ჩაის სურნელით გაცოცხლებული ბათუმური ეზოების ამბები
ბათუმს თავისი განსაკუთრებული ხიბლი აქვს ჯერ კიდევ შემორჩენილი ძველი აივნებით, მრავალეროვან ეზოებით, ერთმანეთის ამბების გაზიარების ტრადიციათა და იმ უბრალო, მაგრამ ძვირფასი რიტუალებით, რომლებიც ადამიანებს აახლოებს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფინჯან ჩაისთან შეკრებაა – საუბრის, სტუმართმოყვარეობისა და ურთიერთობის კულტურა, რომელმაც აჭარის ყოველდღიურ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა. სწორედ ამ ტრადიციის გაცოცხლებას, ქალაქის კულტურული წარსულის გახსენებასა და მისი მრავალფეროვანი მემკვიდრეობის ახლებურად წარმოჩენას მიეძღვნა „ბათუმური ჩაის საღამო“, რომელიც აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ეზოში გაიმართა.

ისტორია, ჩაი, ლიტერატურა, მუსიკა და ხელოვნება ამ დღეს ერთ სივრცეში გაერთიანდა. მუზეუმის ეზო იქცა შეხვედრის ადგილად, სადაც ფინჯან ჩაისთან ერთად ბათუმის წარსულზე, მის კულტურულ სახეზე, ადამიანებსა და იმ ადგილებზე საუბრობდნენ, რომლებიც ქალაქის განსაკუთრებულ ხასიათს ქმნის.
მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ სამოვრებისა და ჩაიდნების კოლექციები, ჩაის კულტურასთან დაკავშირებული ექსპონატები, ისტორიული დოკუმენტები და ფოტომასალა, რომლებიც საქართველოში ჩაის კულტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიას ასახავს. თითოეული ნივთი თითქოს საკუთარი დროის ამბავს ინახავს და სტუმრებს წარსულთან შეხების შესაძლებლობას აძლევს.
საღამო ჩაის დაყენების მასტერკლასით გაიხსნა, რომელიც ჩაის დიპლომირებულმა ოსტატმა, საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა კოორდინატორმა და 2016 წლის ჩაის ოსტატთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა, კომპანია „ქართული ველური ჩაის“ წარმომადგენელმა ანა ვართანოვამ წარადგინა. სტუმრები ქართული და ჩინური ჩაის დაყენების ცერემონიალს გაეცნენ, განსხვავებული ტრადიციების თავისებურებები აღმოაჩინეს და, რა თქმა უნდა, არომატული ჩაიც დააგემოვნეს.
ფინჯანმა ჩაიმ ერთ სივრცეში შეკრიბა მწერლები, პოეტები, ხელოვანები, მუსიკოსები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ქალაქის ცნობილი სახეები. საუბარი შეეხო ბათუმს, ლიტერატურას, ხელოვნებას, მუსიკას, ქალაქის კულტურულ წარსულს, ადამიანებსა და მოგონებებს. ეს იყო საღამო, სადაც ჩაი მხოლოდ სასმელი არ ყოფილა, იგი დიალოგის, გაზიარებისა და ერთმანეთის უკეთ გაცნობის საშუალებად იქცა.

ღონისძიების მთავარი იდეა ბათუმური ეზოების იმ განსაკუთრებული ატმოსფეროს აღდგენაა, რომელიც წლების განმავლობაში ქალაქის მრავალფეროვან და მეგობრულ ცხოვრებას განსაზღვრავდა. ამ ჩანაფიქრის შესახებ აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი თეონა ზოიძე გვესაუბრა.
– ზოგადად, გვინდა გავაცოცხლოთ ბათუმური ეზოების იდეა. მოგეხსენებათ, ბათუმური ეზოები წლების განმავლობაში ძალიან მეგობრული და მრავალკულტურული იყო. შესაბამისად, ამ შემთხვევაში გვინდა ეზოებში ჩაის სმის ტრადიცია გავაცოცხლოთ.
ჩაი, როგორც კულტურა, ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა აჭარის რეგიონის განვითარებაში. მოგეხსენებათ, XIX საუკუნის ბოლოს, ლაო ჯინ ჯაოს დახმარებით, ეს კულტურა საქართველოში და, კერძოდ, აჭარაში შემოვიდა. შეიძლება ითქვას, ჩვენს რეგიონში თითქმის არ არსებობს ოჯახი, სადაც ჩაი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი არ იყოს.
გვინდა, ამ კულტურის შესახებ კიდევ უფრო მეტი მოვუყვეთ ბათუმელ საზოგადოებასა და ჩვენი ქალაქის სტუმრებს. იმედი მაქვს, რომ თითოეული ღონისძიება, რომელიც დღეიდან გაცოცხლდება, ძალიან საინტერესო იქნება და ჩვენს მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობას პოპულარიზაციის მეტ შესაძლებლობას მისცემს.
ჩვენს მუზეუმებში დაცულია არაერთი ექსპონატი, რომელიც ჩაის უკავშირდება. მათ შორისაა ლაო ჯინ ჯაოს პირადი ნივთები, ჩაის წარმოების ამსახველი ეტიკეტები, შეფუთვები და ჩაის კულტურასთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაცია.
ვნახოთ, დღევანდელი ღონისძიების შემდეგ როგორი იქნება საზოგადოების გამოხმაურება. ამის მიხედვით დავიწყებთ იმ ექსპონატებისა და კულტურული მემკვიდრეობის საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ახლოს გაცნობას, რომლებიც ჩვენს რეგიონში გვაქვს. აჭარის მუზეუმების გაერთიანებაში ამ მიზნით არაერთი ღონისძიება ტარდება, თუმცა დღეს გვინდოდა, განსხვავებული ფორმატი შეგვეთავაზებინა საზოგადოებისთვის და ვფიქრობ, ეს გამოგვივიდა“, – გვითხრა თეონა ზოიძემ.
„ბათუმური ჩაის საღამო“ კიდევ ერთი მცდელობაა, მუზეუმის სივრცე ცოცხალ კულტურულ გარემოდ აქციოს, სადაც ისტორია მხოლოდ ექსპონატებში კი არ ინახება, არამედ ადამიანების შეხვედრებით, საუბრებითა და საერთო მოგონებებითაც გრძელდება. მსგავსი ღონისძიებები წარსულსა და თანამედროვეობას შორის კავშირს აძლიერებს და საზოგადოებას საკუთარი ქალაქის კულტურულ ფესვებს ხელახლა აღმოაჩენინებს.
ჩვენი ტრადიციები სწორედ ასეთი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი რიტუალებით ცოცხლობს. ჩაის გაზიარება, სტუმრის პატივისცემა, მეზობლური სიახლოვე და სხვადასხვა კულტურისადმი გახსნილობა ბათუმის ისტორიული სახის ნაწილია. მათი შენარჩუნება კი მხოლოდ წარსულის გახსენებას არ ნიშნავს, ეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მომავალ თაობებამდე მიტანაა, რათა ძველმა ტრადიციებმა თანამედროვე ცხოვრებაშიც განაგრძოს არსებობა.
ნანა აბულაძე