„ჩვენი მიმართულება ხელისუფლების ოპონირებაა“
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ირგვლივ საზოგადოების განწყობა და პარტიების რეიტინგი გაზომა ორგანიზაცია IRI-მ, რომელმაც გამოკითხვების შედეგები არ გაასაჯაროვა. რამდენად ასახავს კვლევა რეალურ სურათს? რა შეცდომები დაუშვა ოპოზიციამ და რატომ ვერ ახერხებს ერთიანი პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებას? რაზე მიანიშნებს დასავლეთის კრიტიკული შეფასებები? როგორ აპირებს ოპოზიცია არსებული გამოწვევების დაძლევას და 2028 წლის არჩევნებისთვის საზოგადოებაზე ორიენტირებული სტრატეგიის შემუშავებას? ამ საკითხებზე გვესაუბრება „ძლიერი საქართველო -ლელოს“ აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, ბათუმის საკრებულოს წევრი ვაჟა დარჩია.
– ამას წინათ IRI-მ გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც არ გასაჯაროვდა, თუმცა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მმართველ პარტიას 35 პროცენტი უჭერს მხარს, „ნაცმოძრაობას“ – 5, სხვა პარტიების მაჩვენებელი უმნიშვნელოა, რას ფიქრობთ?
– ვიცი, რომ ამ კვლევის შედეგი დაიდო, მაგრამ ამის შემდეგ არანაირი განცხადება არ გვინახავს, მათ შორის არც ამ კვლევითი ორგანიზაციისგან. კარგი იქნება, თუ IRI ამის თაობაზე ისაუბრებს. სიმართლე გითხრათ, მაკვირვებს ხელისუფლების 35-პროცენტიანი რეიტინგი, ვინაიდან არარეალურია. ცალკე საკითხია, ოპოზიცია რომ არ ვარგა და ეს ამ კვლევაშიც იკვეთება. აგრეთვე, ამ კვლევის მიხედვით მოსახლეობის მესამედი ხელისუფლების საქმიანობით უკმაყოფილოა, თუმცა ამ გამოკითხვას, როგორც გითხარით, ოფიციალური სახე არ მიუღია, ამიტომ როგორ შეიძლება მას ვენდოთ? როცა ასეთი ავტორიტეტული ინსტიტუტის კვლევა არსებობს, ვინმეს ხომ მაინც უნდა ესაუბრა ამის თაობაზე.
– თქვენი აზრით, ამ ორგანიზაციამ რატომ არ გააკეთა განმარტება?
– ვერ ვილაპარაკებ იმაზე, რაც არ ვიცი. ფაქტია, რომ კვლევასთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გვინახავს, თუმცა მმართველი პარტია მას სათავისოდ იყენებს, ამბობს, რომ ოპოზიცია ცაიტნოტშია.
– რა მდგომარეობაშია დღეს ოპოზიცია?
– რთულ მდგომარეობაშია. ამის მიზეზი არის ის, რომ მან ბევრი შეცდომა დაუშვა. მოსახლეობა ოპოზიციაში ვერ ხედავს ალტერნატიულ ძალას, რაშიც იკვეთება ყველა ოპოზიციური პარტიის მეტ-ნაკლები ბრალი. ფაქტია, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ოპოზიციური ლიდერების შევიწროებას, მათზე საქმის აღძვრას, ბევრი მათგანი ციხეშია. მიუხედავად ამისა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ფარხმალს არ ვყრით, ვაანალიზებთ შეცდომებს, ცალსახად ჩანს ერთმანეთთან კომუნიკაციის პრობლემა. ჩვენი პარტიის მიზანია ამ პრობლემის მოგვარება. უნდა ვიცოდეთ, ვის ვუწევთ ოპონირებას, არ ვიქცეთ ოპოზიციის ოპოზიციად და ვიყოთ ხელისუფლების ოპონენტები ყველა მიმართულებით. ამას ვაკეთებთ რამდენიმე წელია. ჩვენი პარტია ოპოზიციურ კინკლაობაში ჩართული არ არის, პირიქით, ძალიან ბევრი დარტყმა მივიღეთ, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან – ისეთი ლანძღვა-გინება, ხელისუფლებისგანაც კი რომ არ გაჟღერებულა. არ ავყოლივართ ამ ქიშპობას. მიგვაჩნია, რომ ჩვენი მიმართულება, ჩვენი ვექტორი ხელისუფლების ოპონირებაა.
– შეცდომები ახსენეთ, კონკრეტულად რას გულისხმობთ?
– სტრატეგიის გაყოფა, მათ შორის – არჩევნებთან დაკავშირებით. სწორი იქნებოდა, ეს სტრატეგია ყოფილიყო საერთო, ან ბოიკოტი, ან – არჩევნებში მონაწილეობა. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა სწორი გზა იყო, რეალობიდან გამომდინარე, ხომ ვნახეთ, რომ თბილისში კახა კალაძემ მოსახლეობის ოცპროცენტიანი აქტივობით 80 პროცენტი დაიწერა. აშკარაა, რომ ოპოზიციურ პარტიებს უჭირთ, ის ასეულობით წარმომადგენელი, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს ჰყავდა საკრებულოებში (ვგულისხმობ „ახალს“ და „ნაცმოძრაობას“) აღარ არსებობს პოლიტიკურ ველზე. ამიტომ ვფიქრობ, მთავარი შეცდომა იყო ის, რომ ოპოზიციური პარტიები არ გაერთიანდნენ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. შემდეგ უკვე ეს გაყოფა იყო მთავარი პრობლემა, რამაც გამოიწვია დღევანდელი სავალალო მდგომარეობა. ვფიქრობ, პოლიტიკოსები უნდა დარჩენილიყვნენ პოლიტიკოსებად, არ უნდა გამხდარიყვნენ აქტივისტები. პოლიტიკოსმა უნდა აკეთოს პოლიტიკა, რა დოზითაც არის ეს შესაძლებელი. სამწუხაროდ, მრავალი შეცდომა გამოიკვეთა.
– გასული წლის 4 ოქტომბრის მოვლენებმა რა გავლენა მოახდინა დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებზე?
– ჩვენ იმ დღეს არჩევნების დღე გვქონდა, ეს გზა იმიტომ ავირჩიეთ, რომ მართებულად მიგვაჩნდა, რადგან არჩევნებში მონაწილეობას ალტერნატივა არ გააჩნია. ყველას თავისი გზა აქვს, ასევე, გამოხატვის ფორმა. მიმაჩნია, რომ გასული წლის 4 ოქტომბრის მიტინგში ხელისუფლების ხელი ურევია. ამ ფაქტს შეეწირნენ ადამიანები, რომლებიც არაფერ შუაში იყვნენ.
– სხვათა შორის, შუალედურ არჩევნებში „ლელომ“ კატასტროფული შედეგი დადო, რას იტყვით?
– არ ვართ კმაყოფილი იმ შედეგით, რაც მივიღეთ შუალედურ არჩევნებში, თუმცა ჩართული ვიყავით ამ ამბავში – ვანის რაიონში, მოსახლეობის აქტივობა არ იყო მაღალი. ყველაფერი მუშაობდა ჩვენ წინააღმდეგ, მათ შორის საპატრიარქო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. მოკლედ, მთელი სტრუქტურა მობილიზებული იყო ერთი პატარა ბიჭის (ჩვენი პარტიის აქტივისტის) წინააღმდეგ, რომელმაც თავის სოფელში 60 ადამიანი დაარწმუნა ცვლილებების საჭიროებებში. რაც შეეხება დმანისს, წალკას, აქ არ გვაქვს კარგი შედეგი, მეტის მოლოდინი გვქონდა… ჩვენ ეს არჩევნები 2025 წლის პროცესის გაგრძელებად მივიჩნეთ, ამიტომ მივიღეთ მონაწილეობა შუალედურ არჩევნებში. მოკლედ, ყოველდღე ვრწმუნდებით, რომ არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს.
– ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია ცაიტნოტშია და ვიდრე სატელევიზიო ფორმატზე იქნებიან ფოკუსირებულნი, მმართველ პარტიას კონკურენციას ვერ გაუწევენ. თქვენი აზრი ამის შესახებ. . .
– ჩვენს პარტიაზე ამას ვერ ვიტყვი, ყოველი ჩვენი დღე არის მოსახლეობასთან კომუნიკაცია, პრობლემებზე საუბარი. სოციალურ ქსელებს რომ შეხედოთ, მათ შორის ჩვენი პარტიის, ცხადი ხდება, რომ ზუსტად ამას ვაკეთებთ, ანუ ვხვდებით მოსახლეობას, ვეცნობით მათ პრობლემებს. ჩვენ ორი წელია, კამპანიურად დავდივართ მუნიციპალიტეტებში, ვაფიქსირებთ არსებულ პრობლემებს, სად რა არის მოსაგვარებელი, ამიტომ საყვედურებს ვერ მივიღებთ.
– ისიც ცხადია, რომ ოპოზიცია ურთიერთდაპირისპირების რეჟიმშია, რა არის ამის მიზეზი?
– ცხადია, რომ ოპოზიცია ერთმანეთს არ უნდა ებრძოდეს. თუ ვართ ოპოზიცია – უნდა ვიყოთ ოპოზიცია, რაც მთავარია, უნდა ვიყოთ ხელისუფლების ოპოზიცია! ოპოზიციის ოპოზიციად როგორც კი ვიქცევით, ხელისუფლების წისქვილზე დავასხამთ წყალს, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ეს გზა არჩეული. ვინც ფიქრობს, რომ ოპოზიციის ოპოზიციობით მიაღწევს რამე შედეგს, ცდება. ჩვენ ამ გზას არ ვეთანხნებით.
– მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ოპოზიცია თვითდაზიანების რეჟიმშია, ხოლო ხელისუფლება ქვეყნის განვითარებას თანმიმდევრულად ახორციელებს. . .
– ისინი ბევრ რამეს ამბობენ. ამ მხრივ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები არასახარბიელოა. მაგალითად, „ქართული ოცნება“ უნდა დასვა გლდანის ციხესთან და ნახოს, რა დღეში ჩააყენა ქვეყანა. ირაკლი ღარიბაშვილი ექვსი წელი იყო პრემიერ-მინისტრად და კორუმპირებული აღმოჩნდა. ახლა სხვები? გაცხადდა, რომ ჯარს და ბავშვებს ფულს ჰპარავდნენ და ამაში ჩართული იყო სუსის უფროსი, პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. და როგორ მოქმედებს ეს ყოველივე ქვეყნის რეალობაზე? რა ხდება? სავალალო სურათია: ასობით ბავშვი ვერ შევიდა სკოლაში იმიტომ, რომ ხელისუფლებამ სკოლის რეაბილიტაცია ვერ განახორციელა, ბათუმში ცხრა ბაღი ვერ გახსნეს, ასეთი პრობლემები მრავლად გამოიკვეთა. მოკლედ, კორუფცია, დაკავებული ჩინოვნიკები და სკოლებში ვერშესული ბავშვები – ეს არის დღევანდელი ჩვენი ქვეყნის რეალობა.
– ახლა სხვა აქტუალური საკითხები განვიხილოთ: მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი სარჩელი შეიტანა რამდენიმე პარტიის გაუქმების შესახებ, რა მოლოდინი გაქვთ?
– საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბარი სასაცილოა, ჩვენ შეტანილი გვაქვს სარჩელი, ვამბობთ, რომ ეს პროცესი სრულად დაცლილია დემოკრატიისგან, ფაქტობრივად, დიქტატორული ქვეყნები რომ ჩამოთვალოთ, ისინიც კი არ ირჩევენ ამ გზას (ვგულისხმობ პარტიების აკრძალვას). ვფიქრობ, პარტიების აკრძალვის პროცესი ხელისუფლებისთვის მექანიზმია დასავლეთთან სავაჭროდ, კერძოდ, ეუბნება დასავლეთს, თუ ჩვენს ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ არ დააყენებ, უკან ჩვენც ამ კანონს გამოვიტანთ. სწორედ ამ მექანიზმისთვის აქვს დაწყებული ეს პროცესი, თუმცა დარწმუნებული ვარ, პარტიები ფორმალურად იარსებებენ თუ არა, მისი წევრები მაინც გააგრძელებენ საქმიანობას პოლიტიკურ ველზე იმ ფორმით, რა ფორმითაც მიეცემათ ბრძოლის საშუალება.
– თუ საკონსტიტუციო სასამართლომ მაინც აკრძალა პარტიები, როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია?
– ცხადია, დასავლეთის რეაქცია იქნება მკაცრი და ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს! ამას წინათ ევროპარლამენტმა საქართველოსთან მიმართებით პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ უნდა დაუწესდეს სანქციები ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს, კალაძეს, ასევე, დაუყოვნებლივ საკონსტიტუციო სასამართლოდან უნდა გამოიტანონ პარტიების აკრძალვის შესახებ შეტანილი სარჩელი და გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები.
– ექსპერტები აცხადებენ, რომ შესაძლოა საქართველოს კანდიდატის სტატუსი შეუჩერონ, ამ მხრივ რა დივიდენდებს მიიღებს რუსეთი?
– თუ ხელისუფლებამ გააგრძელა ანტიდემოკრატიული ქმედებები, სავარაუდოდ, კანდიდატის სტატუსს გაგვიუქმებენ, რაც საქართველოსთვის სავალალო იქნება. რაც შეეხება რუსეთს: მისი მიზანია არა მხოლოდ დააშოროს საქართველო დასავლეთს, არამედ დააბრუნოს საკუთარ ორბიტაზე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი დაგვრჩეს. თუ გაგვიუქმებენ კანდიდატის სტატუსს, ეს შეგვიქმნის პრობლემებს, მათ შორის -ჯანდაცვისა და სამუშაო ადგილების კუთხით.
– მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ევროკავშირის მაღალჩინოსნები საქართველოს აშანტაჟებენ. . .
– არ შეესაბამება ეს განცხადება სიმართლეს. ჩვენ ამის შესახებ უნდა ვესაუბროთ მოსახლეობას. მაგალითად, კანონები მანქანების დაზღვევასთან და განბაჟებასთან დაკავშირებით რით ახსნეს? ამას ევროკავშირი გვავალდებულებსო… მურუსიძე შეცვალეო, რომ გეუბნება, იმას რატომ არ ასრულებ? ევროკავშირი ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს მომავალს წყვეტს აშშ-თან და ჩინეთთან ერთად. ევროკავშირი გვეუბნება, რომ შეასრულე საშინაო დავალება და მაშინ ვიფიქრებ, რომ ეს კარი თქვენთვის გაიღოს. დავალებები არა ნაწილობრივ, არამედ სრულად უნდა შესრულდეს!
– დაბოლოს, 2028 წელს ოპოზიცია რომ არჩევნებს გაძლიერებული დახვდეს, რა გეგმა უნდა შეიმუშავოს?
– არჩევნები აუცილებლად ჩატარდება 2028 წელს და ჩვენ დამოუკიდებლად ვიასპარეზებთ. წინა არჩევნებისას ალიანსების შექმნამ აჩვენა, რომ ეს იყო ფასადური, ამიტომ ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა უნდა იზრუნოს იმისთვის, რომ თავისი ამომრჩეველი დაარწმუნოს ცვლილებების საჭიროებაში. თუ ყველა ჯგუფი ამას გაითავისებს და შესაბამისად იმოქმედებს, შედეგიც ოპოზიციისთვის სახარბიელო იქნება. თუ ვერ შევძლებთ ერთმანეთის დარწმუნებას, რომ ხელისუფლება არის შესაცვლელი და ოპოზიციამ უნდა ჩამოაყალიბოს კოალიციური მთავრობა, მაშინ ჩვენი ადგილი პოლიტიკაში არ არის!
ლაშა ხომერიკი