ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან: მიმდინარე სეზონის შედეგები, გამოწვევები და სამომავლო სტრატეგია
By

ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან: მიმდინარე სეზონის შედეგები, გამოწვევები და სამომავლო სტრატეგია

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა, ცხადია, მხოლოდ ერთჯერადი კამპანია არ არის, ეს არის ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისა და აგრარული სექტორის სტაბილურობის უზრუნველყოფის სტრატეგიული ამოცანა. მცენარეთა დაცვის მიმართულებით კიდევ ერთი ინტენსიური სეზონი იწურება, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მოცულობის მონიტორინგი და პრევენციული ღონისძიებები ჩატარდა. რა შედეგები მოიტანა თანამედროვე ტექნოლოგიების, ბიოლოგიური კონტროლისა და ფერომონული სისტემების გამოყენებამ, როგორ აისახება კლიმატური ცვლილებები მავნებლის ქცევაზე და რა სტრატეგიით ხვდება საქართველო მომავალ სეზონს, ამ და სხვა საკვანძო საკითხებზე გვესაუბრება სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხი.

– დასასრულს უახლოვდება კიდევ ერთი აქტიური სეზონი მცენარეთა დაცვის მიმართულებით. როგორ შეაფასებდით მიმდინარე წლის შედეგებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით და რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა გატარებული ღონისძიებები?
– აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა კომპლექსურ მიდგომას ეფუძნება. სააგენტო ამ მიმართულებით აქტივობებს 2017 წლიდან ახორციელებს და მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ოთხ ძირითად მიმართულებას ფარავს: მონიტორინგს, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მავნებელთან ბრძოლასა და სამეცნიერო კვლევებს. მიმდინარე წელს მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდა, ქვეყნის მასშტაბით 400 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი დამუშავდა, ხოლო მავნებლის გავრცელების არეალისა და ბრძოლის ზუსტი ვადების დასადგენად 8 ათასამდე მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა. გარემოსადმი მეგობრული ტექნოლოგიებიდან აღსანიშნავია მეთოდი – „მოიზიდე და გაანადგურე“, რომელიც წერტილოვან დამუშავებას გულისხმობს. ფერომონები თავსდება არაყვავილოვან მცენარეებზე და მიზნობრივად დამუშავდება. ამ მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 200 ათასამდე ფერომონი განთავსდა. რაც შეეხება პროგრამის ეფექტიანობის შეფასებას: მისი მთავარი მიზანია სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვა, რადგან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში წარმოებული პირველადი პროდუქცია მავნებლისგან დიდი საფრთხის ქვეშაა. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, მასპინძელ მცენარეებზე მიყენებული ზიანი მინიმუმამდეა დაყვანილი. შესაბამისად, პროგრამის მიზნები სრულად მიღწეულია.
– ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს მავნებლის გავრცელების არეალის კონტროლი ქვეყნის მასშტაბით. როგორია დღესდღეობით აზიური ფაროსანას გავრცელების რეალური სურათი, რა დინამიკა ფიქსირდება კონკრეტულად აჭარაში?
– აზიური ფაროსანა გამორჩეული ბიოლოგიის მქონე მავნებელია, რომელიც გადაადგილდება როგორც ფრენით, ისე სატრანსპორტო საშუალებებითა და სხვა გზებით. დღეს ის თითქმის მთელ ევროპაში, ჩვენს მეზობელ ყველა ქვეყანასა და საქართველოს მასშტაბითაა გავრცელებული, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში. აჭარის სუბტროპიკული კლიმატი მავნებლისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია. ეს სახეობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გაჩნდა, იქაური კლიმატური პირობები აჭარისას ძალიან ჰგავს. შესაბამისად, რეგიონში შემოსულ მავნებელს ზრდა-განვითარებისთვის იდეალური გარემო დახვდა. ფაროსანა აჭარაში უკვე წლებია ფიქსირდება, თუმცა დასავლეთ საქართველოში შექმნილი მართვის ცენტრისა და ადგილობრივი უწყებების კოორდინაციით ეფექტიანი ღონისძიებები ტარდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობა აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან, აგრეთვე ადგილობრივ თვითმმართველობებთან. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკით, შესაბამისი პრეპარატებითა და ადამიანური რესურსით ხორციელდება, პროცესის ეფექტიანად მართვისთვის უწყებათაშორისი თანამშრომლობის ეს მოდელი საუკეთესო მაგალითია.

– რა სახის და მოცულობის ზიანი მიადგა წელს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს ჩვენს რეგიონში?
– სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გატარებული ღონისძიებები და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება მავნებლის მიერ გამოწვეული ზიანის მაქსიმალურად შემცირების საშუალებას გვაძლევს, თუმცა, ვინაიდან აზიური ფაროსანა ლანდშაფტური მავნებელია, ის ტყეებსა და იმ ტერიტორიებზეც გვხვდება, სადაც დამუშავება არ მიმდინარეობს. ეს ფიზიკურადაც შეუძლებელია და მოქმედი კანონმდებლობითაც აკრძალულია, რადგან ტყის მასივების შეწამვლა მიზანშეწონილი არ არის. შესაბამისად, მავნებელი ტყეში ჩვეულებრივად ვითარდება და მრავლდება. როდესაც ასეთი ინვაზიური მავნე მწერი ახალ ტერიტორიაზე იჭრება, მისი სრულად ამოძირკვა ან გაქრობა, პრაქტიკულად, შეუძლებელია, ამას ვერცერთი ქვეყანა ვერ ახერხებს. მან ევროპის განვითარებულ ქვეყნებსა და აშშ-შიც მოიკიდა ფეხი. ამდენად, მთავარია, ვისწავლოთ პროცესის მართვა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვა. წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, დღეს პროცესებს ეფექტურად ვმართავთ, თუმცა დაზიანების სრულად თავიდან აცილება მაინც შეუძლებელია. შედარებისთვის: გავრცელების პირველ ეტაპზე, 2016 წელს, ექსპერტთა შეფასებით, მხოლოდ თხილის სექტორმა 65 მილიონ დოლარამდე ზარალი განიცადა; ასევე, მნიშვნელოვნად დაზიანდა სიმინდი და სხვა კულტურები, დღეს კი, გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, მსგავსი მოცულობის ზიანი აღარ აღინიშნება.
– მავნებლის პოპულაციის დასადგენად სააგენტო ყოველწლიურად ათასობით მონიტორინგის სისტემას იყენებს. რა კონკრეტული შედეგები აჩვენა წლევანდელმა დაკვირვებამ და როგორ იყენებთ მიღებულ მონაცემებს?
– მონიტორინგის სისტემები, პირველ რიგში, მავნებლის გავრცელების არეალისა და მისი განვითარების ფაზების განსაზღვრის საშუალებას გვაძლევს. ეს ინფორმაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა ბრძოლის ღონისძიებები ზუსტ ვადებში დაიგეგმოს და ჩატარდეს. ქვეყნის მასშტაბით რვა ათასამდე მონიტორინგის სისტემაა განთავსებული. ინსპექტორები ადგილზე ამოწმებენ მათ, მონაცემებს ელექტრონულ რუკაზე ასახავენ და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე პრიორიტეტულ ტერიტორიებს არჩევენ, სადაც სამუშაოები უნდა ჩატარდეს. ამასთან, სპეციალისტები მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ ამ წერტილების მონიტორინგს, აღრიცხვასა და შესაბამის რეაგირებას. გარდა ამისა, სპეციალისტები მასპინძელი მცენარეების ვიზუალურ დათვალიერებასაც აწარმოებენ, რაც მავნებლის წინააღმდეგ მყისიერი და ოპერატიული რეაგირების საშუალებას იძლევა. აღნიშნული ღონისძიებების ეფექტიანად განსახორციელებლად სურსათის ეროვნულ სააგენტოს 250 ერთეულამდე თანამედროვე სპეციალური ტექნიკა ჰყავს მობილიზებული.
– წლების განმავლობაში იცვლებოდა და იხვეწებოდა მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების ტექნოლოგიები. რამდენად გაამართლა წელს გამოყენებულმა ქიმიურმა თუ ბიოლოგიურმა მეთოდებმა?
– სააგენტო თანამედროვე მიდგომებსა და მეთოდებს იყენებს, თითოეული აქტივობა მეცნიერულ კვლევებსა და შედეგებს ეფუძნება. ქვეყანაში ზუსტად იმ ტექნოლოგიებს იყენებენ, რომლებსაც – აშშ-ისა და ევროპის წამყვანი ქვეყნების ფერმერები თუ მეცნიერები. ამ ტექნოლოგიების დანერგვას საკუთარი გამოცდილების ელემენტებიც შევუთავსეთ და შედეგად, ქართული პროგრამა მავნებელთან ბრძოლის ერთ-ერთ წამყვან და ეფექტურ მოდელად ითვლება. გამოცდილებას სხვებსაც ვუზიარებთ: ვმონაწილეობთ არაერთ საერთაშორისო თუ რეგიონულ კონფერენციაში, მუდმივი კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმები გვაქვს მეზობელ ქვეყნებთან. რაც შეეხება ბიოლოგიურ მიმართულებას, ამ კუთხითაც უკვე ხელშესახები შედეგები გვაქვს. სააგენტომ სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად აქტიური სამუშაოები განახორციელა: 2022 წელს საქართველოში აღებული ნიმუშები იტალიაში, ტურინის უნივერსიტეტში გაიგზავნა, სადაც დადასტურდა მავნებლის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური პარაზიტოიდის ე.წ. იაპონური ქინქლის არსებობა ქვეყანაში. სამინისტროს მხარდაჭერით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანასეულის ლაბორატორია შესაბამისად აღიჭურვა და დღეს უკვე აქ ხდება ამ სასარგებლო პარაზიტოიდის გამრავლება და ბუნებაში გაშვება – როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენს ბუნებაში უკვე გვხვდება ბიოლოგიური კონტროლის ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება, რომელსაც მავნებელთან ბრძოლაში მრავალი ქვეყანა წარმატებით იყენებს.
– მცენარეთა დაცვის სფეროში მსოფლიოში მუდმივად ინერგება ახალი ტექნოლოგიები და ბიოლოგიური კონტროლის მექანიზმები. იზიარებს თუ არა სურსათის ეროვნული სააგენტო საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილებას და იგეგმება თუ არა ახალი ინოვაციური მეთოდების დანერგვა?
– რა თქმა უნდა, სააგენტო ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული. საქართველო მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციისა და ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) წევრია. ამ ორგანიზაციაში საკონტაქტო პირი თავად გახლავართ. სააგენტო საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამეცნიერო წრეებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. როგორც უკვე ვთქვი, ვმონაწილეობთ საერთაშორისო კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში, სადაც ვეცნობით კვლევებს, ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას და უცხოელ კოლეგებს საქართველოში განხორციელებულ ღონისძიებებსა და მიღებულ შედეგებს ვაცნობთ. ეს პარტნიორობა გვეხმარება, მავნებლებთან ბრძოლის ახალი მეთოდები შევითვისოთ და მათი ჩვენს რეალობაში გამოყენების შესაძლებლობები შევაფასოთ, რაც ქვეყანაში მცენარეთა დაცვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვას უზრუნველყოფს.

– რამდენად ახდენს გავლენას მიმდინარე კლიმატური ცვლილებები აზიური ფაროსანას ქცევასა და სეზონურ აქტივობაზე?
– კლიმატური პირობები უშუალოდ მოქმედებს მწერების ქცევაზე, განვითარებასა და გავრცელებაზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენს რეგიონში არსებული გარემო პირობები აზიური ფაროსანასთვის ხელსაყრელია, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი განვითარების თავისებურებების გათვალისწინება. მავნებლის აქტიურობა ტემპერატურაზეა დამოკიდებული: გრილ პერიოდში შედარებით ნაკლებია, დათბობასთან ერთად კი სულ უფრო შესამჩნევია. გამოსაზამთრებელი ადგილებიდან გამოსვლის შემდეგ იწყებს კვებასა და გამრავლებას. ტემპერატურული პირობები გავლენას ახდენს კვერცხების დადებასა და განვითარების მომდევნო სტადიებზეც. შესაბამისად, ბრძოლის ღონისძიებების დაგეგმვისას აუცილებელია, როგორც ამინდის პირობების, ისე მავნებლის განვითარების ფაზების გათვალისწინება.
– მავნებელთან ბრძოლაში სახელმწიფო ღონისძიებებთან ერთად გადამწყვეტია თითოეული ფერმერისა და ადგილობრივი მცხოვრების ჩართულობა. რამდენად მაღალია დღეს მოსახლეობის ინფორმირებულობა და რამდენად ითვალისწინებენ ისინი სააგენტოს რეკომენდაციებს?
– სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მოსახლეობისა და ფერმერების ცნობიერების ამაღლება მცენარეთა დაცვის საკითხებზე. თანამედროვე ტექნიკის, პრეპარატებისა და მონიტორინგის სისტემების გამოყენებასთან ერთად, აუცილებელია, ფერმერებს ჰქონდეთ ინფორმაცია, როდის და როგორ უნდა განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები. კლიმატის ცვლილების ფონზე სხვადასხვა მავნე ორგანიზმის გააქტიურება კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის მცენარეთა ინტეგრირებულად დაცვას. სააგენტო შესაბამის უწყებებთან ერთად მუშაობს ფერმერების ინფორმირებაზე. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მედიასაც, რომელიც მოსახლეობას მავნებლების, დაავადებებისა და მათგან დაცვის შესახებ სასარგებლო ინფორმაციას აწვდის. მეცნიერება ვითარდება, ჩნდება ახალი მიდგომები და საშუალებები. ამიტომ ფერმერებს, სპეციალისტებსა და სამეცნიერო წრეებს შორის კომუნიკაცია მუდმივი უნდა იყოს, რათა კვლევით მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენებოდეს.
– აცივებისთანავე აზიური ფაროსანა თავშესაფარს და საცხოვრებელ შენობებს ეძებს გამოზამთრებისთვის. რა კონკრეტული მექანიკური ღონისძიებები უნდა გაატარონ მოქალაქეებმა სწორედ ამ ეტაპზე, რათა გაზაფხულზე პოპულაცია მაქსიმალურად შემცირდეს?
– თავშესაფრად ხშირად საცხოვრებელ სახლებსა და სხვა შენობა-აგებობებს ირჩევს. სწორედ ამ პერიოდშია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოსახლეობის ჩართულობა. მოქალაქეებმა შენობებში თავმოყრილი ფაროსანა მექანიკური მეთოდით უნდა შეაგროვონ და გაანადგურონ. მავნებლის უბრალოდ გარეთ გადაყრა საკმარისი არ არის, მას კვლავ შეუძლია თავშესაფრის პოვნა. საცხოვრებელ სივრცეში პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში დასაშვებია, ინსტრუქციის დაცვით, მხოლოდ ამ დანიშნულებისთვის ნებადართული საშუალებები.  გამოსაზამთრებლად თავმოყრილი ფაროსანას განადგურება მომავალი სეზონისთვის მისი რაოდენობის შემცირებას უწყობს ხელს.
– აზიური ფაროსანას გარდა, პერიოდულად ჩნდება ამა თუ იმ კულტურის სხვა მავნებელი თუ დაავადება. კიდევ რომელ გამოწვევებზე ამახვილებს სააგენტო ყურადღებას მცენარეთა დაცვის კუთხით?
– ჩვენი საქმიანობა მხოლოდ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლით არ შემოიფარგლება. სპეციალისტები აკვირდებიან სხვა მავნე ორგანიზმებსაც, აფასებენ მათი გავრცელების რისკს და საჭიროების შემთხვევაში ტარდება ლაბორატორიული კვლევები. მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყანაში უკვე გავრცელებული მავნე ორგანიზმების მონიტორინგი, ისე ახალი ორგანიზმების შესაძლო შემოჭრის დროულად განსაზღვრა. არსებული ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, სპეციალისტები გასცემენ რეკომენდაციებს პრევენციული და ბრძოლის ღონისძიებების შესახებ. შესაბამის ზომებს სააგენტო სამინისტროსთან და ადგილობრივ სამსახურებთან კოორდინაციით ახორციელებს.
– მავნებელთან ბრძოლა უწყვეტი პროცესია და ახალი სეზონისთვის მზადება შემოდგომა-ზამთრის პერიოდიდანვე იწყება. რა მთავარი გამოწვევები გამოიკვეთა და რა ნაბიჯები იგეგმება მომავალი წლისთვის?
– მომავალი წლის ღონისძიებების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ როგორც წინა წლების გამოცდილებას, ისე მიმდინარე წლის შედეგებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ ტერიტორიებს, სადაც მავნებლის მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე, განისაზღვრება პრიორიტეტული ადგილები და იგეგმება შესაბამისი ტექნიკისა და რესურსების მობილიზება. ამ პროცესში ტარდება სამუშაო შეხვედრები როგორც უწყების შიგნით, ისე რეგიონულ დონეზე. მიზანია, მომავალი სეზონის ღონისძიებები დროულად და კოორდინირებულად დაიგეგმოს.

– მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა უკვე რამდენიმე წელს ითვლის და დიდ ბიუჯეტს, რესურსს მოითხოვს. როგორია სააგენტოს გრძელვადიანი სტრატეგია და რა ტიპის სახელმწიფო მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეთ აგრარულ სექტორში დასაქმებულებს მომავალში?

– პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის მონიტორინგს, მოსახლეობის ინფორმირებასა და შესაბამისი პრეპარატებისა და მეთოდების გამოყენებით მავნებლების კონტროლს. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა და ღონისძიებების გაგრძელება. მასშტაბური სამუშაოების განხორციელებას სჭირდება ტექნიკა, პრეპარატები და ადამიანური რესურსი, რისი უზრუნველყოფაც ცალკეული ფერმერის შესაძლებლობებს ხშირად აღემატება. სახელმწიფო ღონისძიებებთან ერთად აუცილებელია თავად ფერმერების მონაწილეობაც. მავნებლების ეფექტიანი მართვისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვისთვის მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის გაგრძელება.

დადუ გაბაიძე

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *