ღვაწლმოსილ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცეს
ქედის საჯარო სკოლებში 700-მდე პედაგოგი საქმიანობს. ისინი დაკისრებულ მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებენ და პირადი წვლილი შეაქვთ მომავალი თაობების აღზრდაში. რამდენიმე მათგანს განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის. სწორედ ისინი გამოარჩიეს და მათ ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა, აჭარის განათლების და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა ქედის მუნიციპალიტეტის სკოლების პროფესიული დღე მიულოცეს და მომავალი თაობის განათლებასა და აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საზეიმო ვითარებაში, მადლობის სიგელები გადასცეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეს ინიციატივა მასწავლებლების მრავალწლიანი შრომის დაფასებასა და მათი პროფესიული საქმიანობის წახალისებას ემსახურება.
ქალბატონმა თამარ მახარაშვილმა პედაგოგებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების, კერძოდ, ახალი სახელმძღვანელოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით პედაგოგებისგან წინადადებებისა და მოსაზრებების მოსმენა.
ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ქედის დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ნადიმ ვარშანიძე, ქედის რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
ცოტნე ცაბაძე