„თრიალეთის თასი“ – დღე პირველი
1 ოქტომბერს ბათუმის სპორტული ცენტრის ყინულის სასახლეში სტარტი აიღო ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირმა – ,,თრიალეთის თასი“, რომელიც იმავე დღეს საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. მასში 21 ქვეყნის 100-მდე მოციგურავე მონაწილეობს. ტურნირზე სრული შემადგენლობითაა წარმოდგენილი საქართველოს ოლიმპიური ნაკრები.
ქართული მელოდიებით, ქართული ცეკვებითა და ეროვნული ელემენტებით გაჯერებული გახსნის ცერემონია მართლაც შთამბეჭდავი იყო. საზეიმო ცერემონიას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი ესწრებოდნენ.

შეკრებილებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მარიამ გიორგობიანმა.
პირველი საშეჯიბრო დღე ქალთა და ვაჟთა ერთეულებში, ასევე სპორტულ ცეკვებში მოკლე პროგრამებს დაეთმო.
ქალთა ერთეულებში ანასტასია გუბანოვამ და ინგა გურგენიძემ იასპარეზეს. გუბანოვამ მსაჯებისგან 70.69 ქულა დაიმსახურა და მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო გურგენიძემ 63.66-ქულიანი შეფასებით, 14 მონაწილეს შორის, მეხუთე ადგილი დაიკავა.

ვაჟებში საუკეთესო ნიკა ეგაძე იყო, რომელმაც 93.80 ქულით 12 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაისაკუთრა. სპორტულ ცეკვებში ასევე, საუკეთესო შედეგი აჩვენა დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა, რომელმაც 19 მონაწილეს შორის, პირველ ადგილზე დაასრულა რიტმული ცეკვა.
– „თრიალეთის თასი“ საქართველოში მეორედ იმართება, პირველი 2025 წელს ჩავატარეთ – ზამთრის ახალგაზრდული ფრესტივალი, რომელშიც ინგა გურგენიძემ გაიმარჯვა. ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისთვის. შედეგმაც არ დააყოვნა, დიდი წარმატება ვიზეიმეთ ოლიმპიურ თამაშებზე – ვერცხლის მედალი მოვიპოვეთ. იმედია, რომ ეს შჯიბრებები შემდგომში უფრო მასობრივი გახდება. ბოლო წლებია, სპორტის ფიგურულ ციგურაობას გაცილებით მეტი ახალგაზრდა ეუფლება, მეტი ინტერესი გაჩნდა, რაც ძალიან სასიხარულოა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ შეჯიბრებების ჩატარებით, სწორი ნაბიჯები გადავდგით, – აღნიშნა „აჭარასთან“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.
– ყოველთვის მიხარია, როცა ჩვენს ქვეყანაში ასეთი მასშტაბური შეჯიბრებები ტარდება სპორტის ნებისმიერ სახეობაში. რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობ, ყოველთვის მხარდაჭერას ვუცხადებ სპორტსმენებს, – გვითხრა ლეგენდარულმა სპორტსმენმა, სეოკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ.

– ბათუმი ძალიან მნიშვნელოვან ტურნირს მასპინძლობს. აქ ჩატარებით, სტუმრებისთვის გვსურდა გვეჩვენებინა, როგორი გამორეულია აჭარა. მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. ასეთი დონის ტურნირის ჩატარება უპირველესად, სპორტის ამ ულამაზესი სახეობის განვითარებისთვისაა კარგი. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ტურნირი ჩატარდეს, მეტი მაყურებელი მოვიდეს, მეტი ბავშვი დაესწროს ამ ლამაზ სანახაობას, რომ თავადაც დაინტერესდეს, მოვიდეს სავარჯიშოდ ბათუმის სპორტული ცენტრის ყინულის მოედანზე, თბილისის ყინულის მოედანზე. ჩვენი ამოცანაა, აქ მომავალი ჩემპიონები გაიზარდონ, – გვითხრა საქართველოს ფიგურული ციგურობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მარიამ გიორგობიანმა.
დღეს, 2 ოქტომბერს, სპორტული წყვილები მოკლე პროგრამით წარსდგებიან. შეგიბრება 15 საათზე დაიწყება, 16 საათსა და 15 წუთზე –
სპორტული ცეკვები ( თავისუფალი ცეკვაა), 20 საათსა და 30 წუთზე კი კაცები თავისუფალი პროგრამით იასპარეზებენ.
3 ოქტომბერს 15:00 საათზე სპორტული წყვილები თავისუფალი პროგრამას წარადგენენ, 17:30 სთ-ზე კი ამავე პროგრამით ქალები გამოვლენ.
მანანა ძიძიშვილი