,,მინდა, ჩემი ცოდნა და ენერგია ბავშვებს მივუძღვნა“- ახალგაზრდა მასწავლებელი მთიანი აჭარიდან
ქალაქის კომფორტის დატოვება და მთიან აჭარაში მასწავლებლად წასვლა ერთგვარი გამოწვევაა, რასთან გამკლავებაც ყველას არ შეუძლია. დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი ქართული ენისა და ლიტერატურის 24 წლის მასწავლებელი მანანა ანთიძეა, რომელიც ორი წელია, გორგაძეების საჯარო სკოლაში ასწავლის და ამბობს, რომ მისი ცხოვრების საუკეთესო მოგონებები სწორედ მთასა და აქაურ მოსწავლეებს უკავშირდება.
– რატომ გადაწყვიტეთ, ქართული ენა სწორედ აჭარის მთიანეთში გესწავლებინათ?
– ძალიან მიყვარს თავგადასავლები. შესაბამისად, აქ წამოვედი, რათა კიდევ ერთი თავგადასავალი შემექმნა და მეც შემეტანა წვლილი ამ უნიჭიერესი ბავშვების წარმატებაში. ძალიან მაინტერესებდა აქაური ცხოვრების წესი. ეს ჩემთვის ერთგვარი გამოწვევაც იყო და ვფიქრობ, ჯერჯერობით კარგად ვართმევ თავს. მთიანი აჭარა გამორჩეული კულტურისა და ტრადიციების მხარეა, სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მინდა, ჩემი ცოდნა და ენერგია მივუძღვნა ბავშვებს, რომლებსაც ხშირად ნაკლები წვდომა აქვთ საგანმანათლებლო რესურსებზე, თუმცა ცოდნის მიღების უშრეტი სურვილი აქვთ.
– როგორ დაგხვდნენ მოსწავლეები, კოლეგები და ადგილობრივი მოსახლეობა?
– ზოგადად, ძალიან კომუნიკაბელური ვარ და ადამიანებს ადვილად ვუახლოვდები, თუმცა მაინც მქონდა შიში, რომ გარემოსთან შეგუება გამიჭირდებოდა. პირველივე დღეს ისეთი გარემო შემიქმნეს, მეგონა, აქ უკვე დიდი ხანია ვმუშაობდი და სულაც არ იყო ჩემი პირველი სამუშაო დღე, რადგან ყველა ძალიან თბილი და მეგობრულია.
– ალბათ, რთული იქნებოდა სოფლის მკაცრ პირობებთან შეგუება. რა გაგიჭირდათ ყველაზე მეტად?
– ყველაზე რთული აქ მაინც ზამთარია. ამხელა თოვლში გადაადგილება რთულია, თუმცა სკოლაში ექვს ბავშვთან ერთად მივდივარ და მათ გვერდით მშვიდად ვგრძობ თავს – არაფრის მეშინია. სირთულეს ქმნის გზების ჩაკეტვა, ელექტროენერგიის გათიშვა და ყოველდღიური ყოფითი პრობლემებიც. ქალაქის კომფორტს მიჩვეული ადამიანისთვის თავიდან ეს ყველაფერი დიდი გამოცდა იყო, თუმცა ბავშვების ღიმილი და მათი ენთუზიაზმი ყოველდღიურ სირთულეებს მავიწყებს.

– თქვენ სკოლის ერთადერთი ქალი მასწავლებელი ხართ. როგორ იგრძენით თავი ამგვარ ვითარებაში?
– თავიდან ესეც სირთულედ მიმაჩნდა, თუმცა ჩემი კოლეგები ძალიან თბილი და ყურადღებიანი ადამიანები არიან. არასდროს მიგრძნია რაიმე დისკომფორტი. პირიქით, ყველანაირად ცდილობენ, უხერხულობა არ ვიგრძნო.
– თქვენი დაკვირვებით, რატომ არ მიდიან მასწავლებლები მთაში?
– მთავარი მიზეზი ყოფითი პირობები, ქალაქიდან მოწყვეტა და ოჯახისგან შორს ყოფნაა. ბევრს აშინებს მკაცრი კლიმატი, სოციალური აქტივობების ნაკლებობა და კარიერული ზრდის შეზღუდული შესაძლებლობები. მთაში წამოსვლა მხოლოდ პროფესიულ არჩევანს სცდება, ეს ცხოვრების გარკვეული წესის მიღებასაც ნიშნავს, რისთვისაც ყველა მზად არაა, თუმცა მთავარია, გაბედოთ და ეს სირთულეები თქვენს სიძლიერედ აქციოთ.
– მთის სკოლაში, ძირითადად, რა პრობლემებსა და სირთულეებს ხედავთ?
– კონკრეტულად ჩემი სკოლის მაგალითზე რომ გითხრათ, ჩვენს ბავშვებს ძალიან უყვართ სპორტი, განსაკუთრებით – ფრენბურთი, მაგრამ არ ჰქონდათ კეთილმოწყობილი მოედანი, სადაც თამაშს შეძლებდნენ, თუმცა, საბედნიეროდ, ეს პრობლემა უკვე გვარდება და ახალ მოედანს გვიკეთებენ. ზოგიერთ სკოლას არ აქვს სათანადო ინვენტარი და შესაბამისი გარემო, რაც ბავშვების სწავლის მოტივაციაზეც აისახება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, მათ შესახებ იმ ადამიანებამდე მივიდეს ინფორმაცია, რომლებიც მათ მოგვარებაზე არიან პასუხისმგებელი.
– რა მიდგომებს იყენებთ მოსწავლეებთან წარმატების მისაღწევად?
– ვცდილობ, გაკვეთილებზე სხვადასხვა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობა გამოვიყენო, რადგან არ მინდა, ჩემი გაკვეთილები მოსაწყენი იყოს და ბავშვები მათ იძულებით ესწრებოდნენ. მთავარია, მოსწავლეს ისე მიუდგე, რომ მასში სწავლის ინტერესი აღძრა. ვფიქრობ, სწორედ ეს არის შემდგომში წარმატების გასაღები.
– თქვენი დაკვირვებით, რა აკლიათ მთიანეთში მცხოვრებ ბავშვებს ყველაზე მეტად?
– შესაძლებლობები, რომლებიც ქალაქის სკოლებში უფრო ხელმისაწვდომია, მაგალითად, ლაბორატორია, მუსიკის ოთახი და სხვა შესაბამისი სივრცეები. რამდენიმე დღის წინ მუსიკის მასწავლებელმა მითხრა, მუსიკის სახელმძღვანელო ისეთ პრაქტიკულ აქტივობებს მოიცავს, რომ სკოლაში მუსიკის ოთახის არსებობა აუცილებელიაო. ჩვენს სკოლაში ასეთი ოთახი არ არის, შესაბამისად, ბავშვებს არ აქვთ შესაძლებლობა, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოსცადონ.
ასევე, ბავშვებს ძალიან უნდათ კინოში, თეატრსა და სხვადასხვა გასართობ თუ შემეცნებით სივრცეში წასვლა, თუმცა აქ ამის შესაძლებლობა ნაკლებად აქვთ. ვფიქრობ, ეს მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეზღუდვაა.

– თქვენი აზრით, რამდენად თანაბარი შესაძლებლობები აქვთ მაღალმთიან სოფელში მცხოვრებ და ქალაქის მოსწავლეებს?
– სამწუხაროდ, გარკვეული მიმართულებებით მათ თანაბარი შესაძლებლობები არ აქვთ. შეჯიბრებები, ოლიმპიადები და სხვადასხვა კონკურსი, ძირითადად, ქალაქებში ტარდება. იმის გამო, რომ ბავშვები ქალაქიდან საკმაოდ შორს ცხოვრობენ და აქ ზამთარი განსაკუთრებით მკაცრია, შესაძლოა, ყოველთვის ვერ მოახერხონ გამგზავრება და ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა. ქალაქში მცხოვრებ ბავშვებს ამ მხრივ განვითარების მეტი შესაძლებლობა აქვთ.
– როგორ ფიქრობთ, რა განსაკუთრებული ღირებულებები და გამოცდილება ახლავს მაღალმთიან სოფელში ცხოვრებას, რაც ქალაქში შეიძლება ნაკლებად იგრძნობოდეს?
– ბოლო პერიოდში ვიდეოების გადაღება და სოციალურ ქსელში განთავსება დავიწყე. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ ეფერებიან ბავშვები ძროხას. სწორედ იქ ვახსენე, რომ აქ ბავშვებს ცხოველები განსაკუთრებით უყვართ, რადგან მათთან ურთიერთობა პატარაობიდანვე აქვთ. ეს მხოლოდ ცხოველებს არ ეხება – მათ ზოგადად, ბუნებისა და გარემოს მიმართ განსაკუთრებული სიყვარული და დამოკიდებულება უვითარდებათ. სწორედ ეს მიმაჩნია ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად, რომელსაც აქ ცხოვრების გამოცდილება გაძლევს.
მთაში ცხოვრება გასწავლის ნამდვილ ურთიერთობებს, ურთიერთგატანას, ბუნებასთან ჰარმონიასა და შრომის ფასს. აქ ადამიანებს შორის ურთიერთობა უფრო წრფელი და უშუალოა. ბავშვები იზრდებიან ლაღები, პასუხისმგებლობიანები, ტრადიციებისა და უფროსების მიმართ პატივისცემით. ვფიქრობ, ეს ის ღირებულებებია, რომლებიც ქალაქის სწრაფ რიტმში ზოგჯერ ნაკლებად იგრძნობა.
– ბავშვები თქვენგან ქართულ ენასა და ლიტერატურას სწავლობენ, ამავდროულად, მათი მეგობარიც ხართ. საინტერესოა, ამ წლების განმავლობაში თქვენ რა ისწავლეთ მათგან?
– ძალიან ბევრი რამ მასწავლეს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მათგან ვისწავლე, ისაა, რომ ბედნიერებისთვის სულაც არ არის საჭირო, ელოდო განსაკუთრებულ მოვლენას. ზოგჯერ უბრალო ნაყინსაც კი შეუძლია გაგაბედნიეროს. ისეთ პირობებშიც კი, როცა გარეთ ყინავს და ელექტროენერგია არაა, მათ თვალებში დანახულმა სინათლემ მასწავლა, რას ნიშნავს ნამდვილი სიმტკიცე და სიცოცხლის სიყვარული.
– დღეს რომ თავიდან გქონდეთ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, კვლავ ამ გზას აირჩევდით?
– დიახ, რადგან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი საუკეთესო მოგონებები სწორედ აქ შევქმენი. აქ დღე თითქმის არ გადის ისე, რომ არ გავიცინო, ბავშვები არ ჩამეხუტონ და სითბო არ მაგრძნობინონ. მიუხედავად ფიზიკური თუ ემოციური სირთულეებისა, იმის განცდა, რომ თუნდაც ერთი ბავშვის მომავალზე დადებითი გავლენა მოახდინე და მის წარმატებაში შენი წვლილი შეიტანე, ჩემთვის იმაზე დიდი ბედნიერებაა, ვიდრე ნებისმიერი კომფორტი, რომელიც ქალაქში მუშაობას შეიძლება ახლდეს.
– ოცნება, რომელიც თქვენს მოსწავლეებს უკავშირდება?
– თითოეულმა ჩემმა მოსწავლემ თავის მიზანს მიაღწიოს. ბევრ მათგანს უკვე გადაწყვეტილი აქვს, მომავალში რა პროფესიას უნდა დაეუფლოს, ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიქნები, როცა მათ თავიანთ სფეროებში წარმატებულებს დავინახავ. ჩემთვის მთავარია, თითოეულმა მათგანმა იპოვოს საკუთარი ადგილი ცხოვრებაში, აკეთოს ის, რაც უყვარს და იცხოვროს მაღალი ღირებულებებით.
თამარ ლამპარაძე