ბათუმი მნიშვნელოვან ტურნირს მასპინძლობს ფიგურულ ციგურაობაში
საერთაშორისო შეჯიბრება ფიგურულ ციგურაობაში ბათუმის სპორტული ცენტრის ოლიმპიური სტანდარტის ყინულის არენაზე იმართება.
ჩვენს ქალაქში მსოფლიოს 37 ქვეყნის 100-მდე ახალგაზრდა, მსოფლიოში ყველაზე პერსპექტიული სპორტსმენი ჩამოვიდა. ღონისძიების პროგრამა ქალთა და ვაჟთა ერთეულთა კატეგორიებსა და სპორტულ ცეკვებს მოიცავს.
2026 წლის გრან-პრის ეტაპი გუშინ, 24 სექტემბერს დაიწყო და
26 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ეტაპს საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია მასპინძლობს.
– საქართველოს სპორტის ისტორიაში აჭარა, კერძოდ, ბათუმი, გრან-პრის ეგიდით გამართულ ღონისძიებას ახალგაზრდებში პირველად მასპინძლობს … 300-ზე მეტი სტუმარია ჩამოსული, მათ შორის, ძალიან მაღალრეიტინგული სპორტსმენები. საინტერესო შეჯიბრებები ტარდება. პირველ დღეს ერთეულებში გოგონებმა და ვაჟებმა იასპარეზეს. გოგონებში ორი მონაწილეა და სასიხარულოა, რომ ერთი, საქართველოსა და აჭარის ფიგურული ციგურაობის ნაკრებების წევრი, ბათუმის სპორტული ცენტრის სპორტსმენი, ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლე ქეთევან მახარაძეა, – გვითხრა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მარიამ გიორგობიანმა.
ქეთევან მახარაძისთვის ეს ტურნირი შესაძლებლობაა, იასპარეზოს საკუთარ ქალაქში, საკუთარ ყინულის არენაზე, მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირზე, წარმოაჩინოს თავისი შრომის შედეგი და მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღოს.
აღსანიშნავია, რომ ქეთევანმა პირველივე დღეს კარგად იასპარეზა -მოკლე პროგრამაში 42.56 ქულა დაიმსახურა. ამჟამად ის 24-ე ადგილს იკავებს. ქართველი მოციგურავის ამ პროგრამის ქორეოგრაფი ევროპის მოქმედი ჩემპიონი ნიკა ეგაძეა. ქეთევანი თავისუფალ პროგრამას ხვალ, 26 სექტემბერს, 17 საათსა და 30 წუთზე წარადგენს. წარმატებებს ვუსურვებთ სპორტსმენს და მის პირად მწვრთნელ ინგა ფუტკარაძეს.
ტურნირის მასშტაბიდან და მონაწილე ქვეყნების რაოდენობიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნისთვის ეს ღონისძიება განსაკუთრებულ დატვირთავს იძენს.
ასეთი მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიებების საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით,
ეს არის შესაძლებლობა, ქვეყანამ საკუთარი სპორტული ინფრასტრუქტურა წარმოაჩინოს და მსოფლიოს სპორტის მესვეურები დააინტერესოს.
მანანა ძიძიშვილი