ვოლგოგრადში აფეთქებების ხმები ისმოდა
რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში წუხელ აფეთქებების ხმები ისმოდა, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ქიმიურ ქარხანა „კაუსტიკთან“ ხანძრები დაფიქსირდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ” არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ASTRA-ს ცნობით, ვოლგოგრადის მცხოვრებლებმა ღამის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა ნაწილში დრონები შენიშნეს და აფეთქებების ხმები გაიგონეს.
Exilenova+ იუწყება, რომ აფეთქებები დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა როგორც თავად ქალაქში, ასევე ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სამრეწველო ზონის ტერიტორიაზე.
ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე დრონებით მასობრივი თავდასხმის შესახებ განაცხადა, თუმცა ქარხნებში ხანძრის შესახებ არაფერი უთქვამს.
უკრაინული მედია წერს, რომ ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ლუკოილის“ შემადგენლობაში შედის და რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. იგი აწარმოებს ბენზინს, დიზელის საწვავს, საავიაციო ნავთს, მაზუთს და ბიტუმს.
ASTRA-ს ცნობით, ქიმიური ქარხანა „კაუსტიკი“ ორმაგი დანიშნულების პროდუქტებს აწარმოებს, რომლებიც მნიშვნელოვანია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის.