ბარაქიანი რთველი
წინა საუკუნის მიწურულს ქედაში მრავალმა მევენახემ ვაზის მოვლა-პატრონობაზე ხელი აიღო. ბოლო წლებში სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგის აღორძინება ისევ დაიწყო. აქაური ფერმერები მეტწილად ცოლიკოურისა და ჩხავერის ჯიშის ვაზს აშენებენ. წელს მუნიციპალიტეტში ცოლიკოურის ყურძნის 700 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. მრავალ მევენახეს ბარაქიანი მოსავალი აქვს.
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, ქედის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა ფარტენაძესთან და სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, სოფელ ორცვაში, ამირან ქობულაძის ვენახში რთველში მონაწილეობდა. ამირანს 2000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული აქვს ცოლიკოურის ჯიშის ვაზი. წელს 2 ტონაზე მეტი ყურძენი დაკრიფა.
– აჭარაში ვენახების საერთო ფართობი 180 ჰექტარს შეადგენს, მათ შორის, ქედის მუნიციპალიტეტში – 96 ჰექტარს, აქედან ცოლიკოური 70 ჰექტარზეა გაშენებილი, – გვითხრა ირმა აფხაზავამ.
ცოტნე ცაბაძე