ახალი პერსპექტივები რეპროდუქციულ მედიცინასა და ლაპაროსკოპიულ ქირურგიაში
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე „ერთად სიცოცხლის შექმნისკენ – ახალი პერსპექტივები რეპროდუქციულ მედიცინასა და ლაპაროსკოპიულ ქირურგიაში“ დაესწრო.
კონფერენციის მიზანი სამედიცინო პერსონალის პროფესიული კომპეტენციის ამაღლება, უნაყოფობის დროული დიაგნოსტიკის, მართვის თანამედროვე მიდგომების გაცნობა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა იყო.
მარი ზანაქიძე შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა და სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამის – „უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობის“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პროგრამა 2022 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს უნაყოფო წყვილებისთვის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების, მათ შორის, საშვილოსნოსშიდა ინსემინაციისა და ინ ვიტრო განაყოფიერების ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში დღემდე 740 ვაუჩერია გაცემული, დაიბადა 87 ბავშვი, ამჟამად კი 13 ორსულობა პროგრესირებს. პროგრამის ბიუჯეტი 2026 წელს 1,2 მილიონ ლარს შეადგენს.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით დიაგნოსტიკისა და მართვის თანამედროვე მიდგომები რეპროდუქტოლოგებმა, გინეკოლოგებმა, რადიოლოგებმა, კლინიკურმა ემბრიოლოგებმა და ენდოკრინოლოგებმა გააცნეს. კონფერენციას უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტებული ღონისძიების სტატუსი ჰქონდა, შესაბამისად, მონაწილე ექიმებს უწყვეტი პროფესიული განვითარების (უპგ) ქულები მიენიჭებათ.