ზურაბ პატარაძე: კულტურული მემკვიდრეობის, ჩვენი იდენტობისა და ტრადიციების დაცვა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა
By

ზურაბ პატარაძე: კულტურული მემკვიდრეობის, ჩვენი იდენტობისა და ტრადიციების დაცვა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან ერთად, პეტრას ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებას „პეტრას ისტორია – საუკუნეთა მემკვიდრეობა“ დაესწრო. მასშტაბური ღონისძიება აჭარის კულტურის მინისტრ ელისო ბოლქვაძის ინიციატივით მოეწყო.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პეტრას ციხესიმაგრე ქვეყნის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებული საგანძურია, რომლის დაცვა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

„კულტურული მემკვიდრეობის, ჩვენი იდენტობისა და ტრადიციების დაცვა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. პეტრას ციხესიმაგრე საუკუნეების განმავლობაში ცივილიზაციების ინტერესთა გადაკვეთის ადგილი და ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფორპოსტი იყო. ჩვენი ვალია, მომავალ თაობას გადავცეთ ეს მემკვიდრეობა და საკუთარი ქვეყნის სიყვარული.

პეტრას ციხესიმაგრეს წელს უკვე 40 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია. მსგავსი კულტურული ღონისძიებები ხელს უწყობს ჩვენი ისტორიისა და ფასეულობების გაცნობას როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე უცხოელი სტუმრებისთვის. ვაგრძელებთ კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციითა და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით, ერთად, ქვეყნის წარმატებულ მომავალზე ზრუნვას“, – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

პროგრამის მიზანი საზოგადოებისთვის პეტრას ციხე-ქალაქის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, უნიკალური მემკვიდრეობის წარმოჩენა და ახალგაზრდა თაობის დაინტერესება გახლდათ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პეტრას ძეგლის ისტორიის ამსახველი ფოტოები და არქეოლოგიური კვლევების შედეგად აღმოჩენილი ექსპონატები.

კულტურულ-შემეცნებითი საღამო აჭარის მთავრობის მხარდაჭერით და აჭარის კულტურის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით გაიმართა. სტუმართა წინაშე წარსდგნენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი დავით მუქერიას ხელმძღვანელობით, სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ და სხვა ადგილობრივი შემსრულებლები.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები, მუნიციპალიტეტების მერიების და საკრებულოების, სხვადასხვა საჯარო სტრუქტურის წარმომადგენლები, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია და ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული ფუად აზიზოვი ესწრებოდნენ.

  • No Comments
  • ოქტომბერი 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *