მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით
By

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მაკა ბოჭორიშვილმა ნიუ-იორკში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეექვსე სამიტში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ღონისძიებაზე უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საქართველოსთვის უკრაინის თემა საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთი რიგითი საკითხი არ არის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავს სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
ჩვენ კარგად ვიცით, თუ რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა ადამიანებისთვის, ოჯახებისა და საზოგადოებისთვის. სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოლიდარობას, საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და იმ პრინციპებისადმი ურყევ ერთგულებას, რომლებსაც მშვიდობიანი და უსაფრთხო საერთაშორისო წესრიგი უნდა ეფუძნებოდეს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
სამინისტროს ცნობით, ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„ჩვენ მივესალმებით ყველა გულწრფელ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ომის დასრულებისა და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისკენ – მშვიდობის, რომელიც გაეროს ქარტიითა და საერთაშორისო სამართლით განმტკიცებულ პრინციპებს ეფუძნება. საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. ამასთან, დღესვე საქართველო 50-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად შეუერთდა უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას, რომელიც რუსეთს აგრესიის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

  • No Comments
  • სექტემბერი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *