ოქტომბრში სამინისტროს ბიუჯეტი დამატებით 10 მილიონი ლარით გაიზარდა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ „მედცენტრში“ კარდიოლოგიურ სერვისებს გაეცნო, მოინახულა 84 წლის ეთერ ცინცაძე, რომელსაც სამინისტროს დაფინანსებით აორტის სარქვლის ტრანსკათეტერული ძვირადღირებული იმპლანტაცია (TAVI) ჩაუტარდა და შეხვედრა გამართა კლინიკის ექიმებთან.
შეხვედრას სოციალური პროგრამების ექსპერტი, აკადემიური დოქტორი სოფიო ბაკურიძე ესწრებოდა, რომელმაც მედიცინის სფეროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წელს საპილოტე რეჟიმში დანერგილი ახალი სერვისის მნიშვნელობაზე, რომელიც მაღალი რისკის მქონე გულის მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებისთვის აორტის სარქვლის ტრანსკათეტერული იმპლანტაციის (TAVI) დაფინანსებას ითვალისწინებს. საუბარი შეეხო სერვისის დანერგვის მიზნებს, მის ხელმისაწვდომობასა და უკვე მიღწეულ შედეგებს.
TAVI წარმოადგენს აორტის სარქვლის ჩანაცვლების თანამედროვე, მინიმალურად ინვაზიურ მეთოდს, რომლის დროსაც ახალი სარქვლის იმპლანტაცია კათეტერის საშუალებით, ღია ქირურგიული ჩარევის გარეშე ხორციელდება. მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი რისკის მქონე იმ პაციენტებისთვის, რომელთათვისაც ტრადიციული ღია ოპერაცია უკიდურესად სარისკო ან შეუძლებელია.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პაციენტების შერჩევა საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაციისა და საქართველოს ინტერვენციული კარდიოლოგიის ასოციაციის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნების საფუძველზე ხდება. სერვისის ამოქმედებიდან დღემდე დაფინანსებით უკვე 26-მა პაციენტმა ისარგებლა. თითოეული შემთხვევის დაფინანსება 40 000 ლარს შეადგენს.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მაღალი რისკის მატარებელი, გულის მძიმე დაავადების მქონე საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე უწყვეტად, არანაკლებ ორი წლის განმავლობაში არიან რეგისტრირებული. დაფინანსება სოციალური სტატუსის მიუხედავად გაიცემა.
ნინო ნიჟარაძის განმარტებით, ოქტომბრის თვეში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, სამინისტროს ბიუჯეტი დამატებით 10 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს უწყვეტად მიიღონ დაფინანსება ყველა საჭირო სამედიცინო სერვისზე.