ხულოში პირველი რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა
By

ხულოში პირველი რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა

ხულოში „ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრი“ გაიხსნა, რომელიც ხულოსა და აჭარის მთიანეთში მცხოვრებ ბავშვებსა და ზრდასრულებს პროფესიულ სამედიცინო და სარეაბილიტაციო მომსახურებას სთავაზობს. იგი აჭარის მთიანეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის შესაბამისი სამედიცინო და სარეაბილიტაციო სერვისებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

ცენტრში პაციენტებს მომსახურებას მულტიდისციპლინური გუნდი გაუწევს. სერვისები მოიცავს ნევროლოგის, პედიატრის, ორთოპედის, ფსიქოლოგის, ლოგოპედის მომსახურებას, ადრეული განვითარების, ფიზიკური თერაპიისა და ფიზიოთერაპიის მიმართულებებს.

პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება შეფასება, კონსულტაცია და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო პროგრამები.

მომსახურების მიღება შესაძლებელია შესაბამისი სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების ფარგლებში, მათ შორის, ბავშვთა ადრეული განვითარების, აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის, ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციისა და რეაბილიტაციის, ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაციის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისა და მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის ქვეპროგრამებით. ასევე, შესაბამისი სამიზნე ჯგუფისთვის შესაძლებელია აუტიზმის დიაგნოსტიკის ჩატარება აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის ფარგლებში.

ცენტრის გახსნას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე, ხულოელთა დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში მინურ პაქსაძე და ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ხულოსთვის მსგავსი სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საჭირო სამედიცინო და სარეაბილიტაციო მომსახურების ადგილზე მიღების შესაძლებლობა ეძლევა. ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს სერვისებზე ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით ბავშვებისა და იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც მსგავსი მომსახურება ადგილზე სჭირდებათ. ადგილობრივი თვითმმართველობისთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერა, რასაც მუნიციპალიტეტი მომავალშიც გააგრძელებს“, – თქვა ვახტანგ ბერიძემ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • სექტემბერი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *