შეხვედრა-საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“ ხელმძღვანელობასთან
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან, საქართველოს პარლამენტის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“ ხელმძღვანელობას შეხვდა.
მთავრობის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ რეგიონში, ქართული ფეხბურთის ტრადიციების შესაბამისად, ხელისუფლების მხრიდან ხელშემწყობ ღონისძიებებსა და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბათუმში თანამედროვე ბავშვთა საფეხბურთო აკადემია და ახალი სავარჯიშო კომპლექსი მოეწყობა, ახალი სპორტული ბაზების შექმნა კი ბავშვებსა და ახალგაზრდებს ფეხბურთით დაინტერესებისა და პროფესიული განვითარების მეტ შესაძლებლობას მისცემს.
შეხვედრაზე კლუბის სამომავლო ხედვა და დაგეგმილი პროექტები განიხილეს, რომლის ფარგლებშიც, საფეხბურთო ბაზაზე ბავშვთა საფეხბურთო აკადემია აშენდება. იგი, სულ მცირე, 600 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. კომპლექსი გააერთიანებს სასწავლო და საცხოვრებელ კორპუსებს, სამედიცინო და სარეაბილიტაციო სივრცეებს, ორ დიდ და სამ მცირე ხელოვნურსაფარიან მოედანს, ასევე სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის საჭირო სხვა ობიექტებს. ფეხბურთელთა ფიზიკური მომზადებისთვის სპეციალიზებული დარბაზი და ექვსი ხელოვნურსაფარიანი მინი-მოედანი მოეწყობა ლეონიძის ქუჩაზეც.
ახალი სპორტული ობიექტები ბავშვთა და პროფესიული ფეხბურთის განვითარებასთან ერთად, აჭარაში სპორტული ტურიზმის შესაძლებლობების გაფართოებასაც შეუწყობს ხელს.
შეხვედრის შემდეგ, მთავრობის თავმჯდომარე საფეხბურთო კლუბის წარმომადგენლებსაც შეხვდა და ბათუმის სტადიონზე ტყიბულის „მეშახტესთან“ გამართულ მატჩს დაესწრო, რომელიც ბათუმის „დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა.