როგორ „დაიჭირა“ ბროლის ეფექტის ძიების პროცესში  მესამე თვალი ფიქრია კოხოძემ, რომელიც ადამიანის სულის დახატვას აპირებს
By

როგორ „დაიჭირა“ ბროლის ეფექტის ძიების პროცესში  მესამე თვალი ფიქრია კოხოძემ, რომელიც ადამიანის სულის დახატვას აპირებს

ხატვისადმი ინტერესი ფიქრია კოხოძის ცხოვრებაში სრულიად მოულოდნელად გაჩნდა. პროფესიით ჟურნალისტმა, ექთანმა და ბუღალტერმა, რომელიც წლების განმავლობაში საბერძნეთში ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნებისას პირველად იგრძნო, რომ ფუნჯისა და ტილოს სამყაროში საკუთარი თავის პოვნა შეეძლო. ამ გზაზე მისთვის გარდამტეხი ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებთან შეხვედრა აღმოჩნდა. დღეს ფიქრია უკვე 4 წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობს. ის თვითნასწავლი მხატვარია, რომლის ნამუშევრებიც ბროლისა და შუშის ეფექტით გამოირჩევა. სინათლითა და ფერებით ფიქრია ადამიანის სულიერ სამყაროზე, სიყვარულსა და იმ უხილავ კავშირებზე გვიყვება, რომელთა დანახვასაც ყველა ვერ ახერხებს. მისი ნამუშევრები უკვე არაერთ საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. ამჟამად, ნიჭიერი შემოქმედი  მომავალი გამოფენებისთვის ემზადება. ამბობს, რომ ფუნჯის გვერდით გადადებას არ აპირებს, რადგან ხატვა მისთვის უკვე ცხოვრების ნაწილია.
– ქალბატონო ფიქრია, მოგვიყევით თქვენზე, როდის დაიწყეთ ხატვა?
– პროფესიით ჟურნალისტი ვარ, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი დავამთავრე. ექთანიც და ასევე, ბუღალტერიც გახლავართ. 25 წლის ასაკში დავტოვე საქართველო, დაახლოებით 20 წელი საბერძნეთში ვიმუშავე,  იქიდან დაბრუნების შემდეგ 5-7 წელი საქართველოში ვიცხოვრე და სწორედ ამ დაბრუნებისას, სრულიად მოულოდნელად, ხატვისადმი ინტერესი გამიჩნდა. სიმართლე გითხრათ, მანამდე არასდროს დავინტერესებულვარ ამ სფეროთი. როგორი ნახატიც უნდა მენახა, ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ყველას შეეძლო დაეხატა. ვერ აღვიქვამდი ამ ხელოვნებას სერიოზულად. საქართველოში გალერეებში დავდიოდი, მსოფლიოს ხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი ხელოვნების ნიმუშებიც მაქვს ნანახი. . . რაც მეტს ვათვალიერებდი, ნელ-ნელა მით უფრო რაღაც იღვიძებდა ჩემში. . . გადიოდა წლები და ხატვა მაინც არ დამიწყია, სანამ ერთ დღეს გალერეაში წარმოდგენილ ფიროსმანის ნამუშევრებს არ წავაწყდი. ზოგადად, მწვანე და ჭაობისფერი ფერები მიყვარს. . . დამამუნჯა და ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ფიროსმანის ტილოებში წაკითხულმა მწვანე ფერმა. ერთ-ერთ ნახატთან დავჯექი და ჩავიძირე. . . არ ვიცი, რა მოხდა იმ წუთებში, თითქოს საუბარი მქონდა ფიროსმანთან და ხატვის სურვილი გამიჩნდა. სწორედ ამის შემდეგ მოვდივარ სახლში, ვყიდულობ ფუნჯებს, საღებავებს და ვიწყებ ხატვას. ჯერ ფერების აღქმა, შემდეგ მონახაზების ხატვა დავიწყე. შემეძლო ღამის სამ საათზე ავმდგარიყავი, იატაკზე დამედო ტილო (მაშინ მოლბერტი არ მქონდა) და მუხლებზე დაჩოქილს დაუსრულებლად მეხატა. დღითი დღე უფრო და უფრო ვიძირებოდი ხატვის პროცესში, იუთუბზე ფერების ერთმანეთთან შეზავების შესახებ ვიდეოებს ვუყურებდი. შემდეგ ფეისბუქზე ერთ-ერთ პლატფორმას წავაწყდი სახელწოდებით „არტ-აუქციონი“, სადაც მხატვრები თავიანთ ნამუშევრებს ანთავსებდნენ და ყიდდნენ. დამაინტერესა, რა რეაქცია ექნებოდა ხალხს ჩემს ნამუშევრებზე და პირველი ნახატი „გედები“ დავდე, რომელიც აკრილში იყო შესრულებული. გამოჩნდა შეძენის მსურველი. ნახატი არ გამიყიდია, თუმცა ამ დაინტერესებამ თვითრწმენა შემმატა და მტკიცედ გადავწყვიტე, ხატვა გამეგრძელებინა. რაღაც პერიოდის შემდეგ, როცა რამდენიმე ნახატი დავდე გასაყიდად, მართალია, დაბალ ფასებში, მაგრამ გაიყიდა. შემდეგ გავაცნობიერე, რომ ხატვის მასწავლებელთან უნდა გამევლო კურსი, ზეთის საღებავებში უფრო თამამად რომ მემუშავა. თვე-ნახევარი ქალბატონ მანანა გოგოჭურთან ვსწავლობდი, სამწუხაროდ ვეღარ გავაგრძელე, რადგან პანდემია დაიწყო. სახლში ჩაკეტვამ ჩემზე ძალიან დადებითად იმოქმედა – ბევრს ვხატავდი.

– როგორ გაჩნდა თქვენს ნამუშევრებში ბროლისა და შუშის მსგავსი ეფექტი, თავიდანვე გაცნობიერებული ძიება იყო თუ ექსპერიმენტების შედეგად ბუნებრივად დაიბადა?
– დიახ, უფრო გაცნობიერებული ძიება იყო, რადგან ის მარტივი მონახაზები და ფერები აღარ მხიბლავდა, რაზეც დასაწყისში ვმუშაობდი. მინდოდა, უფრო რთული და გამორჩეული ნამუშევრები შემექმნა. სვაროვსკის მაღაზიებში დავდიოდი და ნივთებს სურათებს ვუღებდი. ჩემი ყურადღება იმან მიიქცია, რომ არცერთი კადრი არ იყო ერთნაირი. ყველა განსხვავდებოდა ერთმანეთისგან ფერებით, სტრუქტურით და ამაში თითქოს კავშირი ვიპოვე ადამიანის სულიერ სამყაროსთან. როდესაც სხვადასხვა კუთხიდან უყურებ ადამიანს, შესაძლოა, მას სხვადასხვანაირი სახე ჰქონდეს. სხვათა შორის, დღემდე ძიებაში ვარ – ვცდილობ, გავიგო, რა სინათლით შემოდის ნებისმიერი ადამიანი ჩვენს ცხოვრებაში. მოკლედ, სვაროვსკის ფიგურების ხატვა დავიწყე, თან მაინტერესებდა, ფერწერით რამდენად შევძლებდი ბროლის ეფექტის მიღებას. ამ სტილში შესრულებული ჩემი პირველი ნახატია „ვაშლები“,რომელსაც სოციალურ ქსელებში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამგვარი სტილი საქართველოში აქამდე არ ყოფილა, მსგავსი ტექნიკით მაშინ არავინ ხატავდა. ბევრს ვხატავდი და საკმაოდ ბევრი მყიდველიც გამოჩნდა, „არტ-აუქციონზე“ გატანილი ნახატებიც ძალიან კარგ ფასებში იყიდებოდა და მე, როგორც თვითნასწავლი მხატვარი, უზომოდ კმაყოფილი ვიყავი. ფინანსებზე მეტად ის მიხაროდა, ვიღაცას ჩემი ამ კუთხით გადმოცემული სულიერი მხარე რომ მოსწონდა.
– თქვენს ნახატებში სინათლე თითქოს ფორმის ნაწილია. როგორ მუშაობთ სინათლესა და ანარეკლებზე?
– ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, სინათლე უფრო გამტარია, ვიდრე ფორმის ნაწილი. სინათლეს ფორმა არ აქვს. როდესაც აბსოლუტურად ცარიელ ტილოსთან ჯდები, თავიდან რაღაც გეგმა გაქვს, მაგრამ ზოგჯერ გეგმის ნაწილი იცვლება. არ იცი, შემოქმედებით პროცესში საიდან შემოვა ეს სინათლე, სად გაივლის და სად გაჩერდება. თვითონ ტილო, ფუნჯები, ფერები და შენი წარმოსახვა გაძლევს შედეგს – მიიღო სინათლე, მიიღო ის სრული სახე, რასაც სინათლის გამტარობა ჰქვია. თვითნასწავლი მხატვრისთვის ძალიან რთულია ბროლის ბუნებრივი ეფექტის მიღება. სინათლე, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში შემოდის, შეიძლება მზის სხივის, ან ადამიანის სახით შემოვიდეს. სწორედ ამის გადმოცემას ვცდილობ ჩემი ნახატებით. სინათლე ძალაა, ხედვაა. . . მას ყოველთვის მოაქვს კაშკაშა სიყვარული. . . და როცა გიყვარს – ღმერთამდე მიდიხარ. . . სვაროვსკის ფიგურებში შუქი სულ სხვადასხვა ფერს გვაძლევს, ასევეა ადამიანიც. ნებისმიერ ადამიანს, ჩვენს ცხოვრებაში შემოსულს, თავისი სინათლე შემოაქვს. ალბათ იქამდე გავაგრძელებ ხატვას, სანამ ადამიანის სულს არ დავხატავ.


– რა არის ყველაზე რთული ამ ტექნიკაში?
– ასე ხაზგასმით ვერ ვიტყვი, რა არის რთული. ყველაფერი მუშაობის პროცესში თავისით მოდის და რატომღაც მგონია, რომ მე თუ გამომივიდა, ყველას გამოუვა. უბრალოდ, ამ ყველაფერს დანახვა უნდა. ხომ ამბობენ, რომ ყველას მესამე თვალი გვაქვს? ჰოდა, ალბათ ეს მესამე თვალი დავიჭირე ბროლებთან შეხების დროს.
– სად მთავრდება ნახატი და იწყება „ოპტიკური ილუზია“?
– ოპტიკურ ილუზიაზე ვერ ვისაუბრებ, საკმაოდ ფართო თემაა, თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ნახატი არ უნდა დამთავრდეს. თუ მხატვარი ფიქრობს, რომ ნახატი დასრულებულია, აქ ძალიან ბევრი კითხვა იბადება. მხატვრებს ძალიან ხშირად გვაქვს ამაზე საუბარი – როდის მთავრდება ნახატი. მე არასდროს ვარ კმაყოფილი, თუ დასრულებული სახით გავუშვებ ნახატს გაყიდვაში. ნახატი მხოლოდ კონკრეტულად იმ მაყურებელთან მთავრდება, რომელიც ნახატის წინ დგას და უყურებს.

– როდის მიხვდით, რომ საკუთარი ხელწერა იპოვეთ?
– პირველად სვაროვსკის ნამუშევრების დახატვის დასრულებისას ვთქვი, რომ ვიპოვე. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ნახატს სოცალურ ქსელებში, დავინტერესდი, დავიწყე ძიება – რამდენად ცნობილი იყო ეს სტილი მსოფლიო მასშტაბით. ვერცერთი მხატვარი ვერ აღმოვაჩინე, რომელსაც ბროლის ეფექტით ექნებოდა ნახატი გადმოცემული, დღეს კი უკვე „ტრენდია“. რამდენიმე წელია, ვხედავ სხვადასხვა ნამუშევარს, უკვე წამოვიდა ეს სტილი მხატვრობაში, თუმცა 10-11 წლის წინათ ნამდვილად არავინ ხატავდა. მაშინ უცხოურ საიტებზე ვაქტიურობდი, ჩემი ნამუშევრები საზღვარგარეთ, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გამოფენებზეც გავიტანე და ყველგან ყოველთვის ჩემს ხელწერას აღნიშნავდნენ. ამერიკაში რომ გადავედი საცხოვრებლად, დავრწმუნდი, რომ აქაც არავინ ხატავდა ამ სტილში.
– არის რამე, რასაც მხოლოდ ფერწერით ამბობთ და სიტყვებით ვერასდროს იტყოდით?
– რაც ფართო საზოგადოებისთვისაა ცნობილი, დიახ, იმას ფერწერით ვამბობ. მაყურებელს შეუძლია, წაიკითხოს ნებისმიერი რამ, რისი თქმაც მინდა  ჩემი ნახატიდან. . . მაგრამ ფერწერა რომ არ არსებობდეს, საახლობლო წრეში სიტყვებით ვიტყოდი ყველაფერს – ზედმეტად პირდაპირი ვარ (იცინის). არანაირი ფერწერა და ხელოვნების დარგი არ მჭირდება, თუ სათქმელია, ვამბობ. ზოგადად, რეალისტი ვარ და ეს ჩემს ნახატებშიც ჩანს. ასე რომ, რასაც მოიტანდა დრო და ადგილი, ამაზე იქნებოდა დამოკიდებული ჩემი სათქმელიც.
– რომ არ გქონდეთ ტილო და ფუნჯი, რა გზით გამოხატავდით იმ სამყაროს, რომელსაც დღეს ხატავთ?
– ალბათ, რევოლუციონერი ვიქნებოდი (იცინის).
– გამოფენებზე გვიამბეთ. . .
– საქართველოში, ევროპაში, კერძოდ – ესპანეთში, საფრანგეთში, საბერძნეთში, იტალიაში და ამერიკაში ჯამში 50-მდე ჯგუფურ გამოფენაში მაქვს მიღებული მონაწილეობა, პერსონალური გამოფენა კი მხოლოდ ერთხელ მქონდა – ბაღდათში. წარმოშობით ბაღდათიდან ვარ, ძალიან მიყვარს ჩემი კუთხე, ვამაყობ ჩემი ბაღდათელობით და გადავწყვიტე, პერსონალური გამოფენა სწორედ იქ, მაიაკოვსკის სახელობის მუზეუმში მომეწყო. არაჩვეულებრივი საღამო გამოვიდა.
– რა გეგმები გაქვთ?
– გრანდიოზული გამოფენისთვის ვემზადები, ეს არის მაიამის მსოფლიო დონის გამოფენა, სადაც რამდენიმე სახელოვნებო სივრცეა გაერთიანებული. ამ ეტაპზე ნახატებზე ვმუშაობ და ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ნამუშევარი შევქმნა. გაისადაც, ცხადია, ისევ ვგეგმავ გამოფენებს სხვადასხვა თემაზე და უცვლელი ხელწერით. მინდა, წინ და წინ წავიდე, მეტი ადამიანი ვასიამოვნო ჩემი მხატვრობით და ვიზრუნო ჩემი შემოქმედებითი შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარებაზე. მოგეხსენებათ, ექთნის ლიცენზია მაქვს და პარალელურად ამ სფეროშიც ვიქნები. რამდენად შევძლებ შეთავსებას, არ ვიცი, მაგრამ ფუნჯს გვერდით ვერ გადავდებ, აუცილებლად უნდა ვხატო!

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • ოქტომბერი 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *