„ჩვენი ჟიური ყოველთვის ობიექტურობით გამოირჩეოდა“
By

„ჩვენი ჟიური ყოველთვის ობიექტურობით გამოირჩეოდა“

ჩვენი სტუმარია სმარტ-ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „აჭარული კინო-ამბები“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, თბილისელი კინომცოდნე ეთერ ფარჩუკიძე.

– ქალბატონო ეთერ, წლევანდელ ფესტივალს ახალ ამპლუაში უწევდით ორგანიზებას….

– შეიძლება ითქვას, რომ შეიცვალა მხოლოდ ოფიციალური დასახელება, ფუნქციები კი აბსოლუტურად იგივე დარჩა: თანაორგანიზატორი, რომელიც ზედამხედველობს ფესტივალის აბსოლუტურად ყველა მიმართულებას, საერთაშორისო ურთიერთობებიდან დაწყებული, ყველაზე წვრილმანი დეტალით დამთავრებული. ეს არის ერთდროულად უდიდესი პატივიც და უდიდესი პასუხისმგებლობაც. მთავარი კი მაინც ამ სმარტ-კინოს ჯადოსნობის გაზიარებაა ახალგაზრდებისთვის და ამ სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის.

– ფესტივალის დასკვნით ცერემონიაზე დასთან ერთად გიხილეთ. ის რითაა გატაცებული?

– თამარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრი გახლავთ, მუშაობს წამყვან უცხოურ ლოგისტიკურ კომპანიაში ფინანსისტად და, როგორც ფარჩუკიძეების გვარის წარმომადგენელს შეეფერება, ხელოვნებითაა გატაცებული – ლირიკო-დრამატული სოპრანოა და მონაწილეობს სხვადასხვა კორპორატიულ და საქველმოქმედო ღონისძიებაში. მოკლედ რომ ვთქვათ, „მომღერალი-ფინანისტია“. წლევანდელ ფესტივალზე ის როგორც სელექტორი და აღმოსავლეთ საქართველოსთან ურთიერთობის კოორდინატორი შემოგვიერთდა. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ თსუ-დან წარმოდგენილი სამივე ფილმის და მათი ავტორების მონაწილეობა (გიგა რაზმაძის ,,მილების დაშორებით“ (საუკეთესო დრამა), ნიკი გორმეზის ,,არტისტული სული“ (დირექტორის რჩეული) და კარლო მგალობლიშვილისა და ალექსანდრე მარშანიას ,,უსახელო ყვავილი“ (საუკეთესო არტ-ჰაუს ფილმი) და წარმატება სწორედ მისი დამსახურებაა.

– 40 ქვეყნის 400 წარმომადგენელი აღირიცხა ფესტივალზე.  ასეთ დაინტერესებას რით  ახსნით?

– პირველ რიგში, ეს არის დაუღალავი შრომისა და მრავალი უძილო ღამის შედეგი, რასაც პირადად მე, ბოლო სამი წლის განმავლობაში ვეწეოდი – აქტიური მიმოწერა და მოლაპარაკებები არაერთ უცხოურ სახელმწიფო თუ კერძო კომპანიასთან და 50-მდე ქვეყნის კინორეჟისორთან. წლევანდელი წელი, შეიძლება ითქვას, გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ფესტივალისთვის, რადგან 39 ქვეყნის 400 ფილმის ავტორმა გაიგო ჩვენ შესახებ – შუახევის, აჭარისა და, ზოგადად, საქართველოს შესახებ. ყველაზე დიდი მიღწევა კი მსოფლიოში წამყვანი კინოპლატფორმის – FilmFreeway-ს ნდობის მოპოვებაა. წელს სწორედ ამ პლატფორმაზე დავრეგისტრირდით – არაერთი პრესტიჟული კინოფესტივალის, მათ შორის ა-კლასის და ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს – „ოსკარის“ საკვალიფიკაციო ფესტივალების გვერდით. ბოლო სამი წლის განმავლობაში არაერთხელ ვცადეთ იქ გაწევრიანება, რისთვისაც უამრავი სირთულის, ოფიციალური ეტაპისა და ტესტირების გადალახვა მოგვიწია. სწორედ ამ პლატფორმის საშუალებით შეიტყო 40 ქვეყნის 400-მა წარმომადგენელმა ჩვენი ფესტივალის შესახებ. მათგან 14 ქვეყნის 16 ავტორი შეირჩა. საქართველოდან შემოსულ 50 განაცხადს კი დაემატა 24 ნამუშევარი და ასე შედგა წლევანდელი ფესტივალის მრავალფეროვანი პროგრამა.

– მთავარ პრიზს  თბილისელი გოგონა დაეუფლა, მასთან რა ურთიერთობები გაკავშირებთ?

– სიამაყით აღვნიშნავ, რომ ელენე ეფრემიძე ჩემი „ალმა-მატერის“, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. საერთო უნივერისიტეტი – ესაა და ეს. მისმა კომედია ,,ყვავილმა“ ყველაზე მეტად მოხიბლა ჩვენი საერთაშორისო ჟიური. ელენეს ფილმი ლაღი და საინტერესო იუმორით იკვლევს რომანტიკულ ურთიერთობას ახალგაზრდებს შორის – რა შეიძლება გახდეს მოწონების და უფრო მეტიც, შეყვარების მიზეზი, რა განცდებში, ოცნებებში არიან, რა შეიძლება გახდეს მოხიბვლის საგანი და ა.შ. ელენეს ნამუშევარში აღსანიშნავია საოპერატორო ოსტატობა, მხატვრობა; ჰყავს ძალიან საინტერესო სამსახიობო დასი, განსაკუთრებით კი მთავარი როლის შემსრულებელი გოგონა ანა კოპაძე; გვხვდება დინამიკური მონტაჟი, თხრობა, რომლითაც არღვევს ე.წ. მეოთხე კედელს და მთავარი გმირი პირდაპირ მაყურებელს მიმართავს. აღსანიშნავია, რომ ასევე, თეატრალური უნივერსიტეტიდან ხელახლა მიიღო მონაწილეობა შარშანდელი გრან-პრის გამარჯვებულმა უმცროს კატეგორიაში (წელს უკვე დრამის რეჟისურის პირველკურსელის ამპლუით) – მარიამ ახალბედაშვილმა. მის ფილმში „მიწიდან ზეცამდე“, მონაწილე სალომე სეფიაშვილმა დაიმსახურა საუკეთესო მსახიობი გოგონას ჯილდო. ცალკე ისიც მსურს აღვნიშნო, რომ თეატრალურის გარდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებიც იღებდნენ აქტიურ მონაწილეობას, რომელთა ნამუშევრები სხვა არაერთ მნიშნელოვან ნომინაციაში გამარჯვებულად გამოვლინდნენ. საინტერესოა მათი მრავალფეროვანი და უკომპრომისო ხედვები  ცხოვრებისეულ თემაზე.

– რამდენად ობიექტური იყო ჟიური?

– ჩვენი ჟიური ყოველთვის ობიექტურობით გამოირჩეოდა, თუმცა წლევანდელმა შემადგენლობამ თავისი ობიექტურობით, სამართლიანობითა და პრინციპულობით ახალი ფურცელი დაწერა ფესტივალის ისტორიაში. ამის მტკიცებულებაა თუნდაც ის, რომ არაერთი ძირითადი ნომინაციის პრიზი (საუკეთესო რეჟისორი, მონტაჟი, სცენარი და მსახიობი ბიჭი) გაფრინდა უცხოეთში – ფილიპინები, ჩინეთი, კვიპროსი და ყაზახეთი. გადაწყვეტილების მიღებაში გეოგრაფიულ მდებარეობას ჩვენი პროფესიონალები, ასე ვთქვათ, „არ შეუშინებია“. ჭეშმარიტი ობიექტურობა კი სწორედ, ამაში ვლინდება. ცნობისათვის, ჩვენი ჟიურის წევრები იყვნენ: ოლექსანდრ კუჩმა – უკრაინიდან; მიხეილ გაბაიძე – საქართველოდან; ელდარ ქუჩუკი (იგივე ჩვენებური ელიზბარ ცივნარიძე) – თურქეთიდან და ნატალია მ. სტუარტ-ფოქსი – დიდი ბრიტანეთიდან.

– უკრაინელი ოლექსანდრ კუჩმა დიდი რისკის ფასად ჩამოვიდა საქართველოში, რაც  ფესტივალისადმი  მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას უსვამს ხაზს.

– ბატონი ოლექსანდრი უკრაინაში უძველესი და დღემდე მოქმედი საბავშვო ანიმაციური სტუდია ,,ვესნიანკას“ დირექტორი გახლავთ. ეს სტუდია მდებარეობს დნიპროში, რომელიც ახლოსაა ფრონტის ხაზთან და სამწუხაროდ, ამ ქალაქის მცხოვრებლები ყოველდღე დგანან დაბომბვის და შეტაკებების რისკის წინაშე. ბატონ ოლექსანდრს არაერთხელ აღუნიშნავს, ხშირად ბუნკერებიდანაც კი გაგვიგრძელებია ბავშვებთან მუშაობაო. . . მასთან დიდხნიანი მეგობრობა მაკავშირებს, ჯერ კიდევ 2017 წლიდან, როდესაც ის გვეწვია თბილისში გრიგოლ (გრიშა ) ჩიგოგიძის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კინოფესტივალ ,,თბილისურ აისზე“. ბატონი ოლექსანდრი, გარდა იმისა, რომ უბადლო პროფესიონალია და საკმაოდ პატივსაცემი და გავლენიანი ფიგურა უკრაინულ სახელოვნებო სივრცეში, ძალიან უშუალო, თბილი და საინტერესო ადამიანია პირად ურთიერთობაში.  მან თავიდანვე აღნიშნა თავისი ინტერესი და აღფრთოვანება ამ წამოწყების მიმართ და ძალიან გაუხარდა, როდესაც შევთავაზეთ ჟიურის წევრობა. ცალკე, რა თქმა უნდა, აჭარაში ვიზიტის დიდი სურვილი ჰქონდა, ვინაიდან აქამდე მხოლოდ თბილისში იყო ნამყოფი. სწორედ ამიტომ, უდიდესი რისკის ფასად ჩამოფრინდა საქართველოში – ის ჯერ კიშინიოვში ჩავიდა მატარებლით და მხოლოდ იქიდან შეძლო ჩამოფრენა ბათუმში (მოგეხსენებათ, უკრაინის საჰაერო სივრცე მკაცრად კონტროლდება საომარი მოქმედებების გამო, სარკინიგზო ხაზების ნაწილი კი ოკუპირებულია რუსეთის მიერ). ჯვარიმინდორზე ექსკურსიის დროს თურმე სევდანარავი ღიმილით აღნიშნა, ცხოვრება შესაძლებელი ყოფილა ომის გარეშეო… შემდეგ კი სცენიდანაც და პირად საუბარშიც არაერთხელ დააფიქსირა უსაზღვრო მადლიერება – მადლობა, რომ ცოტა ხნით სამყაროს მშვენიერება დამანახეთ და ცოტა ხნით მომეცით ჩვეულებრივად, ომის გარეშე ცხოვრებით ტკბობის საშუალებაო. . . ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ის მოუთმენლად ელის  მომავალში ჩვენთან ჩამოსვლას.

– სმარტფილმები სიახლეა კინოინდუსტრიაში. ეს სიახლე აჭარასა და საქართველოში რა გამოძახილს პოვებს?

– ყველაზე მთავარი, ალბათ, მაინც კინოს დემოკრატიული და ყოვლისმომცველი შესაძლებლობებია – ნებისმიერს შეუძლია ძვირად ღირებული ტექნიკის გარეშე შექმნას ჯადოსნობა, გამოხატოს თავისი სათქმელი. ბევრი მონაწილისთვის ეს კინოს დიდ სამყაროში პირველი ნაბიჯების მცდელობაა, ზოგისთვის კი უკვე მეორე და მესამე პროექტი. ისინი ხვეწენ თავიანთ შესაძლებლობებს, რათა მომავალში უკვე პროფესიონალურ ტექნიკასთან ახალი ხედვით და ოსტატობით შეძლონ შეჭიდება. ეს ასევე, კინოს პოპულარიზაციის მცდელობაა აჭარის მთიანეთში, რეგიონის სათანადო დაფასება და წამოწევა ქართულ კინოსაფესტივალო ასპარეზზე.  სასიხარულოა, რომ თავად საქართველოშივე აქვს უკვე დიდი გამოხმაურება, რადგან უშუალოდ აჭარიდან, ბათუმელი, ხელვაჩაურელი, ქედელი, ქობულეთელი, შუახეველი და ხულოელი ახალგაზრდები იყვნენ ჩართულნი.

– რომ არა აჭარის კულტურის სამინისტროსა და შუახევის თვითმმართველობის ხელმძღვანელობის გულისხმიერი დამოკიდებულება ფესტივალისადმი, ინიციატივა იდეის დონეზე დარჩებოდა. ამ თანადგომას რა შეფასებას მისცემთ?

– დიდი პატივია,  ასეთ საპასუხისმგებლო პროექტზე სახელმწიფო, კერძოდ კი კულტურის სამინისტროსა და შუახევის, ასევე, ხულოს მერიების (ამ უკანასკნელმა ხულოს დრამატული თეატრის დარბაზი დაგვითმო დაჯილდოების ცერემონიისთვის), საკრებულოს მხარდაჭერა. უნდა აღინიშნოს, რომ მათი თანადგომის ფაქტი ფესტივალს მეტ სანდოობას სძენს საერთაშორისო ასპარეზზე. მთლიანობაში კი ეს გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას,  ქართველი ახალგაზრდები ვაზიაროთ მსოფლიოში მზარდ კინოინდუსტრიის ნაწილს, მივცეთ მათ მეტი გასაქანი, გამოხატონ და განავითარონ თავიანთი ნიჭი, ჰქონდეთ შეხება უცხოელ პროფესიონალებთან, თანატოლებთან მასტერკლასებისა და ვორქშოფების საშუალებით, ტექნიკურად დახვეწონ თავიანთი უნარები და წარადგინონ საკუთარი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე. მუდამ ვგრძნობთ თანამშრომლებისგან დიდ სითბოს და მხარდაჭერას, რაც კიდევ უფრო დიდ სტიმულს გვაძლევს, მეტად გავამართლოთ მათი ნდობა. კიდევ ერთხელ, უდიდესი მადლობა მათ და ჩვენს სხვა არაერთ მედია მხარდამჭერს: ქობულეთის, ქედის, ხელვაჩაურის, ბათუმის მუნიციპალიტეტების მერებს FilmFreeway-ს, აჭარის ტელევიზიას / საზოგადოებრივ მაუწყებელს, აჭარის რადიო FM 104.5-ს,  გაზეთ „აჭარას“, ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალ ,,BIAFF“-ს, რომლის ფარგლებშიც, წელს პირველად, ჩვენი გამორჩეული აჭარელი მონაწილეების ნამუშევრები იქნა ნაჩვენები ევროპის მოედანზე, ასევე, ბათუმის საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალს, ციფრულ მედია/ტელემაუწყებლობა ,,ახალს“, საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალ ,,თბილისურ აისს“ და „რუსთავი 2“-ს.

– დაბოლოს, რას უსურვებდით  ფესტივალის ინიციატორს?

– ფესტივალის ორგანიზატორს, ბატონ ვახტანგს, თუმცა უკვე კარგა ხანია თქვენობითი ფორმა მოიშალა ჩემსა და ვახტანგს შორის, ის ჩემთვის იქცა უფროს ძმად, მასწავლებლად, მეგობრად, მას, პირველ რიგში, ვუსურვებ მხნეობას და ჯანმრთელობას, რათა დიდხანს შეძლოს არაერთი კეთილი და, შეიძლება ითქვას, საშვილიშვილო საქმის კეთება, რომელსაც ამ და სხვა პროექტებით აკეთებს მთიანი აჭარისთვის, მთლიანად რეგიონისთვის, სამშობლოსთვის.

– ბარემ მომავლის ხედვებიც გაგვიზიარეთ?

– შემდეგ წელს უკვე პირველი საიუბილეო თარიღი გვიწევს – 5 წელი ცოტა არაა. კვლავ გვაქვს კულტურის სამინისტროს და შუახევის მერიის გვაქვს ბევრი გეგმა, მიზანი, სიურპრიზი. სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. ვნახოთ, რა გამოვა. ფესტივალს კი ვუსურვებ გაზრდას, მეტი საერთაშორისო მონაწილის და უცხოელი პროფესიონალის მოზიდვას მთიან აჭარაში, კიდევ უფრო მეტი საინტერესო ქართველი ახალგაზრდის აღმოჩენას და მათ ხელშეწყობას, თავისი ორიგინალური სიტყვის თქმას მსოფლიო სმარტ-ინდუსტრიაში და, რაც მთავარია, სმარტ-ჯადოსნობის უწყვეტ განვითარებას და გაზიარებას მრავალი დაინტერესებული ადამიანისთვის.

 

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • ოქტომბერი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *