შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა
„ტრანსსასაზღვრო მეცნიერება უფრო სუფთა და მდგრადი შავი ზღვისათვის“ – ამ სახელწოდებით CARE SEA პროექტის დასკვნითი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგები, მიღებული გამოცდილება და შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
CARE SEA – „თანამშრომლობა და ცნობიერების ამაღლება დაბინძურებისაგან თავისუფალი და ეკოლოგიურად სუფთა შავი ზღვისთვის“ საერთაშორისო პროექტია, რომელიც Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ლიდერია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო კოორდინატორი – ბსუ-ის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი იზოლდა მაჭუტაძე.
პროექტში საქართველოს, თურქეთის, რუმინეთის, მოლდოვისა და საბერძნეთის უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებები მონაწილეობდნენ. პარტნიორები იყვნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც პროექტის წამყვანი პარტნიორი, საბერძნეთის თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი, მოლდოვის „კონსტანტინ სტერეს“ ევროპული პოლიტიკისა და ეკონომიკის სწავლების უნივერსიტეტი, თურქეთის ქარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტი და რუმინეთის კვლევებისა და განვითარების დუნაის დელტის ეროვნული ინსტიტუტი.
პარტნიორმა ორგანიზაციებმა ერთობლივად შეისწავლეს შავი ზღვის აუზის ეკოლოგიური მდგომარეობა, დაბინძურების წყაროები და ტრანსსასაზღვრო დაბინძურების გავრცელების მექანიზმები.
CARE SEA-ის პროექტის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, პირველად საქართველოში, მდინარე ჭოროხის ჭარბტენიან ჰაბიტატებში მიკროპლასტიკით დაბინძურება შეისწავლა. კვლევა მოიცავდა ჭოროხის დელტასა და კოლხეთის დაცულ ტერიტორიებს, სადაც მკვლევრებმა მიკროპლასტიკების გავრცელება და სხვა დამაბინძურებლების არსებობა შეისწავლეს.
კვლევითი სამუშაოები მდინარე ჭოროხის თურქეთის ნაწილშიც განხორციელდა, რამაც შესაძლებელი გახადა საქართველოსა და თურქეთში მიღებული მონაცემების შედარება, დაბინძურების წყაროებისა და თითოეული ქვეყნის წვლილის შეფასება.
კვლევის ფარგლებში შესწავლილი იყო წყალი, ფსკერული ნალექები და ატმოსფერული ჰაერი. მკვლევრებმა ასევე, შეაფასეს მიკროპლასტიკების გავრცელება, მძიმე მეტალების შემცველობა, ეკოსისტემების მდგომარეობა და ბიომრავალფეროვნება. პროექტის ფარგლებში შემუშავდა ჰაბიტატების რუკა და მდინარე ჭოროხის დელტის კონცეპტუალური მოდელი.
პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია საქართველო-თურქეთის საზღვრისპირა მდინარე ჭოროხის ეკოლოგიური მენეჯმენტის გეგმის შემუშავება. დოკუმენტის მომზადების პროცესში, მოქალაქეები იყვნენ ჩართულნი, მათი მოსაზრებები და რეკომენდაციები კი გეგმის საბოლოო შედეგებში აისახა.
პარტნიორ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, CARE SEA-ს ფარგლებში სასწავლო ვიზიტები და სამუშაო შეხვედრები განხორციელდა. პარტნიორებმა კვლევის ერთობლივი მეთოდოლოგიური მიდგომები შეიმუშავეს. პროექტის ფარგლებში მომზადდა ორი სამაგისტრო ნაშრომი, ამასთან, მიმდინარეობს სადოქტორო კვლევა. საგანმანათლებლო კომპონენტის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ასევე შეიმუშავა ლანდშაფტის ეკოლოგიის უცხოენოვანი სამაგისტრო პროგრამა.
დასკვნით კონფერენციას მკვლევრები, უცხოელი ექსპერტები, უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლები, საჯარო უწყებებისა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები, გადაწყვეტილების მიმღები პირები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შემდგომ გამოყენებაზე, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერებასა და შავი ზღვის ეკოსისტემის დაცვის მიმართულებით ერთობლივი კვლევების გაგრძელებაზე.
პროექტის დასრულების შემდეგ, პარტნიორმა ორგანიზაციებმა სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
CARE SEA-ს დასკვნითმა საერთაშორისო კონფერენციამ ერთ სივრცეში გააერთიანა პროექტის ძირითადი შედეგები, სამეცნიერო კვლევა, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, მოქალაქეთა ჩართულობა და პრაქტიკული რეკომენდაციები შავი ზღვის უფრო სუფთა და მდგრადი მომავლისთვის.