„შემოდგომის სერენადა“ – ფესტივალი, რომელიც ბათუმს ლიტერატურის სიყვარულით აერთიანებს
ამ ფესტივალის ფარგლებში, 10-12 ოქტომბერს, ბათუმი ლიტერატორებს მეოთხედ უმასპინძლებს. ლიტერატურული ფესტივალის „შემოდგომის სერენადა“ მიზანი ბათუმში ლიტერატურული ცხოვრების გააქტიურება, სხვადასხვა ქვეყნის, ეროვნების ავტორების ერთმანეთთან შეხვედრა და მათი შემოქმედების ბათუმელი მკითხველისა და მსმენელისთვის გაცნობაა.
„შემოდგომის სერენადა“ ოთხი წლის წინ სწორედ იმ იდეით დაიბადა, რომ ბათუმს საკუთარი ლიტერატურული ფესტივალი ჰქონოდა. ამ დროის განმავლობაში მან ათეულობით შეხვედრას უმასპინძლა და სხვადასხვა დროს 100-მდე ავტორს მოუყარა თავი. წელს ფესტივალის ფარგლებში პირველად გამოიცემა ამავე სახელწოდების წიგნი, რომელშიც როგორც გასული, ისე წლევანდელი ფესტივალის მონაწილე ავტორები იქნებიან წარმოდგენილი.
ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულება სკოლის მოსწავლეებთან მწერლებისა და პოეტების შეხვედრებია. ორგანიზატორების მიზანია, წიგნი და ლიტერატურა ახალგაზრდებთან თავად მივიდეს და მათ თანამედროვე ავტორებთან უშუალო ურთიერთობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
წელს „შემოდგომის სერენადა“ სამ დღეს გაგრძელდება და მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს აუდიტორიას – პოეზიის საღამოებს, შეხვედრებს, კულტურულ ტურს, წიგნის პრეზენტაციას, სკოლებში დაგეგმილ ღონისძიებებსა და ფესტივალის შემაჯამებელ შეხვედრას.
ფესტივალის ავტორია აჭარის მწერალთა სახლი, ხოლო სრული მხარდამჭერი – აჭარის კულტურის სამინისტრო.
„შემოდგომის სერენადის“ დაბადების ისტორიაზე, მთავარ იდეასა და ნიშაზე, წლევანდელ პროგრამაზე, მოსწავლეებთან შეხვედრების მნიშვნელობასა და ფესტივალის სამომავლო გეგმებზე ორგანიზატორს, პოეტ როინ აბუსელიძეს, ვესაუბრეთ.
– ფესტივალი „შემოდგომის სერენადა“ წელს უკვე მეოთხედ უმასპინძლებს ლიტერატურის მოყვარულებს. მოგვიყევით ფესტივალის დაბადებისა და განვითარების ეტაპებზე.
– ფესტივალის იდეა იქიდან გაჩნდა, რომ ბათუმში არ არსებობდა ლიტერატურული ფესტივალი. ოთხი წლის წინ სწორედ ამან განაპირობა „შემოდგომის სერენადის“ დაბადება. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მოწვეული გვყავდა 100-მდე ავტორი, ჩავატარეთ ათობით შეხვედრა, წელს კი, პირველად, ფესტივალის ფარგლებში იბეჭდება ამავე სახელწოდების წიგნი და სამომავლოდ ვგეგმავთ, ჩვენი ფესტივალი უფრო მასშტაბური და საყოველთაო იყოს.
– რა არის „შემოდგომის სერენადის“ მთავარი იდეა და ნიშა? რას სთავაზობს ფესტივალი მკითხველს და რით გამოირჩევა ის სხვა ლიტერატურული ღონისძიებებისგან?
– ჩვენი მთავარი ნიშა ის არის, რომ ვცდილობთ, ყველა ასაკის მკითხველთან მივიდეთ. შევდივართ სკოლებში, ბავშვებთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი მგონია. უამრავი ფესტივალი ტარდება დღეს, მაგრამ მსგავსი აქტივობა სხვაგან არ შემხვედრია.
– როგორც აღნიშნეთ, ფესტივალის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სკოლის მოსწავლეებთან მწერლებისა და პოეტების შეხვედრებია. რას აძლევს მსგავსი შეხვედრები ახალგაზრდებს და რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის უშუალო ურთიერთობა თანამედროვე ავტორებთან?
– გაჯეტების ეპოქაში იმისთვის, რომ წიგნი უკანა პლანზე არ გადავიდეს, ჩვენ ვცდილობთ, თავად მივიტანოთ წიგნი მოსწავლეებთან და გავაცნოთ ის მწერლები, რომლებსაც დღევანდელი ახალგაზრდობა მხოლოდ ტელეეკრანებიდან იცნობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სამოტივაციოა მათთვის, რადგან არავინ იცის, ვის როდის მოაკითხავს მუზა და კალამს ხელში ააღებინებს. ასევე, ყველა სკოლაში არიან ისეთი ბავშვები, რომლებიც თავად წერენ და ეს კოჰაბიტაცია, უკვე ჩამოყალიბებულ და დამწყებ ავტორს შორის, ძალიან საჭირო და სასიამოვნო პროცესია.
– გაქვთ თუ არა ისეთი ფორმატი დაგეგმილი, რომელიც თავად მოსწავლეებსაც მისცემს შესაძლებლობას, აქტიურად ჩაერთონ ლიტერატურულ პროცესში?
– მოსწავლეებს ექნებათ საშუალება, თავიანთი შემოქმედება – იქნება ეს ლექსი, ნოველა თუ თავისუფალი თემა, წაუკითხონ გამოცდილ ავტორებს, მოისმინონ მათი შეფასება და რჩევები, რაც სამომავლოდ აუცილებლად გამოადგებათ.
– წელს რა პროგრამა აქვს დაგეგმილი ფესტივალს? რა მიმართულებებს, ღონისძიებებსა და შეხვედრებს უნდა ელოდოს აუდიტორია და ვინ იქნებიან მოწვეული მწერლები და პოეტები?
– ფესტივალი სამდღიანია. პირველი დღე არის გახსნა – 6 მაისის პარკში, მზის საათთან, 16:00 საათზე, სადაც მოწვეული სტუმრები წაიკითხავენ თავიანთ ლექსებს, სიტყვით გამოვლენ და მიესალმებიან აუდიტორიას.
ამის შემდეგ, 18:00 საათზე, გადავინაცვლებთ ბულვარში, ზღვის აკვატორიაში. გემით გასეირნება იქნება და სოციალური ქსელის საშუალებით უწყვეტი ლაივი ჩაირთვება. მეორე დღეს მივდივართ პეტრას ციხეზე, სადაც კულტურული ტური გვექნება. შემდეგ ვბრუნდებით სოფელ გორგაძეებში, ზურაბ გორგილაძის სახელობის სახლ-მუზეუმში, სადაც გაიმართება ამ წიგნის „შემოდგომის სერენადას“ წარდგენა. ამ კრებულში შესულია 100-მდე ავტორი, როგორც გასული ფესტივალის მონაწილეები, ასევე – წლევანდელი. აქვე გაიმართება ზურაბ გორგილაძის ხსოვნის საღამოც.
მესამე დღეს ბათუმის ხუთ სხვადასხვა სკოლაში ჯგუფებად განაწილდებიან ჩვენი მოწვეული სტუმრები. ისინი შეხვდებიან მოსწავლეებს, ჩაატარებენ პოეზიის საღამოებსა და ლექციებს, გაცვლიან შთაბეჭდილებებს, რის შემდეგაც, უკვე 13:00 საათზე, აჭარის მწერალთა სახლში გაიმართება ფესტივალის შეჯამება და დახურვა.
– მეოთხე ფესტივალის შემდეგ რა არის თქვენი მთავარი მიზანი – როგორ უნდა განვითარდეს „შემოდგომის სერენადა“ და რა ადგილი გინდათ, რომ მან აჭარის კულტურულ და ლიტერატურულ ცხოვრებაში დაიმკვიდროს?
– ჩვენი მთავარი მიზანია უფრო მეტი მასშტაბურობა. ფესტივალს გასულ წლებში ჰყავდა სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან. წელს ისე გამოვიდა, რომ მხოლოდ საქართველოში მცხოვრები ავტორებით შემოვიფარგლეთ, მაგრამ აუცილებლად დაუბრუნდება „შემოდგომის სერენადა“ თავის უმთავრეს პრინციპს – საერთაშორისო ფესტივალის გზას, რომელიც ძალიან ბევრ, სხვადასხვა ეროვნების ცნობილ ავტორს გააერთიანებს და მისცემს საშუალებას, მათი შემოქმედება ბათუმელ მკითხველს წარუდგინონ. დაბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის მწერალთა სახლს, რომელიც ამ ფესტივალის სულისჩამდგმელია, ასევე – აჭარის კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერისთვის და ჩვენს მეგობარ კომპანიებს, რომლებიც უკვე მესამე წელია, გვერდში გვიდგანან. მადლობა სამშენებლო კომპანიებს: „ოტიუმ დეველოპმენტს“, „კუბი ჰაუსს“, „ირე პალასს“ და „ტექტოს“, მადლობა მეზღვაურთა სასწავლო-საწვრთნელ ცენტრ „მერიდიანს“, ასევე კონცეპტ შოურუმ „კორიდორს“ და ბავშვთა საფეხბურთო სკოლა „პორტუსს“.
ნანა აბულაძე