შეხვედრა სტუდენტებთან
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები ლელა სურმანიძე და კობა ნაკაიძე „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო მომავალი ექიმების ინფორმირება ძუძუს კიბოს პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ. ღონისძიებას ასევე, ესწრებოდნენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ბათუმის საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს და ორგანიზაცია „ევროპა დონას“ წარმომადგენლები.
სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტებთან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების როლზე საზოგადოებაში ჯანმრთელობის შესახებ სანდო ინფორმაციის გავრცელებისა და ცნობიერების ამაღლების პროცესში. აღინიშნა, რომ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაავადების ადრეულ გამოვლენას, დროულ დიაგნოსტიკასა და სკრინინგის პროგრამებში მონაწილეობას.