ირაკლი კობახიძე იგნასიო კასისს შეხვდა
By

ირაკლი კობახიძე იგნასიო კასისს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს შეხვდა. შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. აღინიშნა პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთაშორისი და საპარლამენტო კავშირების განვითარების პოზიტიური დინამიკა.
პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიის კონფედერაციას მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე, როგორც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. ხაზგასმით აღინიშნა შვეიცარიის, როგორც მედიატორის მნიშვნელოვანი როლი საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში.
საუბარი ასევე, შეეხო ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის რანგში იგნასიო კასისის ვიზიტს საქართველოში, რომელიც ოქტომბერში იგეგმება. აღინიშნა, რომ საქართველო რჩება ეუთოს კონსტრუქციულ და პასუხისმგებლიან მონაწილე სახელმწიფოდ, რომელიც მხარს უჭერს დიალოგს და პატივს სცემს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.
შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც გაავრცელა. როგორც ირაკლი კობახიძე წერს, საუბარი შეეხო როგორც საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს, ისე ეუთოსთან საქართველოს თანამშრომლობას.
„შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს იგნასიო კასისს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. ასევე, ვისაუბრეთ ეუთოსთან საქართველოს თანამშრომლობაზე და ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებში ჩვენი ქვეყნის აქტიურ მონაწილეობაზე“, – წერს ირაკლი კობახიძე.
შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

  • No Comments
  • სექტემბერი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *