​ სოფიკო ბუკია: ემიგრაცია ზოგჯერ საკუთარი თავის ხელმეორედ აღმოჩენაა
By

​ სოფიკო ბუკია: ემიგრაცია ზოგჯერ საკუთარი თავის ხელმეორედ აღმოჩენაა

სოფიკო ბუკიას ჩვენი გაზეთის მკითხველი უკვე იცნობს. ხობელი გოგონა წლებია იტალიაში მოღვაწეობს. მისი საქმიანობა მრავალმხრივია, თუმცა უპირატესობას ქართული ენის, კულტურისა და იდენტობის დაცვას ანიჭებს. იგი ჩვენი სტუმარია.

– ქალბატონო სოფიკო, 2018 წლიდან ემიგრაციაში ცხოვრობთ. უცხო ქვეყანაში ქართული კულტურის პოპულარიზაცია დიდ შრომას მოითხოვს.

– ემიგრაცია მხოლოდ გეოგრაფიული გადაადგილება არ არის. ზოგჯერ ის საკუთარი თავის ხელმოერედ აღმოჩენაა, ზოგჯერ – ტკივილი, რომელიც არასოდეს მთავრდება, ზოგჯერ ისეთი შინაგანი გამოცდა, რომლის შესახებაც სხვას ბევრი არაფერი ეცოდინება. 2018 წლიდან იტალიაში ვცხოვრობ, მაგრამ არასოდეს მიგრძნია, რომ სამშობლოსგან შორს ყოფნა ქართველობისგან ჩემს დაშორებას ნიშნავდა. პირიქით, რაც უფრო შორს აღმოვჩნდი ჩემი ფესვებიდან, მით უფრო ღრმად შევიგრძენი მისი ფასი. ქართული ენა, კულტურა და ეროვნული იდენტობა ჩემთვის მხოლოდ მემკვიდრეობა არ არის. ეს პასუხისმგებლობაა, რომელიც თან დამაქვს – პასუხისმგებლობა ჩემი წინაპრების, ჩემი ქვეყნისა და იმ მომავალი თაობის წინაშე, რომელმაც უნდა იცოდეს, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ. ამ გზას თავისი ფასი აქვს: უძილო ღამეები, დაღლა, პირადი დროის დათმობა და ზოგჯერ საკუთარ სურვილებზე უარის თქმაც, მაგრამ არსებობს საქმეები, რომლებსაც მხოლოდ მაშინ აკეთებ, როდესაც მათ შენი სულის ნაწილი ჰქვია. არ მინდა, ევროპაში მცხოვრებმა ქართველმა ბავშვმა ქართული მხოლოდ იმიტომ იცოდეს, რომ მისი მშობლები ქართველები არიან. მინდა, მან იგრძნოს ამ ენის სილამაზე, წაიკითხოს ქართული ლიტერატურა, გაიცნოს ჩვენი ისტორია და იამაყოს თავისი წარმომავლობით. ჩემთვის სამშობლოს სიყვარული მხოლოდ მონატრება არ არის. მონატრება განცდაა, ხოლო სიყვარული – მოქმედება. თუ შეგიძლია, შენი ცოდნით, შრომითა და შესაძლებლობებით სამშობლოს სახელი სხვებს გააცნო, ეს უკვე სიყვარულის საქმით გამოხატვაა. არ ვცდილობ, უცხო ქვეყანაში ქართველი ვიყო მხოლოდ სიტყვით, მე ვცდილობ, ჩემი ქართველობით ღირსეულად წარმოვაჩინო საქართველო.

– იტალიის ქალაქ მატერაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალ „ივერიაზე“ თქვენი ლექსი „დედა“ გამარჯვებულად დასახელდა და წმინდა ილია მართლის ჯვრით დაჯილდოვდით, როგორ დაიბადა ეს ლექსი და რას ნიშნავს თქვენთვის დედის სახე, რომელიც თქვენს შემოქმედებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს?

– ლექსი „დედა“ იმ განცდებიდან დაიბადა, რომელთა სრულად გადმოცემაც ადამიანს ხშირად ყველაზე მეტად უჭირს. არსებობს სიყვარული, რომელზეც ბევრი შეიძლება ითქვას, მაგრამ მაინც ვერაფერს იტყვი იმდენს, რამდენსაც ის იმსახურებს. დედის სიყვარული სწორედ ასეთია. ჩემი ფიქრი ხშირად მშობლიურ სახლს უბრუნდება – იმ ეზოს, სადაც ბავშვობა გავატარე, იმ ხეებს, რომლებიც ჩემი მოგონებების ნაწილად დარჩა და იმ ქალს, რომლის არსებობაც ჩემთვის ყოველთვის სინათლესთან ასოცირდებოდა. დედა ჩემთვის მხოლოდ მშობელი არ არის, ის ჩემი ფესვია, ჩემი შინაგანი სიმშვიდე და ის ადამიანია, რომლის თვალებშიც დღესაც ვეძებ საკუთარ თავს. როდესაც საქართველოში ვარ, ზოგჯერ დედა მეუბნება: „რა მშვიდად ვარ, შვილო, აქ რომ მყავხარ“. ამ სიტყვების მიღმა იმდენი მონატრება და უთქმელი ტკივილია, რომ ახსნა აღარ სჭირდება. მაშინ ვხვდები, რამდენად ძნელია დედისთვის შვილის შორს ყოფნა მაშინაც კი, როცა მის სევდას სიტყვებით არასოდეს გამოხატავს. ჩემი ლექსიც ამ განცდების გაგრძელებაა:

ვიცი, დავიკარგე ფიქრში…

დარდით ჩემი სახლის კართან,

იქვე ალვის ხე დგას დიდი…

გვერდით ტყემლის თეთრი ფატა…

დედა დგას ბაღჩაში, ვარდთან,

მთელი ბავშვობაა ჩემი,

იქვე ჩამომჯდარვარ კართან,

ფიქრით სულ დედასთან ვრჩები…

ჩემი უსასრულო ნატვრა…

მზის და მზის ღიმილის ხილვის,

ერთ დღეს გავიღვიძებ, ვიცი,

როგორც განთიადი დილის.

ჩემთვის ამ ლექსში სახლი მხოლოდ კედლები არ არის. ის ადგილია, სადაც შენი ბავშვობა ცხოვრობს, სადაც შენი ფესვებია და სადაც დედის არსებობა ყველაფერს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მოხარული ვარ, რომ ლექსმა მკითხველამდე მიაღწია, ფესტივალზე გამარჯვება მოიპოვა და წმინდა ილია მართლის ჯვრით დაჯილდოვდა. მადლიერი ვარ ბატონი ნუგზარ ჭიაბერაშვილისა და იმ ადამიანების, რომლებმაც ჩემს შემოქმედებას ყურადღება დაუთმეს, თუმცა დედაზე დაწერილი ლექსისთვის ყველაზე დიდი ჯილდო მაინც ის არის, როდესაც მკითხველი მასში საკუთარ დედას აღმოაჩენს.

– ერთ–ერთ ადამიანს „კოლხეთის მზე“ უწოდეთ. ვინ არის ეს ადამიანი და რა დაინახეთ მასში ისეთი, რამაც ეს გათქმევინათ?

– „კოლხეთის მზე“ ქალბატონ ბელა ქებურიას ვუწოდე. ის ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანია თავისი პიროვნული თვისებებით, ადამიანობით. პროფესიულ მიღწევებს რომ თავი დავანებოთ, ვუწოდებ ჩვენი კოლხეთის მარგალიტს, მზეს – რადგან სწორედ ასეთია მისი სულიერება და ნიჭიერება. ვფიქრობ, ის არა მარტო კოლხეთისაა, ეს მზე მთელი თავისი სხივებით ბათუმსაც უხდება.

– იტალიელებმა კარგი მეგობრობა იციან. . .

– დიახ, იციან და თან როგორი! საამისოდ წლები გაკვირდებიან, გცდიან საქმეში. არ არსებობს, აქ ნიჭს კარი მიუხურონ. უამრავი მეგობარი მყავს იტალიაში – თითქმის ყველა კუთხეში და შეუძლებელია, ვინმე გამოვყო, რადგან ისინი ამას აუცილებლად წაიკითხავენ და ეწყინებათ. უბრალოდ, ვეტყოდი მათ ძალიან დიდ მადლობას იმ საქმისთვის, რასაც ჩვენთან ერთად აკეთებენ ამ კულტურული ხიდების ასაშენებლად.

– ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ მოდენაში საკვირაო სკოლის გახსნას გეგმავთ, სადაც მსმენელები ქართულ ენასაც შეისწავლიან. ამას მარტო გასწვდებით?

​- ქართული ჩვენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ენაა. ბავშვებმა არ უნდა დაკარგონ ეს საგანძური და ეს მათთვის უბრალო მოთხრობასავით არ უნდა იყოს. დიახ, სკოლის გახსნას უდიდესი პასუხისმგებლობა ახლავს. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს ქალაქის მერიასთან. ამაზე დიდი საქმე რა უნდა გავაკეთო, ვერ წარმომიდგენია.

– აჭარის მთიანეთში დაფუძნებული საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის „ზე–კართან“ მონაწილე ხართ. წელს გამართული ფესტივალის მონაწილეებს სიურპრიზად შესთავაზეთ თქვენი დაფინანსებით გამოცემული ორენოვანი წიგნი „პოეტური დიალოგები“. როგორ შეძელით ამ დიდი საქმის განხორციელება?

– წელს ამ საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე არ ვყოფილვარ, მაგრამ როცა ბატონმა ვახტანგ ბერიძემ დააანონსა, რომ მეგობრების დახმარებით ფესტივალის გამართვას გეგმავდა, ძალიან გამიხარდა. ეს ფესტივალი საერთაშორისო ურთიერთობებს უწყობს ხელს და ასეთი საქმე ნამდვილად არ უნდა დაიკარგოს. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი უფრო ღრმა და მასშტაბური ყოფილიყო, დავურეკე და „პოეტური დიალოგები“ შევთავაზე. მადლიერი ვარ, რომ მან ეს შეთავაზება სიხარულით მიიღო. ეს წიგნი 28 ნოემბერს მიემგზავრება იტალიაში, კალაბრიის საერთაშორისო ფესტივალზე, დომენიკო პოლიტოს ხელმძღვანელობით. ასევე, დიდი სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ 22 დეკემბერს წიგნი მიწვეულია სიცილიის საერთაშორისო ფესტივალზე, რომლის დირექტორიც გახლავთ ბატონი რობერტო გუჩონე, ხოლო მისი ქართველი წარმომადგენელი იტალიაში – უნიჭიერესი ქალბატონი ფიქრია კუჭუხიძე. აქვე აღვნიშნავ, რომ წიგნი წარდგენილია ნომინაციაზე, მაგრამ ეს ინფორმაცია ჯერ გასაიდუმლოებულია. დაველოდოთ შედეგებს, მეც თქვენთან ერთად გავიგებ.

– ფესტივალის დღეებში იყავით საფუტკრეთში, კერძოდ, ცნობილ ქართველოლოგ ტარიელ ფუტკარაძის კერიაზე. რა მოგონებები შემოგრჩათ ამ დღეებიდან?

– საოცარია მთიანი აჭარა, საოცარია საფუტკრეთი, ბატონი ტარიელის კერია და წყარო, რომელსაც სიყვარულის წყაროს ეძახიან. დიდი ემოცია იყო ეს ჩემთვის. მიწაზე ვიდექი, სადაც მხოლოდ სიყვარული მესმოდა და ეს მინდოდა ცამდე მიმეტანა. მახსოვს ყოველი წამი. შეუძლებელია, ერთხელ მაინც დადგა ფეხი მთიან აჭარაში და ის დაგავიწყდეს თავისი ხალხითა და ბუნებით.

– რომელი ქართველი პოეტის ლექსების თარგმნას აპირებთ იტალიურ ენაზე?

– გავამხელ – ეს ეხება ჩემს დობილს, ნონო მოდრეკილაძეს. მის მთლიან წიგნზე დიდი ხანია ვმუშაობ და იმედი მაქვს, შევძლებ, ძალიან მალე გავიდე ბოლოში. აქვე გეტყვით, რომ უახლოეს მომავალში გამოვა ემიგრანტი პოეტის, უნიჭიერესი სალომე გოგოლაძის საბავშვო ზღაპრების წიგნი ორ ენაზე. მისი ქართველი რედაქტორია ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი – ბატონი გივი ჩიღვინაძე, ხოლო იტალიური თარგმანის ავტორი მე ვიქნები – სოფიკო ბუკია.

– ხშირად იმეორებთ ფრაზას: „ჩემი იდენტობისა და არსებობის მთავარი ღერძი ჩემი ქართველობაა.“ რას გულისხმობთ ამაში?

– დიახ, ასეა. ევროპა ნიშნავს იმას, რომ პატივი ვცეთ მათ კულტურას, მაგრამ არასოდეს დავივიწყოთ ჩვენი. ვაკეთოთ საქმეები აქ, მაგრამ წარვადგინოთ ჩვენი სამშობლო ღირსეულად. არ არის ადვილი, მაგრამ არც შეუძლებელია. გენიალური ერი ვართ და ეს არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს.

– შვილის შესახებაც გვინდა გვითხრათ რამდენიმე სიტყვა.

​- ჩემი გიორგი საოცარი ბიჭია, ახლახან გახდა 18 წლის, არც კი მჯერა! ის ნამდვილი ქართველია, უყვარს ტრადიციები. თავიდან ძნელად აიტანა იტალიური გარემო. მითხრა, რომ აქ ყველაფერია, გარდა საქართველოსი და იმ სითბო-სიყვარულისა, რაც დედასთან გვაქვს. ვისურვებდი, ყოველთვის ასეთი ღირსეული დარჩეს. ამჟამად სპორტითაა დაკავებული (კრივით) და მიჰყვება თავის გზას.

– ხობელი ბუკიები ქველმოქმედებით არიან გამორჩეულები. თქვენც მათ გზას აგრძელებთ. . .

– დიახ, საოცარი წინაპრები გვყავდა და გვყავს ხობელებს. გოდერძი ბუკიას გაკეთებულ ღვაწლსა და ამაგს სიტყვები სრულად ვერ გადმოსცემს. მადლობა მინდა ვუთხრა მთელი ჩვენი გვარის სახელით იმისთვის, რაც ჩვენს კუთხესა და ქალაქს გაუკეთა. მეც ვცდილობ, ტრადიციები გავაგრძელო. რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, ყოველთვის ჩემი ქვეყნისა და ქართველი ხალხის სამსახურში ვიქნები, რაშიც იტალიელებიც მეხმარებიან. მათ სურთ, უფრო ახლოს და მეტი გაიგონ ჩვენს ქვეყანაზე და კულტურული ხიდების მშენებლობაში მეხმარებიან. ეს თანამშრომლობა აუცილებლად გაგრძელდება და ახალ წარმატებებსაც მოიტანს.

ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *