიპაჟის პოლიტიკოსისგან ხელშესახები პოზიტიური პოლიტიკური შედეგის მიღება. უფრო პირიქით, აჩქარებულ, დაუგეგმავ, პოპულიზმზე გათვლილ პოლიტიკურ სვლებს ხშირად გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვება. ამის ნათელი დასტურია შიდა პოლიტიკაში მისი რეიტინგის ვარდნა და ის, თუ რატომ ვერ შეხვდება ტრამპი ნოემბრის შუალედურ არჩევნებს გულდამშვიდებული. დიდი შანსია, „დემოკრატებმა“ უმრავლესობა მოიპოვონ არა მხოლოდ კონგრესში, არამედ სენატშიც, რაც ტრამპს თუ ბოლომდე ვერა, საკმაოდ მაინც „გაურთულებს ცხოვრებას“. ხოლო საგარეო პოლიტიკური შედეგი რომ უარესია, ამას მოწმობს ის გარემოებაც, რომ ჰორმუზის სრუტეში გართულებულ ნაოსნობას სულ ახლახან დაემატა ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გართულებული ნაოსნობაც. როგორც ცნობილი გახდა სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, ირანის პროქსიძალად მიჩნეულმა იემენელმა ჰუსიტებმა კონტროლი დაამყარეს ამ სრუტის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ საპორტო პუნქტებსა და სრუტეში მდებარე კუნძულებზე. შესაბამისად, ისედაც გართულებულ ლოგისტიკურ და სანავიგაციო პრობლემებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა დაემატა, რაც საშუალოვადიან პერიოდში აისახება უამრავი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და ნავთობის ფასის ზრდაზე.
– აშშ–ირანის ომით რა სარგებელი ნახეს ჩინეთმა და რუსეთმა?
– ამ შემთხვევაში, ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ამ ქვეყნების ინტერესები, გარკვეულწილად, ემთხვევა ერთურთს, თუმცა არა ბოლომდე. რუსეთის ინტერესი მდგომარეობს კონფლიქტის მაქსიმალურ ესკალაციაში. ამას ორი მიზეზი აქვს, აშშ-ის საბრძოლო მარაგების მიმართვა ამ კონფლიქტისკენ, რათა აშშ-მა აღარ გაყიდოს იარაღი დასავლელ „მსურველთა კოალიციის“ წევრებზე, რომლის დიდი ნაწილიც უკრაინის ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას ხმარდება და მეორე – მაქსიმალურად აიწიოს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა, რაც თავის მხრივ ძალიან წაადგება კრემლის რეჟიმს ომის დაფინანსების და ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფი შიდა ეკონომიკის სტიმულირების კუთხით. რაც შეეხება ჩინეთს, ის ამ კონფლიქტის ფონზე, გარკვეულწილად, სარგებლობს ირანში შესყიდული იაფი ნავთობის იმპორტირებით, რადგან მას არ აქვს დაბრკოლება ჰორმუზის სრუტით სარგებლობის კონტექსტში და შეუძლია გადააადგილოს ამ მონაკვეთზე თავისი ტანკერები, მაგრამ მის ინტერესში ამერიკის და ირანის დაძაბული ურთიერთობა უფროა, ვიდრე ამ კონფლიქტის სრული ესკალაცია მეზობლების ჩართულობით. ასეთ შემთხვევაში, სიტუაცია ჩინეთისთვისაც კი არაპროგნოზირებადი გახდება, რაც აუცილებლად მოახდენს გავლენას ჩინურ წარმოებასა და შესაბამისად – ექსპორტის მოცულობაზეც.
– ზემოაღნიშნული ომი, გარკვეულწილად, უნდა დავინახოთ ამერიკულ – ჩინურ დაპირისპირების ჭრილში?
– ასე შეგვიძლია დავინახოთ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ჩინეთისთვის ირანი საინტერესო ქვეყანაა ეკონომიკური ექსპანსიის კუთხით. ჩინეთი ირანული ნავთობის უმსხვილესი შემსყიდველია, შესაბამისად, ჩინური ეკონომიკური სტაბილურობა ნაწილობრივ დამოკიდებულია ირანულ იაფ ნავთობსა და საზღვაო ნავიგაციის უსაფრთხოების საკითხებზე. ამიტომაც, ჩინეთს რამდენადაც აწყობს შესუსტებული ირანი (და ასევე აშშ-იც), ამდენადვე უსარგებლოა მისთვის პერმანენტული დაძაბულობა და საზღვაო მიმოსვლის შეფერხება ან საერთოდ ჩავარდნა. სწორედ ამის გამოძახილი უნდა იყოს ისიც, რომ მიმდინარე თვის 24 რიცხვისთვის ჩაინიშნა სი ძინპინისა და ტრამპის შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში. განხილვის ერთ-ერთ საკვანძო საკითხს, ბუნებრივია, წარმოადგენს აშშ-ირანის დაპირისპირება. შესაბამისად, დაველოდოთ, თუ რა მინიშნებები ან გადაწყვეტილებები გამოვა დღის სინათლეზე ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მართალია, ეს შეხვედრა ვერ გადაწყვეტს თავად დაპირისპირების საკითხს და ორივე ეს აქტორი თავისებურად გააგრძელებს საკუთარი ჰეგემონიური ინტერესების დაცვას მსოფლიო გეოპოლიტიკურ ასპარეზზე, თუმცა სი, პუტინისა და ტრამპისგან განსხვავებით, უფრო რაციონალური და პროგნოზირებადი აქტორია, რომელიც არის არა ომის ექსპორტიორი, არამედ ეკონომიკური ექსპანსიის მიმდევარი და შესაბამისად, საინტერესოა, რას ჩაიტანს აშშ-ში და რას წამოიღებს იქიდან.
– უკრაინა თანმიმდევრულად ბომბავს რუსეთის ტერიტორიაზე სტრატეგიულ (სამხედრო, სანავთობო და სამრეწველო) ობიექტებს, ეს რისი მანიშნებელია?
– პირველ რიგში, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ უკრაინა დღეს ბევრად უფრო მილიტარიზებული და შემდგარი ქვეყანაა, ვიდრე იყო 2022 წლის თებერვლისთვის, ან მით უმეტეს – 2014-ის მარტში, ყირიმის ანექსიისას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უკრაინამ მოიკრიბა ძალა არა მხოლოდ საკუთარი თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად, არამედ აჩვენა ყველას (ვისაც შეუძლია რამის დანახვა), თუ რა ძალასთან აქვს საქმე მსოფლიოს კრემლის სახით, ამ კუთხით არსებული გარკვეული მითებიც ჩამოშალა და რეალობასთან თვალის გასწორებაშიც დაეხმარა ბევრს. თუ გახსოვთ, ომის ახალი ეტაპის დაწყებისას, როგორც ბაიდენის ადმინისტრაცია, ისე ევროპელ ლიდერთა უმრავლესობა რუსეთის ტერიტორიებზე თავდასხმას უკრაინის მხრიდან წითელი ხაზების გადაკვეთად მიიჩნევდნენ და დღემდე არ მიეწოდება უკრაინას მათი მხრიდან შესაბამისი ტიპის საბრძოლო მასალა, თუნდაც ისეთი, როგორიც, მაგალითად, გერმანულ-შვედური ტიპის ფრთოსანი რაკეტა „ტაურუსია“. სწორედ ამ პირობებში, უკრაინამ, ბუნებრივია, დასავლელი პარტნიორების დახმარებით, შეძლო და თავად განავითარა შესაბამისი საშუალებები, რათა ომი, უკრაინის გარდა, რუსულ მიწაზეც საგრძნობი გამხდარიყო და კრემლის მომხრე მოქალაქეების აზროვნებაში თანდათანობით შეეტანა გარკვეული კორექტივები. ფაქტია, რომ უკრაინა ამ კუთხით წარმატებას აღწევს, რაც მისასალმებელია. ხოლო რაც შეეხება თავად დარტყმებსა და მათ მილიტარისტულ ან სამხედრო მნიშვნელობას, უკრაინულმა მხარემ მშვენივრად უწყის, რომ შორეული დარტყმებით ჯერ თითქმის არცერთი ომის ბედი არ გადაწყვეტილა (თუნდაც აშშ-ის დარტყმები ავიღოთ ირანზე) და რომ ომის ბედი ან თავად ბრძოლის ველზე, ან დიპლომატიური მოლაპარაკებების მაგიდასთან წყდება. მაგრამ ამ ორივე ფრონტზე კონკრეტული წარმატების მისაღწევად, შორეული დარტყმები სამხედრო-ლოგისტიკურ ობიექტებზე საუკეთესო დამხმარე საშუალებაა.
– „რუსეთი შესაძლოა მალე თავს დაესხას ნატოს წევრ ქვეყნებს, რათა ალიანსი გამოსცადოს“, – ამის შესახებ აღნიშნულია შვედეთის პარლამენტის კომიტეტის ანგარიშში, რას ფიქრობთ?
– კრემლის ნეოიმპერიალისტურ ფანატიზმს არსებული რეჟიმის ხელში საზღვრები არასდროს ექნება. ნებისმიერი სახის ფანატიზმი იმიტომაა სახიფათო, რომ მისთვის მიზანი ყოველთვის ამართლებს საშუალებას და როგორ დაიწყლულებს ამ ფანატიკურ მიზნებს, მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება. ეს უკვე ძალიან კარგად დაინახეს და გააცნობიერეს დასავლეთის ქვეყნების მმართველი სტრუქტურების უმრავლესობაში. ეს ქვეყნები, როგორც კავშირების (იქნება ეს ევროკავშირი თუ ნატოს სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი), ისე ეროვნულ დონეზე, სხვადასხვა სცენარს განიხილავენ. მართალია, პუტინმა ჯერ კიდევ 2024წლის დასაწყისში ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არავითარი ინტერესი არ აქვს, თავს დაესხას ალიანსის წევრ ქვეყანათაგან რომელიმეს, მაგალითად, პოლონეთს ან ბალტიისპირეთის ქვეყნებს და მას შემდეგაც არაერთხელ გაიმეორა ეს, მაგრამ როცა იგი მსგავს რამეს ხშირად იმეორებს, მაშინ უფრო მეტი ყურადღების გამოჩენაა საჭირო. ბოლო პერიოდში ჩვენ ვიხილეთ ისეთი ექსცესები, როგორიცაა ფეთქებადი ნივთიერებით (სემტექსი) აღჭურვილი რუსული დრონები გერმანიის ლაიფციგის აეროპორტში, რომელიც ტექნიკური ხარვეზების გამო ვერ მოვიდა მოქმედებაში, ასევე -ბალტიის ზღვაში რუსული ფრეგატიდან დანიური სამხედრო ვერტმფრენის მისამართით გაშვებული სასიგნალო რაკეტა, რომელიც ასცდა ვერტმფრენს. იყო სხვა ექსცესებიც პოლონეთისა თუ რუმინეთის ტერიტორიებზე. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ანალიზდება შესაბამისი დასავლური სტრუქტურების მხრიდან და მზადდება ანგარიშები. თქვენ მიერ ნახსენები ანგარიშიც ერთ-ერთი ამათგანია. ზოგადად კი დასავლელ სამხედრო თუ უსაფრთხოების ექსპერტთა მხრიდან არაერთი მსგავსი სცენარის შესახებ ყოფილა საუბარი. ყველაზე ინტენსიური განხილვის საგანი იყო გერმანელი მკვლევარის კარლო მასალას ჰიპოთეზა ესტონეთის ქალაქ ნარვასთან დაკავშირებით, სადაც ამ ქალაქზე რუსული იერიში და ნატოს, როგორც ალიანსის გამოცდის სცენარია განხილული.
– დაბოლოს, ამ ახალ მსოფლიო წესრიგში უკრაინის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მომავალი როგორი იქნება?
– ძალიან დიდი სიფრთხილით ვიტყოდი იმას, რომ ამ დროისთვის არსებული კონტურების ფონზე, ტრამპის აშშ თავის როლს მსოფლიო გეოპოლიტიკურ წესრიგში, ზედმეტად გადაჭარბებული მერკანტილისტური მიზნებიდან გამომდინარე, საგრძნობლად აკნინებს. შეიძლება ითქვას, ტრამპი აცამტვერებს კიდეც აქამდე დაგროვილ აშშ-სეულ პოლიტიკურ კაპიტალს. იგივეს აკეთებს კრემლის რეჟიმიც, ოღონდ ამის მიზეზი არა მერკანტილისტური, არამედ უფრო განდიდების მანიის დაუოკებელი, ფანატიზმში გადაზრდილი პრობლემაა. ყველაფერ ამის ფონზე, ცივად, დაკვირვებით და შედარებით თანმიმდევრულად მოქმედი ძალა არსებულ მსოფლიო წესრიგსა თუ უწესრიგობაში მხოლოდ ჩინეთია. რეგიონულ, მაგრამ ასევე დიდ და ცივილურ ძალას წარმოადგენენ ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი და კანადა. ჩვენ ვხედავთ კანადის მცდელობას, ვაშინგტონთან გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური სიმბიოზი ჰქონდეს ევროპის ქვეყნებთან და ევროსტრუქტურებთან. რამდენიმე დღის წინ კანადის პრემიერმა მარკ კარნიმ წამოჭრა კიდეც საკითხი კანადის ასოცირებულ წევრობაზე ევროკავშირში. მანამდე კი, მიმდინარე წლის იანვარის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მან ისაუბრა „საშუალო ძალის“ (Middle Powers) მქონე ქვეყნების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ასეთ სიტუაციაში შედარებით უფრო რეალისტურად მეჩვენება, რომ თუ უკრაინისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკური გათვლები მჭიდროდ დაუკავშირდება, ერთი მხრივ, ამ საშუალო ძალების ცივილიზებულ ალიანსს (იგულისხმება ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, კანადა), მეორე მხრივ კი გარკვეული სიფრთხილით მაგრამ მაინც, ჩინური ეკონომიკის ბენეფიტებით ისარგებლებს, ამ მსოფლიო უწესრიგობიდან ფონს გასვლა შედარებით ნაკლები დანაკარგებით გახდება შესაძლებელი. ეს არ გამორიცხავს სწრაფვას აშშ-თან და ნატოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენა-გაღრმავების კუთხით, თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციის არსებული სახით შენარჩუნების შემთხვევაში, ეს ნაკლებად შესაძლებელია. რაც შეეხება ახლანდელი კრემლის რუსეთის ფაქტორს, მისგან მაქსიმალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ დისტანციაზე ყოფნა, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლოდ აუცილებელია. ეს არ ნიშნავს პირდაპირ კონფრონტაციაში შესვლას, მაგრამ გამორიცხავს ზედმეტ სიახლოვეს.
ლაშა ხომერიკი