მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს მზარდი გეოპოლიტიკური როლი ახალ შესაძლებლობებს ქმნის
By

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს მზარდი გეოპოლიტიკური როლი ახალ შესაძლებლობებს ქმნის

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში კონკორდიას ყოველწლიურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. პანელურ დისკუსიაზე, სახელწოდებით „სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა და შავი ზღვა, როგორც სტაბილურობის საყრდენი“, მინისტრმა საქართველოს მზარდ გეოპოლიტიკურ როლზე, შეერთებულ შტატებთან პარტნიორობაზე, ევროპულ ინტეგრაციასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა სამხრეთ კავკასიის მზარდ მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ რეგიონის როლი არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური თვალსაზრისითაც იზრდება, რაც საქართველოსთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
ვიცე-პრემიერმა ასევე, ხაზი გაუსვა ფართო რეგიონში მიმდინარე პროცესების მნიშვნელობას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ამ კონტექსტში საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მრავალწლიან პარტნიორობაზე ისაუბრა.
„საქართველოს დიდი ხნის განმავლობაში თავისი წვლილი შეჰქონდა შეერთებული შტატებისა და ნატოს ეგიდით წარმოებულ მისიებში. ჩვენ ვამაყობთ ამ ათწლეულების განმავლობაში ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული პარტნიორობით,“ – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს როლზეც ისაუბრა.
„საქართველო ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით“.
მისი განცხადებით, რეგიონში მიმდინარე პროცესები და შეერთებული შტატების ჩართულობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესში რეგიონში ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
დისკუსიის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და ევროკავშირთან ურთიერთობებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ევროპული ინტეგრაცია საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხია და ქვეყნის ისტორიასა და მრავალწლიან მისწრაფებებს უკავშირდება: „საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირთან ურთიერთობები ემოციური საკითხია და მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს ისტორიასა და საქართველოს მრავალწლიან მისწრაფებას, გახდეს ევროპის ნაწილი და, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის ნაწილი“.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, არსებული გეოპოლიტიკური ვითარება საქართველოს მნიშვნელოვან როლს აკისრებს, რაც სხვადასხვა პარტნიორული ურთიერთობის განვითარებას მოითხოვს, თუმცა ეს ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს არ ცვლის.
„მოცემულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში იქმნება სიტუაცია, როდესაც საქართველოს ეკისრება საკმაოდ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური როლი, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა პარტნიორული ურთიერთობის განვითარებას მოითხოვს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვანაცვლებთ ჩვენს მისწრაფებებს გავხდეთ ევროკავშირის წევრი,“ – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზეც. მისი განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანას ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლები აქვს, რაც ახალი პროექტებისა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებს ქმნის.
საუბრის დასასრულს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ეკონომიკური განვითარებისა და მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.
„ჩვენი რეგიონისთვის ეს საკმაოდ რთული პერიოდი იყო, თუმცა ვამაყობთ, რომ შევძელით ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება. სწორედ ეს ქმნის ეკონომიკური განვითარებისა და მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საფუძველს,“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

  • No Comments
  • სექტემბერი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *