ოპოზიციური პარტიები – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში
By

ოპოზიციური პარტიები – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში

გასულ წელს, პარლამენტმა „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის მანდატიც შემდგომში გაფართოვდა და ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებული საქმიანობის შესწავლაც მოიცვა, ამის მიზეზი გახდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარება ოპოზიციის მხრიდან. პარლამენტის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ 88 პარლამენტარმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ,,ძლიერი საქართველო – ლელოს“ არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა მოითხოვა.
,,ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“, – აღნიშნულია სარჩელში.
პარლამენტარები არგუმენტად ასახელებდნენ რამდენიმე მიზეზს, მათ შორისაა: კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მოქმედება, ადამიანის უფლებების დარღვევა, ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარსული, 2008 წლის აგვისტოს ომი და უცხოეთიდან ზეწოლის ხელშეწყობა.
მიმდინარე წლის აპრილში აღნიშნულ პარტიებს – ,,ფედერალისტები“, ხოლო 2026 წლის 21 სექტემბერს – პარტია ,,გახარია საქართველოსთვის“ დაემატა.
,,თავიდანვე ჩანდა, რომ გახარია „ნაცმოძრაობის“ ერთიანი ფრონტის ნაწილი იყო, ჩვენ ამაზე ყოველთვის ვსაუბრობდით. უშუალოდ არჩევნების წინ, 2024 წლის არჩევნებისას, კამპანიაც კი იყო – 4-5-9-25, რაც გულისხმობდა, რომ ნებისმიერისთვის ხმის მიცემა გულისხმობდა ერთი მიზნისთვის ხმის მიცემას. მაშინ, მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამას პირდაპირაც ამბობდა, ისე, როგორც სხვები და მოუწოდებდა მოქალაქეებს, ამ ოთხიდან ნებისმიერისთვის მიეცათ ხმა, ვინაიდან, საერთო ჯამში, ხმას მისცემდნენ ერთ მიზანს. ასე რომ, ეს თავიდანვე ცხადი იყო. მათ შორის, იმით, რომ მათ ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს. ერთი წელი არ შემოდიოდნენ პარლამენტში და იცით, რომ პირველ ჯგუფს დეპუტატებისა მანდატები შეუწყდათ კიდევაც, რადგან ისინი არ ესწრებოდნენ პარლამენტის სხდომებს და მხოლოდ მაშინ, რაც 4 ოქტომბრის გადატრიალება ჩავარდა, მათივე აღიარებით, მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ 4 ოქტომბრის ჩავარდნის გამო, შემოვიდნენ პარლამენტში. ჩვენ, მიუხედავად ამისა, მივეცით მათ შანსი, დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ წესრიგში, ეღიარებინათ კონსტიტუციური წესრიგი, თუმცა ვხედავთ, რომ არაფერი შეცვლილა, არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს, შესაბამისად, ეს პარტია, არის ანტიკონსტიტუციური ჩვენი წარმოდგენით და შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილია განახლებულ სარჩელში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბარში.
პაპუაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სარჩელი არ ითვალისწინებს პარლამენტსა და საკრებულოში დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტას.

პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით კი, პარტიის საქმიანობის „სულისკვეთება“ სხვა დასახელებული პარტიებისგან არ განსხვავდება.

ამ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის სულისკვეთება არაფრით განსხვავდება შესაბამისი პოლიტიკური პარტიებისგან, აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, უალტერნატივო იყო სარჩელში ამ პარტიის დამატებაც. მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ასეთ პირობებში არაფრით განსხვავდება ამ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის სულისკვეთება იმ საქმიანობის სულისკვეთებისგან, რომელსაც აწარმოებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები. აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, უალტერნატივო იყო სარჩელში ამ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დამატებაც. ჩვენ მივეცით დრო ამ პარტიას, რათა ეღიარებინათ კონსტიტუციური წყობილება. გავიდა მთელი სესია, მათ არ აღიარეს და დაუპირისპირდნენ კონსტიტუციურ წყობილებას. მათი მრავალი განცხადება ამ შინაარსისაა – ისინი არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას. დანარჩენი წარმოდგენილია სარჩელში, პროცესებიც იქნება საჯარო. ჩვენი არგუმენტები იქნება სასამართლოს და საზოგადოების წინაშე. ვერ გეტყვით, როდის დასრულდება. მაქსიმალური ვადა არის ცხრა თვე, ჩვენი სურვილია, ცხრა თვე არ გაგრძელდეს. სასამართლო როგორც გადაწყვეტს, ეს მისი საქმეა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბარში.

მმართველ გუნდს გახარიას პარტიაში პასუხობენ, რომ ისინი დანებებას არ აპირებენ.

,,მიუხედავად მძიმე შეზღუდვებისა, ჩვენ თანმიმდევრულად ვმონაწილეობდით ყველა არჩევნებში, რომელსაც პოლიტიკური ცვლილების ერთადერთ მშვიდობიან და დემოკრატიულ გზად მივიჩნევთ. ჩვენი პარტია რჩება ერთადერთ ოპოზიციურ პარტიად, რომელიც ამჟამად პარლამენტშია წარმოდგენილი. ჩვენზე მომართული სამიზნით, ივანიშვილი ცდილობს ქვეყნის ერთადერთი ფუნქციური საპარლამენტო ოპოზიციის აკრძალვას. მიუხედავად საპარლამენტო უმრავლესობისა, ივანიშვილის რეჟიმმა პარლამენტში ერთადერთი ოპოზიციური პარტიაც კი ვერ აიტანა, რადგან მათ არაფერი აქვთ საპასუხო კრიტიკული ხმისთვის. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოში ოფიციალურად ავტორიტარული მმართველობის დამყარებისა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობისკენ.

აგვკრძალავენ თუ არა, ჩვენ უკან არ დავიხევთ საქართველოს დემოკრატიის აღდგენისა და მისი ევროპული და ევროატლანტიკური გზის დაცვის საქმეში“, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.

,,ქართული ოცნების“ მიერ რამდენიმე პარტიის აკრძალვის მოთხოვნას ოპოზიციური ძალები მწვავე კრიტიკით ხვდებიან. მათი შეფასებით, საქმე მხოლოდ კონკრეტული პარტიების საქმიანობის შეზღუდვას არ ეხება და პროცესმა შესაძლოა ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახადოს

,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან სარჩელის გაფართოება შეფასებულია როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ მიმართული პროცესი.

,,ყოველი 9 თვის შემდეგ ამატებენ თითო სუბიექტს, რომ სარჩელი გაახანგრძლივონ და დამოკლეს მახვილივით იყოს ჩამოკიდებული დემოკრატიული ოპოზიციის თავს. თუ გსურთ, გააუქმეთ პარტიები, ჩვენ არათუ არ შევწყვეტთ ბრძოლას, არამედ ვიბრძოლებთ ბოლომდე,“ – აღნიშნა მედიასთან საუბრისას ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ.

საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის განხილვას როდიდან დაიწყებს და გადაწვეტილებას როდის გამოაცხადებს, ჯერჯერობით უცნობია, სასამართლოს ამისთვის 9-თვიანი ვადა აქვს.

თამარ ლამპარაძე

  • No Comments
  • სექტემბერი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *