შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ამ დღეებში გაიმართება დისკუსია, რომ იყოს ორკლასობრივი დაყოფა ევროკავშირში.
„ახლა ხომ ჩანს, რომ როგორც კი სხვა მიზნებს გავაფეტიშებდით და ეროვნულ ამოცანებზე მაღლა დავაყენებდით, საბოლოო ჯამში, იმ მიზნებს, რომლებიც ჩვენს ხელში არ არის – ნატოს წევრობა, ევროკავშირის წევრობა და ა.შ. – რომლებიც შეუძლიათ, ნებისმიერ დროს შეატრიალონ, როგორც უნდათ, ისე, ჩვენს ქვეყანას მოწყვლადს ვქმნით და ჩვენს ეროვნულ მიზნებს რაღაც სხვა მიზნებს ვანაცვალებთ. შემდეგ ვის ხელშიც არის ამ მიზნების აღსრულება, გულგრილი ხდება ამ მიზნების შესრულების მიმართ და, საბოლოო ჯამში, დანგრეული ქვეყანა რჩება, როგორც უკრაინაა. როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენ ეს შეძახილები გვახსოვს, რომ უკრაინა არათუ ნატოს წევრი იქნება, უკრაინა იქნებოდა ნატოს წამყვანი სამხედრო კონტინგენტის მქონე ქვეყანა. პირველ დღეებში, ომი სანამ დაიწყებოდა, ზელენსკი გამოდიოდა და ამბობდა – ბოლოს და ბოლოს გვითხარით, გვიღებთ თუ არა ნატოში, თქვით ღიად და მკაფიოდო. ამ საკითხზე იყო დამოკიდებული მაშინ ომის დაწყება-არდაწყება. შემდეგ ამისი დამალვა და მიჩუმათება უნდოდათ, თითქოს არაფერ კავშირში არ იყო ომთან ნატოს წევრობა-არწევრობა, მაგრამ დღეს ყველა შეთანხმებულია, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაიწყო ომი, იყო სწორედ ნატოს გაფართოების გეგმები აღმოსავლეთის მიმართულებით. დღეს ვხედავთ, რომ, საბოლოო ჯამში, ამ მიზნებისგან და ოცნებებისგან აღარაფერს ტოვებენ, რაც შეეხება ნატოს წევრობას.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრობაც, რომელიც არ იდგა დღის წესრიგში მანამდე, 2022 წლის ომამდე, უცებ დღის წესრიგში წამოვიდა, უცებ ყველას დაჰპირდნენ, რომ იქნებოდა ევროკავშირის წევრი. უკრაინას დაჰპირდნენ, რომ სწრაფად და მოკლე ვადებში ევროკავშირის წევრი გახდებოდა. 2027 წლის 1-ლი იანვარიც კი იყო დასახელებული ზოგიერთი პირის მხრიდან, როგორც გაწევრიანების თარიღი. ვხედავთ, რომ არავინ აპირებს კიევის ევროკავშირში მიღებას. უკვე დათქმას აკეთებენ, რომ ევროკავშირში თუ მიიღეს უკრაინა, მას ექნება შეზღუდვები სოფლის მეურნეობის მიმართულებით. მთავარია, რომ უკრაინას სოფლის მეურნეობის ბაზრები სჭირდება, სუბსიდიები სჭირდება და ზუსტად ამაში ექნება შეზღუდვები. უი, თურმე, ჩვენ ევროკავშირის სრულფასოვან წევრებად მიღებას კი არ გვიპირებენ, მეორეხარისხოვან წევრებად მიღებას გვიპირებენო. ამ დღეებში გაიმართება დისკუსია, რომ იყოს ორკლასობრივი დაყოფა ევროკავშირში – იყვნენ პირველი კლასის და მეორე კლასის წევრები, რომლებსაც თანაბარი ხმის უფლება არ ექნებათ. ეს ის ტენდენციაა, რომლის ეჭვიც გვაქვს, რომ ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. კანდიდატ ქვეყნებშიც ამაზე დიდი სკეფსისია. მონტენეგროზე და ალბანეთზე თუ შეთანხმდებიან, იმის იქით გაფართოებაში, არ მგონია, გულწრფელი იყოს ზოგიერთი ლიდერი. სამწუხაროდ, ყოველდღიურად ამაში ვრწმუნდები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.