პენტაგონმა აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას დაავალა, ირანში საბრძოლო ოპერაციების განახლებისთვის მზადება დაასრულოს
By

პენტაგონმა აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას დაავალა, ირანში საბრძოლო ოპერაციების განახლებისთვის მზადება დაასრულოს

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, რამდენიმე დღის წინ პენტაგონმა აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას დაავალა, ირანში მასშტაბური საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის მზადება დაასრულოს, – ინფორმაციას ერთ-ერთი გამოცემა ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული მითითება არ მოიცავდა დარტყმების განხორციელების კონკრეტულ თარიღს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა ამერიკელი და ისრაელელი წყაროების ცნობით, ეს შესაძლოა, აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე, ან ერთი კვირით ადრე დაგეგმილ ისრაელის არჩევნებამდე მოხდეს. წყაროების თანახმად, მასშტაბური საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში, მოსალოდნელია ირანის ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული და ბირთვული ობიექტების მასობრივი დაბომბვა.

გამოცემა წერს, რომ უახლოეს სამ-ოთხ კვირაში ომის განახლებამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს შუალედურ არჩევნებზე, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ამის საპასუხოდ ნავთობის ფასები შეიძლება გაიზარდოს.

„უწყების მოვალეობაა, პრეზიდენტს წარუდგინოს სამხედრო მოქმედებების განხორციელების ვარიანტები“, – განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა პირმა.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი შუალედურ არჩევნებამდე ირანზე დარტყმის განხორციელების შესაძლებლობას განიხილავს.

დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების გუნდმა რამდენიმე დღის წინ „კემპ-დევიდში“ რამდენიმესაათიანი შეხვედრა გამართა ომისა და სხვა საკითხების განსახილველად. ისრაელის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ შეხვედრის ნაწილი ირანში მასშტაბური საბრძოლო მოქმედებების შესაძლო განახლებას დაეთმო. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საუბარი საგარეო პოლიტიკის გრძელვადიან დაგეგმვას შეეხებოდა.

გამოცემა წერს, რომ ოთხშაბათს პრეზიდენტი ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა. ეს ბოლო დღეებში მათი მეორე სატელეფონო საუბარი იყო, ორი დღით ადრე კი, ორშაბათს, ნეთანიაჰუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ესაუბრა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებში არანაირი პროგრესი არ არსებობს. კატარელი შუამავლები კვლავ ელიან ირანის პასუხს აშშ-ის წინადადებაზე, რომელიც ბირთვულ საკითხებზე დათმობების მოთხოვნებს მოიცავდა.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *