„საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისთვის აუცილებლია რამდენიმე ფუნდამენტური პრინციპის თანმიმდევრული დაცვა“
By

„საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისთვის აუცილებლია რამდენიმე ფუნდამენტური პრინციპის თანმიმდევრული დაცვა“

საერთაშორისო პოლიტიკაში მოუგვარებელ პრობლემათა შორის უმთავრესი რუსეთ-უკრაინის ომია, რომელიც მეხუთე წელია მიმდინარეობს. რუსეთი, უკრაინა, ევროპა, აშშ, ირანი… როგორ გამოიყურება ამ კონტექსტში საქართველო? დაპირისპირებულთა ინტერესები კვეთს ერთმანეთს და საერთაშორისო სამართლის ნორმებიც ირღვევა. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საჯარო მმართველობის დოქტორი გიგა ფარტენაძე.

– საერთაშორისო პოლიტიკაში რა კონკრეტული მოვლენები იკვეთება?
– თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული ტენდენციაა, რომლებიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს როგორც გლობალური უსაფრთხოების გარემოს, ისე ცალკეული სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკურ შესაძლებლობებს. პირველ რიგში, აღსანიშნავია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი, რომელმაც ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ფუნდამენტური პრობლემები გამოავლინა. ამ ომმა კიდევ ერთხელ დააყენა საერთაშორისო დღის წესრიგში სახელმწიფო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ძალის გამოყენების აკრძალვის პრინციპების დაცვის საკითხი. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ცვლილება. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს უშუალო მოლაპარაკებებს, ეკონომიკური ინტერესების დაცვასა და მოკავშირეების მხრიდან უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მეტი პასუხისმგებლობის აღების მოთხოვნას. ეს მიდგომა გარკვეულ საკითხებზე განსხვავდება აშშ-ის ტრადიციული მრავალმხრივი დიპლომატიის პრაქტიკისგან. მესამე ფაქტორია ახლო აღმოსავლეთში არსებული სამხედრო-პოლიტიკური დაძაბულობა, განსაკუთრებით აშშ-სა და ირანს შორის. ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული კრიზისი გვიჩვენებს, რომ რეგიონული სამხედრო დაპირისპირება შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს გლობალურ ენერგეტიკულ და ეკონომიკურ გამოწვევაში. ამავდროულად, ძლიერდება აშშ-სა და ჩინეთს შორის სტრატეგიული კონკურენცია, რომელიც მოიცავს ტექნოლოგიებს, ვაჭრობას, სამხედრო უსაფრთხოებასა და საერთაშორისო ინსტიტუტებზე გავლენას. ჩემი შეფასებით, საერთაშორისო სისტემა არის გარდამავალ ეტაპზეა, როდესაც ძველი უსაფრთხოების მექანიზმები სერიოზულ გამოცდას გადის, ხოლო ძალთა ახალი ბალანსი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. მცირე და საშუალო სახელმწიფოებისთვის ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროგნოზირებადი საერთაშორისო წესრიგი, მტკიცე ინსტიტუტები და პარტნიორული ურთიერთობების დივერსიფიკაცია.

– ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის მშვიდობა არ სურს და მოუწოდა ახალი არჩევნების ჩატარებისკენ. რას ფიქრობთ?
– უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ მშვიდობის სურვილი და კონკრეტული სამშვიდობო შეთანხმების პირობებზე თანხმობა. ის გარემოება, რომ სახელმწიფო არ ეთანხმება შეთავაზებულ პირობებს, თავისთავად არ ნიშნავს, რომ მას მშვიდობა არ სურს. უკრაინის ხელისუფლების პოზიცია უნდა განვიხილოთ იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა 2022 წლიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის პირობებში იმყოფება. შესაბამისად, კიევისთვის მშვიდობის საკითხი მხოლოდ საომარი მოქმედებების შეწყვეტას არ გულისხმობს. ის უკავშირდება ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოების გარანტიებსა და მომავალში აგრესიის განმეორების პრევენციას. რაც შეეხება არჩევნებს, დემოკრატიული ლეგიტიმაციის საკითხი, ცხადია, მნიშვნელოვანია, თუმცა უკრაინაში მოქმედი საომარი მდგომარეობის პირობებში ეროვნული არჩევნების ჩატარებას სამართლებრივი შეზღუდვები და სერიოზული პრაქტიკული სირთულეები ახლავს. მილიონობით მოქალაქე იძულებით გადაადგილებულია, საზღვარგარეთ იმყოფება, ხოლო ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია. ამ პირობებში, საყოველთაო, თანასწორი და უსაფრთხო საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა განსაკუთრებული გამოწვევაა. ამასთან, უკრაინის კონსტიტუციური წესრიგი ითვალისწინებს პრეზიდენტის უფლებამოსილების გაგრძელებას ახალი პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დაკავებამდე. შესაბამისად, არჩევნების გადადება ავტომატურად არ ნიშნავს პრეზიდენტის უფლებამოსილების დაკარგვას. ჩემი აზრით, არჩევნების საკითხი უნდა განიხილებოდეს უკრაინის კონსტიტუციის, საარჩევნო კანონმდებლობისა და საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად და არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკური ზეწოლის კონტექსტში.

– ხომ არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ აშშ–ის პრეზიდენტს სურს, უკრაინა კაპიტულაციაზე დაითანხმოს?
– ტერმინი „კაპიტულაცია“ საკმაოდ მძიმე პოლიტიკური და სამართლებრივი მნიშვნელობისაა, ამიტომ მისი გამოყენებისას სიფრთხილე გვმართებს. ჩემი აზრით, უფრო ზუსტი იქნება საუბარი იმაზე, რამდენად შეიძლება სამშვიდობო შეთანხმება შეიცავდეს უკრაინისთვის არახელსაყრელ ან ასიმეტრიულ პირობებს. თუ შეთანხმება გულისხმობს უკრაინის მიერ საკუთარი სუვერენული უფლებების მნიშვნელოვან შეზღუდვას, უსაფრთხოების ეფექტიანი გარანტიების გარეშე ტერიტორიულ დათმობებს ან ისეთი ვალდებულებების აღებას, რომლებიც მომავალში ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობებს შეასუსტებს, ბუნებრივია, გაჩნდება კითხვები ასეთი მშვიდობის სამართლიანობასა და მდგრადობასთან დაკავშირებით, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციის შეფასებისას გასათვალისწინებელია მისი დეკლარირებული მიზანიც – საომარი მოქმედებების სწრაფად დასრულება და ადამიანური თუ ეკონომიკური დანაკარგების შემცირება. სწორედ აქ ჩნდება მთავარი განსხვავება: ომის სწრაფი დასრულება და მდგრადი მშვიდობის მიღწევა ყოველთვის ერთი და იგივე არ არის. საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ შეთანხმებამ, რომელიც ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოების რეალურ გარანტიებს და კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების მოგვარებას, შესაძლოა მხოლოდ დროებით შეაჩეროს საომარი მოქმედებები. შესაბამისად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ იმას, როდის დასრულდება ომი, არამედ იმასაც, რა პირობებით დასრულდება და რამდენად იქნება ეს პირობები მისაღები თავად უკრაინის საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის.
– შეუძლია უკრაინას ამერიკის გარეშე ბრძოლის გაგრძელება?
– უკრაინას ამერიკის შეერთებული შტატების პირდაპირი სამხედრო დახმარების შემცირების ან შეწყვეტის შემთხვევაშიც შეუძლია წინააღმდეგობის გაგრძელება, თუმცა მნიშვნელოვნად გაიზრდება სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული გამოწვევები. უკრაინის თავდაცვისუნარიანობა რამდენიმე ძირითად ფაქტორს ეფუძნება: საკუთარი შეიარაღებული ძალების საბრძოლო გამოცდილებას, სამხედრო მრეწველობის განვითარებას, ევროპელი პარტნიორების დახმარებასა და საზოგადოების წინააღმდეგობის უნარს. ბოლო წლებში ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს უკრაინის მხარდაჭერა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპის როლი ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში, სამხედრო ტექნიკის მიწოდებასა და უკრაინის თავდაცვითი წარმოების განვითარებაში, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამერიკის მხარდაჭერა მხოლოდ ფინანსურ დახმარებას არ გულისხმობს. აშშ მნიშვნელოვან როლს ასრულებს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაში, საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და მაღალი სიზუსტის შეიარაღებით უზრუნველყოფასა და სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში. ამ შესაძლებლობების სრულფასოვანი ჩანაცვლება ევროპისთვის მოკლე დროში რთული იქნება. შესაბამისად, ჩემი შეფასებით, უკრაინისთვის მთავარი საკითხი მხოლოდ ის არ არის, შეძლებს თუ ვერა ომის გაგრძელებას ამერიკის გარეშე. უფრო მნიშვნელოვანია, რა სამხედრო და ადამიანური დანაკარგების ფასად შეძლებს ამას და რამდენად შეინარჩუნებს მოლაპარაკებებში საკუთარ პოზიციებს. ამერიკული დახმარების შემცირება ავტომატურად არ ნიშნავს უკრაინის სამხედრო დამარცხებას, ისევე, როგორც ევროპული მხარდაჭერის გაგრძელება თავისთავად არ უზრუნველყოფს უკრაინის გამარჯვებას. საბოლოო შედეგზე გავლენას მოახდენს მრავალი ფაქტორი, მათ შორის სამხედრო წარმოების შესაძლებლობები, ცოცხალი ძალის რესურსი, საერთაშორისო მხარდაჭერის მდგრადობა და რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალი. ამიტომ უკრაინის უსაფრთხოების საკითხი ევროპის უსაფრთხოებისგან განცალკევებით ვერ განიხილება. ევროპული სახელმწიფოებისთვის უკრაინის მხარდაჭერა მხოლოდ სოლიდარობის გამოხატულება კი არა, საკუთარი უსაფრთხოების გრძელვადიანი ინტერესების ნაწილიც არის.
– უახლოეს მომავალში ნავარაუდევია რუსეთის, აშშ–ისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა. რამდენად რეალურია, პოსტსაბჭოთა სივრცე რუსეთის გავლენის ქვეშ აღმოჩნდეს?
– რუსეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ლიდერების შესაძლო შეხვედრა მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოვლენა იქნება, თუმცა მისი შეფასებისას აუცილებელია, ერთმანეთისგან განვასხვავოთ დიდი სახელმწიფოების მოლაპარაკებები და მათ მიერ მესამე ქვეყნების მომავალზე გადაწყვეტილებების მიღების სამართლებრივი შესაძლებლობა. უახლოეს მომავალში, გავრცელებული ინფორმაციით, განიხილება სამი ლიდერის შეხვედრის შესაძლებლობა ჩინეთში, APEC-ის სამიტის ფარგლებში. 25 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, რომ შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს, რომ შეხვედრის საბოლოო ფორმატი, დღის წესრიგი და შესაძლო შედეგები შეთანხმებულია. ისტორიულად, დიდი სახელმწიფოები არაერთხელ ცდილობდნენ გავლენის სფეროების ჩამოყალიბებას, თუმცა თანამედროვე საერთაშორისო სამართალი ეფუძნება სახელმწიფოების სუვერენულ თანასწორობასა და საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლებას. ამიტომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების რუსეთის გავლენის სფეროდ აღიარება ვერ იქნება სამართლებრივად გამართლებული მხოლოდ სამი სახელმწიფოს პოლიტიკური შეთანხმებით. ამასთან, პოსტსაბჭოთა სივრცე არ წარმოადგენს ერთგვაროვან გეოპოლიტიკურ ერთეულს. ბალტიისპირეთის სახელმწიფოები ევროკავშირისა და NATO-ს წევრები არიან, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს განსხვავებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები აქვთ, ხოლო ცენტრალურ აზიაში რუსეთის, ჩინეთის, თურქეთისა და დასავლეთის ინტერესები ერთმანეთს კვეთს. ჩინეთის ინტერესებიც ყოველთვის არ ემთხვევა რუსეთის ინტერესებს. პეკინისთვის მნიშვნელოვანია სავაჭრო მარშრუტები, ენერგეტიკული უსაფრთხოება და ეკონომიკური თანამშრომლობა, რაც ყოველთვის არ გულისხმობს რუსეთის პოლიტიკური გავლენის გაძლიერების მხარდაჭერას. საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატი ითვალისწინებდეს ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკური არჩევანის უფლებას.
– ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთს უკრაინაში აგრესია შერჩა, მსოფლიოში საერთაშორისო სამართალი მოიშლება და სხვადასხვა ქვეყანა ახალი აგრესიის მსხვერპლი გახდება...
– ამ მოსაზრებაში მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პოლიტიკური არგუმენტია, თუმცა, ვფიქრობ, უფრო ზუსტი იქნება, ვისაუბროთ არა საერთაშორისო სამართლის სრულ მოშლაზე, არამედ მისი ეფექტიანობისა და ავტორიტეტის შესაძლო შესუსტებაზე. გაეროს წესდების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ძალის გამოყენების აკრძალვა. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია სწორედ ამ პრინციპის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს. თუ სამხედრო ძალის გამოყენებით ტერიტორიული ცვლილებების მიღწევა საერთაშორისო სისტემაში მისაღებ პრაქტიკად დამკვიდრდება, ეს შექმნის სახიფათო პრეცედენტს, თუმცა საერთაშორისო სამართალი მხოლოდ კონკრეტული კონფლიქტის შედეგით არ განისაზღვრება. ის მოიცავს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, სასამართლო ინსტიტუტებს, სახელმწიფოთა პასუხისმგებლობის მექანიზმებსა და მრავალმხრივი თანამშრომლობის სისტემას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევა ავტომატურად არ ნიშნავს დარღვეული ნორმის გაუქმებას. პირიქით, საერთაშორისო საზოგადოების რეაქციამ შეიძლება კიდევ ერთხელ დაადასტუროს შესაბამისი პრინციპების სავალდებულო ხასიათი. საქართველოსთვის ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია. ჩვენს ქვეყანას საკუთარი ისტორიული გამოცდილება აქვს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის სახით. ამიტომ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგები ჩვენთვის მხოლოდ საერთაშორისო პოლიტიკური ინტერესის საგანი არ არის. ეს უშუალოდ უკავშირდება იმ პრინციპების მომავალს, რომლებზეც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საერთაშორისო სამართლებრივი დაცვაა დაფუძნებული.

– დაბოლოს, რა გავლენა ექნება რუსეთ–უკრაინის ომის შედეგს ევროპის და საქართველოს მომავალზე?
– რუსეთ-უკრაინის ომის შედეგს, ჩემი შეფასებით, გრძელვადიანი გავლენა ექნება როგორც ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ისე საქართველოს საგარეო პოლიტიკურ და უსაფრთხოების გარემოზე. ევროპისთვის ეს ომი წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოცდას, რამდენად შეუძლია კონტინენტს უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება, შეინარჩუნოს პოლიტიკური ერთიანობა და დაიცვას საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული წესრიგი. თუ ომი დასრულდება ისეთი შეთანხმებით, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის სუვერენიტეტს, უსაფრთხოების ეფექტიან გარანტიებსა და მომავალი აგრესიის შეკავებას, ეს ხელს შეუწყობს ევროპაში უფრო სტაბილური უსაფრთხოების გარემოს ჩამოყალიბებას. საპირისპიროდ, თუ სამხედრო ძალის გამოყენებით მიღწეული ტერიტორიული ცვლილებები საერთაშორისო პოლიტიკაში, ფაქტობრივად, მისაღებ პრაქტიკად დამკვიდრდება, ეს შექმნის დამატებით გამოწვევებს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ სხვა სახელმწიფოებისთვისაც, რომლებსაც ტერიტორიული კონფლიქტები ან უსაფრთხოების მსგავსი პრობლემები აქვთ. საქართველოსთვის ეს საკითხი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარემო უშუალოდ უკავშირდება შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობას, რუსეთის საგარეო პოლიტიკურ ქცევას, დასავლეთის უსაფრთხოების პოლიტიკასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვას. საქართველო თავად დგას რუსეთის სამხედრო ოკუპაციის შედეგების წინაშე. შესაბამისად, უკრაინის ომის დასრულების პირობებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს იმ საერთაშორისო პოლიტიკურ გარემოზე, რომელშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი განიხილება, თუმცა, ვფიქრობ, არასწორი იქნება საქართველოს მომავლის მხოლოდ უკრაინის ომის შედეგზე დამოკიდებულად წარმოდგენა. საქართველოს განვითარების პერსპექტივები მნიშვნელოვნად განისაზღვრება ქვეყნის შიდა ინსტიტუციური მდგრადობით, დემოკრატიული მმართველობის ხარისხით, ეკონომიკური შესაძლებლობებით, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკითა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ურთიერთობა. ევროპული ინტეგრაცია საქართველოსთვის მხოლოდ საგარეო პოლიტიკური ორიენტირი არ არის. ის დაკავშირებულია სამართლებრივი სახელმწიფოს განმტკიცებასთან, საჯარო მმართველობის მოდერნიზაციასთან, ეკონომიკურ განვითარებასა და ინსტიტუციური სტანდარტების გაუმჯობესებასთან. ამავდროულად, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, შავი ზღვის რეგიონში მისი როლი და ევროპა-აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო მარშრუტებში მონაწილეობა დამატებით სტრატეგიულ შესაძლებლობებს ქმნის. ამ შესაძლებლობების გამოყენება მოითხოვს პროგნოზირებად საგარეო პოლიტიკას, საერთაშორისო პარტნიორების ნდობასა და ქვეყნის შიგნით ძლიერი ინსტიტუტების არსებობას. ჩემი შეფასებით, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისთვის აუცილებელია რამდენიმე ფუნდამენტური პრინციპის თანმიმდევრული დაცვა: სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობიანი განვითარება, საერთაშორისო სამართლის პატივისცემა და პროგნოზირებადი საგარეო პოლიტიკის წარმოება.
საბოლოოდ, უკრაინის ომის შედეგი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს იმ საერთაშორისო გარემოზე, რომელშიც საქართველოს მოუწევს განვითარება, თუმცა საქართველოს მომავალი მხოლოდ გარე პოლიტიკური პროცესებით არ განისაზღვრება. იგი დიდწილად დამოკიდებულია ჩვენს შესაძლებლობაზე, გავაძლიეროთ სახელმწიფო ინსტიტუტები, შევინარჩუნოთ საერთაშორისო პარტნიორების ნდობა და თანმიმდევრულად დავიცვათ ქვეყნის გრძელვადიანი ეროვნული ინტერესები.
ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • ნოემბერი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *