პროფესიული განათლების პროგრამებზე ბსუ-ში 100-ზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა
By

პროფესიული განათლების პროგრამებზე ბსუ-ში 100-ზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტების მიღების ღონისძიება გაიმართა.

უწყების ცნობით, ღონისძიება ბსუ-ის რექტორმა ტიტე აროშიძემ გახსნა. მან სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა და პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. რექტორმა ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ ცვლილებაზე – წელს პირველად, სტუდენტებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცათ. რექტორმა აღნიშნა, რომ სიახლე ხელს უწყობს შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით კვალიფიციური კადრების მომზადებას, პროფესიული განათლების მიღების შემდეგ დასაქმებასა და სწავლის შემდგომ საფეხურებზე გაგრძელების შესაძლებლობას.

ღონისძიებაზე პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორმა ბადრი გეჩბაიამ სტუდენტებს წარმატებული სასწავლო პროცესი უსურვა და ისაუბრა ახალგაზრდებისთვის მხარდამჭერი გარემოს შექმნაზე, დასაქმების პერსპექტივებსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე. მადლობა გადაუხადა პარტნიორ ორგანიზაციებს აქტიური თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა დამსაქმებელთა ჩართულობის მნიშვნელობას პროფესიული პროგრამების ეფექტიანად განხორციელებაში.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ასევე ბსუ-ის რექტორის მოადგილეებმა გიორგი ქათამაძემ და თამარ სირაძემ, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, დამსაქმებლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.

წელს პირველად, პროფესიული განათლების პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ბსუ-ში 100-ზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა. შეხვედრაზე მაღალი ქულით ჩარიცხულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ბსუ-ში მიღება განხორციელდა შემდეგ პროფესიულ პროგრამებზე: ფარმაცია (სააფთიაქო), ბუღალტრული აღრიცხვა, აღმზრდელი, საექთნო განათლება, საბიბლიოთეკო საქმე, საფინანსო სერვისები.

  • No Comments
  • ოქტომბერი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *