სასურსათო კალათა მცირედით გაძვირდა, არასასურსათო პროდუქტებზე კი ფასებმა დაიკლო
პორტალმა www.ekalata.gov.ge ოქტომბრის თვის სასურსათო და არასასურსათო პროდუქტების ფასების დინამიკა გამოაქვეყნა. ოფიციალური მონაცემებით, გასული თვის განმავლობაში 13 საბაზისო სასურსათო და 10 პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათების ღირებულება განსხვავებული ტენდენციით ხასიათდებოდა.
სასურსათო კალათა მცირედით გაიზარდა ოქტომბერში, თუმცა 15%-იანი კლება დაფიქსირდა ივლისიდან. ოქტომბრის განმავლობაში 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის მინიმალური ღირებულება 1-ელ ოქტომბერს დაფიქსირდა და 35.82 ლარი შეადგინა. მაქსიმალურ ნიშნულს კალათამ 15 – 20 და 23 – 27 ოქტომბრის პერიოდში მიაღწია (36.51 ლარი), ხოლო თვის ბოლოს, 31 ოქტომბერს, 36.46 ლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდის ბოლოს, თვის საწყის მაჩვენებელთან შედარებით, სასურსათო კალათის ღირებულება დაახლოებით 1.8%-ით გაიზარდა.
მიუხედავად თვიური მცირედი მერყეობისა, გრძელვადიანი დინამიკა პოზიტიურია: პორტალის ამოქმედებიდან (ივლისიდან) ოქტომბრის ბოლომდე, საბაზისო სასურსათო კალათის ღირებულება დაახლოებით 15%-ით შემცირდა. კერძოდ, თუ ივლისის დასაწყისში კალათის შეძენა 42.96 ლარად იყო შესაძლებელი, 31 ოქტომბერს მისი ფასი 36.46 ლარამდე შემცირდა.
არასასურსათო კალათის შემთხვევაში 7%-იანი კლებააა ოქტომბერში და 31%-იანი ვარდნა აგვისტოდან. პირველადი მოხმარების 10 არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება გასულ თვეში მკვეთრად შემცირდა. ყველაზე მაღალი ფასი 14 ოქტომბერს დაფიქსირდა (30.69 ლარი), ხოლო მინიმალური – 29 – 31 ოქტომბრის პერიოდში (26.31 ლარი).
საანგარიშო პერიოდის ბოლოს, თვის საწყის მაჩვენებელთან შედარებით, არასასურსათო კალათის ღირებულება დაახლოებით 7%-ით შემცირდა.
რაც შეეხება ზოგად დინამიკას აღრიცხვის დაწყებიდან, ვინაიდან არასასურსათო კალათის ფასების მონიტორინგი 3 აგვისტოდან დაიწყო (საწყისი ღირებულება 38.16 ლარი იყო), 31 ოქტომბრისთვის (26.31 ლარი) ამ კალათის ღირებულებამ დაახლოებით 31%-იანი კლება აჩვენა.
ცნობისთვის: ინტერნეტპორტალი www.ekalata.gov.ge მომხმარებლებს ყოველდღიურად აძლევს შესაძლებლობას, ერთ სივრცეში შეადარონ ფასები წამყვან სავაჭრო ქსელებში, შექმნან ინდივიდუალური კალათა და ოჯახური ბიუჯეტის დასაგეგმად ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.